იაპონური ცვილისებრი ცრუფარიანა (ლათ. Ceroplastes japonicus) — მწუწნავი მწერი კოქციდების ქვერიგისა. ციტრუსოვან კულტურათა მავნებელია. აზიანებს აგრეთვე დაფნას, ხურმას, ბროწეულს და სხვა. დაზიანებული მცენარე კნინდება და ხმება. დედლია სხეული 4-6 მმ აღწევს, დაფარულია თეთრი ცვილის ფირფიტებით. კვერცხდების პერიოდში მწერის სხეული ამობურცულია. მამალი ფრთიანია. იაპონური ცვილისებრი ცრუფარიანას სამშობლოდ იაპონია ითვლება. გვხვდება დასავლეთ საქართველოში. წლის განმავლობაში ვითარდება ერთი თაობა. ახალგაზრდა განაყოფიერებული დედალი გამოიზამთრებს და გაზაფხულზე, მაისის ბოლოს, დება 300-2300 კვერცხს. მატლის გამოჩეკა იწყება ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში. განვითარება სრულდება ორ თვეში. სექტემბრის შუა რიცხვებში დედლები განყოფიერდებიან. საქართველოში ამ მწერის წინააღმდეგ ბრძოლა ტარდება ქიმიური პრეპარატებით.