თეთრქოჩორა ტურაკო (ლათ. Tauraco leucolophus < ბერძ. λευκός — თეთრი და λοφος — ქოჩორი, ბიბილო) — ფრინველი ტურაკოსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ნიგერიაში, კამერუნში, ჩადში, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სუდანში, სამხრეთ სუდანში, კენიასა და უგანდაში. ბინადრობს მდინარისპირა ტყეებში, დაბლობის ტყიან ადგილებში და სავანებში, მთის ჰაბიტატში აღწევს 2200 მ-ზე მაღლა.[1] შეფერილია მოლურჯო-მოშავო ფერში, კისერი, ყელი, ლოყები და ბიბილო თეთრი აქვს, შუბლი — შავი.[2] ძირითადად იკვებება კენკრითა და ხილით, აგრეთვე ყვავიებით და უხერხემლოებით (მაგ., ლოკოკინებით). გამრავლების სეზონი სხვადასხვა ადგილას განსხვავებულია, მაგალითად კონგოში — აპრილში, ხოლო უგანდაში — აგვისტოში. ბუდე ლამბაქის ფორმისაა.[2]