თრანის სამეთუნეო საწარმო
თრანის სამეთუნეო საწარმო — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თრანში, მდინარე თრანულის მარჯვენა ნაპირზე, ოდიაანთ ნასახლარზე. განეკუთვნება XII-XIII საუკუნეს. აღმოაჩინეს 1966 წელს, ხოლო არქეოლოგიური გათხრა ჩატარდა 1969 წელს, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მიერ. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა რ. რამიშვილი. თხრილში გამოვლინდა სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიმართული რიყის ქვით ნაგები კედელი. ხოლო ამ კედლის პარალელურად - რიყის ქვითვე ნაგები მეორე კედლის ნაშთი. თხრილის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გამოვლინდა რიყის პატარა ქვებით გამოყვანილი ოვალური ორმო, რომელშიც შემორჩენილი იყო თიხის მარაგი. მისგან აღმოსავლეთით აღმოჩნდა ერთი დანგრეული ქურა. იქვე ახლოს (ჩრდილო-დასავლეთით) გაითხარა მეორე ქურის რიყის ქვით ნაგები, გეგმით სწორკუთხა საცეცხლურის ქვედა ნაწილი. მის წინ გამოვლინდა სამფეხა სადგარები და თიხის ჭურჭლის ნატეხები. ნაცეცხცლურის დასავლეთით დადასტურდა წვრილი ნაშთის მიხედვით, მეორე ქურა ორსართულიანი უნდა ყოფილიყო.
თრანის ორივე ქურის ნანგრევებში აღმოჩენილია თიხის 17 სამფეხა სადგური, რომელიც სამეთუნეო წარმოების ერთ-ერთი უტყუარი საბუთია.
თრანის კერამიკა (ჭინჭილები, ხელადები, სურები) ტექნოლოგიურად ერთფეროვანია, ყველა მათგანი თხელკედლიანია, გამომწვარია მოწითალოდ, თიხამინარევიანია, გამოყვანილია მორგვზე. შემკულობის ხერხიც ერთნაირია, ყელსა და მუცელს შემოვლებული აქვს წიბო და ჭდეები, ზედაპირი შემკულია სიგრძივი, წვრილი, მოყავისფფრო, პრიალა ზოლებით. კერამიკული ნაწარმი მიეკუთვნება თანადროულ ნასოფლარს, რომელიც მის სამხრეთით მდებარეობს. ნივთები ინახება არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- რამიშვილი რ. ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 387.