იენაშის იონა წინასწარმეტყველის ეკლესია
იენაშის იონა წინასწარმეტყველის ეკლესია — შუა საუკუნეების ეკლესია სვანეთში. მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იენაშში.
ეკლესია ნაგებია თლილი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ეკლესიის ინტერიერი XIV საუკუნეშია მოხატული. ფრესკებიდან აღსანიშნავია იონა წინასწარმეტყველის ცხოვრების ამსახველი ეპიზოდი, მისი ხსნა ვეშაპისაგან, რომელიც სვანეთის არც ერთ ეკლესიაში არ გვხვდება.
ეკლესიაში დაცულია XI საუკუნის მაცხოვრის დიდი ზომის ხატი, ოქროთი დაფერილი ვერცხლის მოჭედილი და დიდი ოსტატობით შესრულებული, ხატი პირვანდელი სახით არ არის მოღწეული. მოთავსებული წარწერა გვამცნობს, რომ ტაძარში, ხანძრის გაჩენის შედეგად ეკლესია დაურღვევიათ, ხატი და ეკლესიის საგანძური კი მოუპარავთ.
ეკლესიიდან 1978 წელს გაიტაცეს წმინდა გიორგის ხატი, საწინამძღვრო ჯვრები, იტალიური ჯვარი და XIV საუკუნის წმინდა თევდორეს ხატი, რომელიც ლონდონში და ჟენევაში ყოფნის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა იენაშის ეკლესიას. აღსანიშნავია ასევე იენაშის ეკლესიის XII საუკუნის წყვილი მეომრის და წმ. იონა წინასწარმეტყველის ხატი. ორივე წარწერიანია.
ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- ყენია რ., ალადაშვილი ნ., ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), თბ., 2000
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2016-07-01.