იაროსლავ სეიფერტი
იაროსლავ სეიფერტი (დ. 23 სექტემბერი, 1901 – გ. 10 იანვარი, 1986) – ჩეხოსლოვაკი მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი. 1984 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.[3]
იაროსლავ სეიფერტი | |
---|---|
ჩეხ. Jaroslav Seifert | |
იაროსლავ სეიფერტი 1981 წელს | |
დაბადების თარიღი | 23 სექტემბერი, 1901 |
დაბადების ადგილი | ჟიჟკოვი, ავსტრია-უნგრეთი |
გარდაცვალების თარიღი | 10 იანვარი, 1986 |
გარდაცვალების ადგილი | პრაღა, ჩეხოსლოვაკია |
დასაფლავებულია | Q107046636?[1] |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი |
ეროვნება | ჩეხი |
მოქალაქეობა | ჩეხოსლოვაკია[2] |
ჟანრი | ლირიკა |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში |
მეუღლე | Marie Seifertová |
შვილ(ებ)ი | Jaroslav Seifert და Jana Seifertová |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა მუშათა კლასის ოჯახში, ჟიჟკოვში, პრაღის გარეუბანში, რომელიც იმჟამად ავსტრია-უნგრეთის ნაწილი იყო. მისი პირველი პოეტური კრებული „ცრემლიანი ქალაქი“ 1921 წელს გამოქვეყნდა. სეიფერტი ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის წევრი იყო და არაერთი კომუნისტურ ჟურნალის რედაქტორი გახლდათ.
1920-იან წლებში სეიფერტი ჩეხური ავანგარდის წამყვან ფიგურად მიიჩნეოდა. იგი ჟურნალ Devětsil-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი გახლდათ, რომელიც ჩეხ ავანგარდისტ ხელოვანთა ასოციაციას წარმოადგენდა.
სეიფარტმა განსაკუთრებული ცნობადობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოიპოვა, რადგან ანტინაცისტურ პოეზიას წერდა.[4]
1949 წელს სეიფერტმა შეწყვიტა ჟურნალისტური მოღვაწეობა და თავი მთლიანად ლიტერატურას მიუძღვნა.[5] მისმა პოეტურმა ნამუშევრებმა 1936, 1955 და 1966 წლებში მნიშვნელოვანი ეროვნული ლიტერატურული ჯილდოები დაიმსახურა.[6]
1956 წელს სეიფერტის წიგნები ქვეყანაში ხანმოკლე ვადით აიკრძალა მისი საჯარო გამოსვლის გამო, რომელიც ხელოვნების თავისუფლებას შეეხებოდა.[4] 1968 წელს სეიფერტი ჩეხოსლოვაკიის მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს, რა თანამდებობაც მას მომდევნო 4 წლის მანძილზე ჰქონდა დაკავებული.[6]
1984 წელს სეიფერტს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი პოეზიისთვის, რომელიც გრძნობათა სიმძაფრით ადამიანური ბუნების დაუცხრომლობასა და მრავალფეროვნებას ასახავს.“[3] მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაჯილდოებაზე მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ნობელის კომიტეტმა ჯილდო მის ქალიშვილს გადასცა.[6] მთავრობისგან კონტროლირებული ჩეხოსლოვაკიის მედია სეიფერტის ლაურეატობის გაშუქებაში, რაც ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი გახლდათ, მხოლოდ უმნიშვნელო აღნიშვნით შემოიფარგლა. სეიფერტი პირველი ჩეხია, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
სეიფერტი 1986 წელს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.[5]
პოეზია
რედაქტირებაიაროსლავ სეიფერტის პოეზია ჩეხური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მწვერვალად ითვლება. მისი პოეზიის ძირითადი თემა ჩეხოსლოვაკიის ისტორია და კულტურაა.[4] სეიფერტის ადრეული პერიოდის ლექსები მებრძოლი პროლეტარის სულისკვეთებას ასახავს და საბჭოთა კავშირში კომუნიზმის მომავალზე ახალგაზრდა პოეტის წარმოდგენებს აღწერს. [7] სეიფერტის მომდევნო პერიოდის ლექსები თანამედროვე კულტურით პოეტის აღფრთოვანებას გამოხატავს და სამშობლოსა და ეროვნულ კულტურასთან მის ემოციურ კავშირს ასახავს.
1960-იან წლებში სეიფერტის პოეტურმა სტილმა საფუძვლიანი ცვლილება განიცადა. მის ლექსებში ნოსტალგიის მელანქოლიური განცდა შემოვიდა. პოეტი ყურადღებას ამახვილებდა ისეთ თემებზე, როგორიცაა დროის განსაზღვრული ლიმიტი ცხოვრებაში, ყოფიერების წარმავლობა და სიკვდილი. იგი წერდა ბავშვობის წლებზე, პირველ სიყვარულზე, გარდაცვლილ მეგობრებზე და თავისი ცხოვრების სხვა ტრაგიკულ მოვლენებზე.[8]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Evidence zájmových osob StB
- ↑ 3.0 3.1 The Nobel Prize in Literature 1984. ციტირების თარიღი: 2020-06-08
- ↑ 4.0 4.1 4.2 Jaroslav Seifert - enotes. ციტირების თარიღი: 2020-06-08
- ↑ 5.0 5.1 Jaroslav Seifert Biographical. ციტირების თარიღი: 2020-06-08
- ↑ 6.0 6.1 6.2 Jaroslav Seifert. ციტირების თარიღი: 2020-06-08
- ↑ Jaroslav Seifert (1901-1986). ციტირების თარიღი: 2020-06-08
- ↑ Jaroslav Seifert - Poetry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-26. ციტირების თარიღი: 2020-06-08