ივანე კვაჭაძე
ივანე დიმიტრის ძე კვაჭაძე (დ. 15 ივლისი, 1898, ორაგვე, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, — გ. 1963) — ქართული თეოლოგი, ფილოლოგი. პროფესორი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (1962).
დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1918 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ სწავლა შეწყვიტა და სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონში ჩაირიცხა. მონაწილეობდა იმ დროის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში. შავიზღვისპირეთის ფრონტზე ბოლშევიკებს ტყვედ ჩაუვარდათ და დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა კვაჭაძემ გაქცევა მოახერხა და კვლავ სამხედრო სამსახურს დაუბრუნდა. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლების დახმარებით განზრახული ჰქონდა სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება.
1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად ლანჩხუთის საშუალო სკოლაში. 1924 წლიდან ბათუმში ხელმძღვანელობდა მთავარი პოლიტგანის სასკოლო განყოფილებას. 1925 წელს სწავლის გასაგრძელებლად, სტამბოლის გავლით, არალეგალურად გაემგზავრა საფრანგეთში. სწავლობდა ჯერ სორბონის უნივერსიტეტში, შემდეგ პარიზის კათოლიკურ უნივერსიტეტში. იქვე, 1933 წელს, მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფილოსოფიურ თეოლოგიაში. 1935 წელს საქართველოში დაბრუნდა და ფრანგული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ერთხანს იდევნებოდა. 1950-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე იყო თსუ-ის ფრანგული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. სხვადასხვა წლებში აგრეთვე მუშაობდა ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის ინსტიტუტში და ა. ს. პუშკინის სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში. დაამუშავა ფრანგული ენის სწავლების მეთოდიკის საფუძვლები. ავტორია არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოსი. ქართულად თარგმნა ჟან-ჟაკ რუსოს „ემილი ანუ აღზრდის შესახებ“, იან კომენსკის „დიდი დიდაქტიკა“ (დ. ლორთქიფანიძესთან ერთად), კონსტანტინე უშინსკის რჩეული პედაგოგიური თხზულებები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი თეოლოგიის პროფესორის პარიზული ისტორია : საქართველოში დაბრუნებული ივანე კვაჭაძე 13-წლიან ჩეკისტურ წნეხს შემთხვევით გადაურჩა / დალი კახიანი // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2015. - ISSN 2233-3843. - ივლისი. - N7(55). - გვ.79-85.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ივანე კვაჭაძე — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)