ილარიონ ახალი (IX საუკუნე)
ილარიონ ახალი (გ. 845) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 6 ივნისი, ახალი სტილით - 19 ივნისი.
ცხოვრება
რედაქტირებაღირსი ილარიონ ახალი ღვთისმოყვარე დიდებულების ოჯახში დაიბადა. მშობლები - პეტრე და თეოდოსია სათნოებაში წვრთნიდნენ შვილს და ღრმად განსწავლეს იგი წმინდა წერილში. თორმეტი წლის იყო წმინდა ილარიონი, როდესაც ბერად აღიკვეცა ისიხის მონასტერში ბიზანტიონის მახლობლად, იქიდან კი დალმატის მონასტერში გადავიდა, სადაც დიდი სქემა შეიმოსა და ღირსი გრიგოლ დეკაპოლელის (ხს. 3 დეკემბერს) მოწაფე გახდა. წმინდა მამა დიდ პატივს მიაგებდა თავის ღმერთშემოსილ თანამოსახელეს - ღირს ილარიონ დიდს (ხს. 3 ნოემბერს) და ცდილობდა მას მიმსგავსებოდა, ამიტომ უწოდეს ილარიონ ახალი. დალმატის მონასტერში წმინდანი მღვდლად აკურთხეს. იღუმენის გარდაცვალების შემდეგ, ძმებს სურდათ, მის ნაცვლად ღირსი ილარიონი აერჩიათ. მაგრამ, როდესაც ამის შესახებ ნეტარმა მამამ შეიტყო, ფარულად დატოვა იქაურობა და ბიზანტიონს მიაშურა.
მაშინ დალმატის მონასტრის ბერებმა წმინდა პატრიარქ ნიკიფორეს მიმართეს თხოვნით, ილარიონი მათ წინამძღვრად დაედგინა და მონასტერში დაებრუნებინა. პატრიარქის ბრძანება ღირსმა მამამ ღვთის ნებად ჩათვალა, მონასტერში დაბრუნდა და რვა წლის განმავლობაში მშვიდად განაგებდა სავანეს, მაგრამ 813 წელს ხატმბრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) გამეფებამ და მართლმადიდებელთა დევნის განახლებამ დაარღვია ძმების ცხოვრების ჩვეული რიტმი. ღირსმა ილარიონმა ხატების შეურაცხყოფაზე უარი განაცხადა და გაბედულად ამხილა იმპერატორი მწვალებლობაში, რისთვისაც მრავალი ტანჯვის დათმენა მოუხდა: იგი რამდენიმეჯერ ჩააგდეს საპყრობილეში. ცრუპატრიარქი თეოდოტი, რომელმაც განდევნილი ნიკიფორეს ტახტი დაიკავა, ცდილობდა წამებით გადაედრიკა წმინდა აღმსარებელი, მაგრამ ამაოდ. დალმატის მონასტრის ბერებს ისე ძალიან უყვარდათ მათი წინამძღვარი, ისე უნდოდათ მისი ნახვა, რომ ეახლნენ იმპერატორს და უთხრეს, რომ წმინდა ილარიონის გათავისუფლების შემთხვევაში ისინი იმპერატორის ნებას დაემორჩილებოდნენ. მაგრამ მონასტერში მოძღვართან ერთად დაბრუნებულები კვლავ ხატთა თაყვანისცემის წესის ერთგულებად დარჩნენ. განრისხებულმა ლეონ სომეხმა ისევ დაატუსაღა ღირსი ილარიონი.
უსჯულო იმპერატორი ვერ ასცდა ღვთის სასჯელს: იგი თავისმა მეომრებმა ტაძრის სწორედ იმ ადგილას აჩეხეს, საიდანაც პირველად წმინდა ხატი გადმოაგდო. ახალმა იმპერატორმა მიხეილ II-მ (820-829) გაათავისუფლა ღირსი ილარიონი და იგი განმარტოებულ კელიაში დაეყუდა. როდესაც ხატმებრძოლთაგან ნაწამები თეოდორე სტუდიელი (ხს. 24 ნოემბერს) მიიცვალა, ღირსმა მამამ იხილა, თუ როგორ აჰყავდათ ზეცად ანგელოზებს მისი სული. ხატმბრძოლი იმპერატორის თეოფილეს (829-842) დროს ღირსი ილარიონი კვლავ შეიპყრეს, სასტიკად სცემეს და კუნძულ ათუსიაზე გადაასახლეს.
თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმიდა იმპერატორმა თეოდორამ (842-855) აღმსარებლები დააბრუნა გადასახლებიდან. წმინდა ილარიონიც დაუბრუნდა დალმატის მონასტერს, კვლავ მისი იღუმენი გახდა და მშვიდობით მიიცვალა 845 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.