თოლოსი (ბერძ. θόλος) — ცრუ გუმბათით გადახურული წრიული გეგმის მქონე შენობა, ხუროთმოძღვრულ ნაგებობათა ერთ-ერთი უძველესი და ფართოდ გავრცელებული ტიპი. წინა აზიაში თოლოსები შენდებოდა უკვე ენეოლითის ხანაში (არპაჩია, ჰალაფი და სხვ., ძვ. წ. VI–IV ათასწლეულები). საქართველოში ალიზით ნაგები უძველესი ცრუგუმბათიანი შენობები აღმოჩენილია ადრინდელ მიწათმოქმედთა ნამოსახლარებზე (შულავერი, არუხლო, იმირის გორა და სხვ., ძვ. წ. VI–IV ათასწლეულები). თოლოსის სახელით უფრო ხშირად მოიხსენიება კრეტა-მიკენურ სამყაროში გავრცელებული ცრუგუმბათიანი მრგვალი აკლდამები. ადრინდელი მინოსური ხანის (ძვ. წ. III ათასწლეული) უძველესი თოლოსები აღმოჩნდა კუნძულ კრეტაზე, აგია-ტრიადასთან და ფესტოსის მახლობლად, ლებენაში. ზოგი თოლოსი გამოიყენებოდა თითქმის 500 წლის განმავლობაში, ძვ. წ. XIX–XVIII საუკუნეებამდე. შუა მინოსური ხანის თოლოსები აღმოჩნდა კნოსოსსა და ფესტოსში. კონტინენტურ საბერძნეთში თოლოსი პირველად გაჩნდა მიკენურ ხანაში (ძვ. წ. XIV–XIII საუკუნეებში); ცნობილია მიკენის სასახლის გალავანს გარეთ გათხრილი გრანდიოზული თოლოსი – ე. წ. ატრევსის საგანძური, რომელიც აქაიური საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ხუროთმოძღვრული ძეგლია.

ატრევსის საგანძურის შესასვლელი და გვერდითი ჭრილი

ანალოგიური კონსტრუქციის თლილი ქვით ნაგები თოლოსები აღმოჩენილია საქართველოშიც, ბორჯომის ხეობაში.

ძველი ბერძნები თოლოსს უწოდებდნენ ეზოში ჩადგმულ გუმბათისებრ სათავსებს, რომლებიც სამზადებად და სანოვაგის შესანახად გამოიყენებოდა. კლასიკური ხანის ათენში თოლოსი ეწოდებოდა ბულევტერიონის მახლობლად არსებულ წრიულგეგმიან ნაგებობას, რომელშიც დღის განმავლობაში ისხდნენ პრიტანები (ათენის ხუთასთა საბჭოს მორიგე წევრები) და იქვე სადილობდნენ საზოგადოების ხარჯზე სხვა სახელმწიფო მოხელეებთან და ცალკეულ დამსახურებულ მოქალაქეებთან ერთად.

ხუროთმოძღვრებაში თალოსი (ან ფოლოსი) ეწოდება აგრეთვე წრიული მოხაზულობის გეგმის მქონე შენობას, რომელიც აღმართულია საფეხურებიან პოდიუმზე და გარშემორტყმულია სვეტებით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გაგოშიძე გ., თოლოსი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 86–87.