იზაბელა კლარა ავსტრიელი
იზაბელა კლარა ავსტრიელი (გერმ. Isabella Clara von Österreich, იტალ. Isabella Clara d'Austria; დ. 12 აგვისტო, 1629, ინსბრუკი, ავსტრია — გ. 24 თებერვალი, 1685, მანტუა, იტალია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ტიროლის გრაფ ლეოპოლდ V ავსტრიელისა და კლაუდია დე’ მედიჩის ქალიშვილი. მანტუისა და მონფერატოს ჰერცოგინია 1649-1665 წლებში როგორც კარლო III-ის მეუღლე. ჰერცოგ კარლო IV-ის დედა.
იზაბელა კლარა ავსტრიელი | |
---|---|
მანტუისა და მონფერატის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 7 ნოემბერი, 1649 |
მმართ. დასასრული: | 14 აგვისტო, 1665 |
წინამორბედი: | იზაბელა გონძაგა |
მემკვიდრე: | ანა იზაბელა გონძაგა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 12 აგვისტო, 1629 |
დაბ. ადგილი: | ინსბრუკი, ავსტრია |
გარდ. თარიღი: | 24 თებერვალი, 1685, (55 წლის) |
გარდ. ადგილი: | მანტუა, იტალია |
მეუღლე: | კარლო III, მანტუის ჰერცოგი |
შვილები: | კარლო IV, მანტუის ჰერცოგი |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | ლეოპოლდ V, ტიროლის გრაფი |
დედა: | კლაუდია დე’ მედიჩი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიზაბელა კლარა დაიბადა 1629 წლის 12 აგვისტოს ინსბრუკში. იგი იყო ავსტრიის ერცჰერცოგისა და ტიროლის გრაფ ლეოპოლდ V-ისა და მისი მეუღლის, ერცჰერცოგინია კლაუდია დე’ მედიჩის ქალიშვილი. მისი ღვიძლი და, მარია ლეოპოლდინა იმპერატორ ფერდინანდ III-ზე ქორწინებით გახდა საღვთო რომის იმპერატრიცა, ავსტრიის ერცჰერცოგინია, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი. გარდა ამისა, დედის პირველი ქორწინებიდან მას ერთი ნახევარ-და ჰყავდა, რომელიც იყო ტოსკანის დიდი ჰერცოგინია ვიტორია დელა როვერე.
1649 წლის 7 აგვისტოს, ინსბრუკში შედგა იზაბელა კლარასა და მანტუის ჰერცოგ კარლო III გონძაგას მარიონეტული ქორწინება. ამის შემდეგ იგი იტალიაში გააგზავნეს, სადაც სამ თვეში, ამავე წლის 7 ნოემბერს შედგა მისი და კარლოს ნამდვილი ქორწინება, რითაც იგი მანტუისა და მონფერატის ჰერცოგინია გახდა. მოგვიანებით ჰაბსბურგ-გონძაგების კავშირის გასამყარებლად, რომელიც ისევ და ისევ საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის წინააღმდეგ იყო მიმართული, იზაბელა კლარას დაქვრივებულმა სიძემ, იმპერატორმა ფერდინანდ III-მ ცოლად შეირთო კარლო III-ის და, პრინცესა ელეონორა გონძაგა.
1652 წლის 31 აგვისტოს რევერეში იზაბელა კლარამ თავისი ერთადერთი შვილი, პრინცი ფერდინანდო კარლო გონძაგა გააჩინა. ვაჟის გაჩენამ ვერ უშველა ჰერცოგისა და ჰერცოგინიის უბედურ ქორწინებას, რადგან კარლოს არ მოსწონდა იზაბელა, რის გამოც ქორწინების დღიდანვე ჰქონდა რომანი გრაფინია მარგერიტა დელა როვერესთან. ქმრის რომანით დაღლილმა იზაბელა კლარამ საბოლოოდ დახმარება რომის პაპ ალექსანდრე VII-ს სთხოვა. მან პაპს მისწერა, რომ კარლოს საყვარელი რომში გადაეყვანა და მონაზვნად აღეკვეცა. მართალია იმპერატორის გავლენით შეშინებულმა პაპმა მისი თხოვნა შეასრულა, თუმცა ამან ვერ შეაჩერა კარლო, რომელმაც მალევე გაიჩინა ახალი საყვარელი. როგორც შემდგომში გაირკვა, კარლო ბისექსუალი იყო, რაც იმაში გამოიხატა, რომ მას მრავალი საყვარელი ჰყავდა, როგორც ქალი, ისე მამაკაცი.
ამგვარ პირობებში სულ მალე თავად იზაბელა კლარამაც გაიჩინა საყვარელი გრაფი კარლო ბულგარინის სახით, რომელიც, როგორც აღმოჩნდა ებრაული წარმომავლობისა იყო, რითაც ჰერცოგმა მალევე ისარგებლა და თავისი ცოლის საყვარელი საჰერცოგოდან გააძევა. თავად კარლო III 1665 წლის 14 აგვისტოს, სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მათმა მცირეწლოვანმა ვაჟმა, კარლო IV-მ დაიკავა, რომელსაც რეგენტად იზაბელა კლარა დაენიშნა.
იზაბელა კლარას ხანმოკლე რეგენტობის პერიოდში მანტუაში ერთობ გაიზარდა ავსტრიული გავლენა. 1669 წელს კარლო IV სრულწლოვანი გახდა და დედას რეგენტობა ჩამოართვა. მიუხედავად ამისა, იზაბელა კლარა კვლავ განაგრძობდა მანტუის მართვაში მონაწილეობას. 1670 წელს იგი გუასტალას ჰერცოგ ფერანტე III გონძაგას მოელაპარაკა, რის შემდეგაც კარლო IV ფერანტეს ქალიშვილ ანა იზაბელა გონძაგაზე დააქორწინეს.
1671 წლის ივლისში, ქორწილის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, იზაბელა კლარამ განაცხადა, რომ დაიღალა სამეფო კარის ცხოვრებით და გოიტოს სასახლეში გადავიდა. როგორც შემდგომში გამჟღავნდა, აქ იგი თავის ყოფილ საყვარელ ბულგარინთან ერთად ცხოვრობდა, რომელთანაც განაახლა ურთიერთობა და მეტიც, მასზე საიდუმლოდაც დაიწერა ჯვარი. 1671 წლის 16 დეკემბერს კარლო IV-მ საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ისა და რომის პაპის გავლენით დედას მრუშობაში დასდო ბრალი, დააშორა ბულგარინს და იგი ურსულინის ციხესიმაგრეში გამოკეტა. თავად გრაფი ბულგარინი დომინიკელთა მონასტერში გამოამწყვდიეს. მას შემდეგ, რაც თავისი საყვარლის გარდაცვალების ამბავი გაიგო, იზაბელა კლარა მონაზვნად აღიკვეცა და დარჩენილი ცხოვრება პატიმრობაში გაატარა.იგი გარდაიცვალა 1685 წლის 24 თებერვალს ურსულინის ციხესიმაგრეში, მანტუაში, 55 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Constantin von Wurzbach: Elisabeth auch Isabella Clara von Oesterreich. Nr. 77. In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. 6. Theil. Kaiserlich-königliche Hof- und Staatsdruckerei, Wien 1860, S. 178 (Digitalisat).
- Johann Samuel Ersch: Allgemeine Encyclopädie der Wissenschaften und Künste, Band 74, S. 171, J. f. Gleditsch, 1862
- Bernardino Biondelli: Die Letzten der Familie Gonzaga als Herzoege von Mantua, Verlag von Neuse, 1863, S. 156 ff.
- Cesati, Franco (1999). Medici. Firenze: La Mandragora. p. 75. ISBN 88-85957-36-6.
- "Christina of Denmark (1521–1590)". Women in World History: A Biographical Encyclopedia. Gale Research. 2002. Retrieved 28 August 2018.