თბილისის შამქორელთა ღვთისმშობლის ეკლესია
თბილისის შამქორელთა ღვთისმშობლის ეკლესია (სომხ. Շամքորեցոց Սուրբ Աստվածածին եկեղեցի) — „შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინი“; მეწამული სახარების ეკლესია (სომხ. Կարմիր Ավետարան) — „კარმირ ავეთარანი“; მეწამული მონასტერი (სომხ. Կարմիր վանք) — „კარმირ ვანქ“ — სომხური ეკლესია თბილისში მდებარე ფერისცვალების ქუჩის №21–ში.
ისტორია
რედაქტირებათურქი ისტორიკოსი ქუჩუკ ჩელები-ზადეს ცნობით, 1723 წელს ხორციელდება სომეხი მოსახლეობის დიდი ნაწილის იძულებითი გადმოსახლება თბილისში. ავლაბარში სახლდება შამქორიდან ჩამოსახლებული სომხების ჯგუფი. ისინი იწყებენ წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის მშენებლობას, რომელიც სრულდება 1775 წელს.
სომხური მოსახლეობის ჩამოსახლება თბილისში XVIII საუკუნის II ნახევარში, ერეკლე II-ის დროს მატულობს, რადგან ერეკლე მეფემ განსაკუთრებული პირობები შეუქმნა თბილისში მცხოვრებ სომხებს.
გურამ მაისურაძე წიგნში „ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობა XIII-XVIII საუკუნეებში“ წერს: „ბოლო მოუღებელ ომებში გაუკაცრიელებელი სოფლების, დაქცეული ქალაქებისა და დანგრეული სარეწების აღსადგენად საჭირო ცოცხალი ძალის სიმცირის პირობებში ამ ადგილებში ქრისტიანი სომხების ჩამოსახლება დიდად დაზიანებული ქართული ფეოდალური ეკონომიკისათვის სისხლის გადასხმის თანაბარი ღონისძიება იყო. XV-XVIII საუკუნეების მთელ მანძილზე მწვავედ იდგა შრომითი რესურსების, განსაკუთრებით საქალაქო ცხოვრების განვითარებისათვის საჭირო კონტინგენტის მოძიების პრობლემა. ეს ვითარება საკმაო სისრულით აისახა XVIII საუკუნის კანონპროექტთა კრებულებში, სადაც მთელი რიგი შეღავათებია დასახელებული ახალმოსულთათვის. მაგალითად, XVIII საუკუნის მიწურულის კანონპროექტთა კრებული „სამოქალაქო სჯულვილებაში“ ვკითხულობთ: „…ჩვენს საფარველსა ქვეშე შემოსულთ ათი წელიწადი არაფერი სამეფო ხარჯი არა გამოერთვათ რა, თუ არ წყალობა ჩვენგნით“ ან „მათ, ყოველთ უცხოს ქვეყნად შემოსულთ, იმისთანა პატივი და შეწევნა მიეცესთ ჩვენსგნით და ჩვენის ერთგულთ მსაჯულნით, მოხელენით და ანუ სხვაგნით, რომე ამას იქით უცხოს ქვეყნითგან უფრო მრავალნი დახარბდნენ ჩვენს საფარველსა ქვეშეშე მოსვლასა”. „სამოქალაქო სჯულვილებაში“ ცალკე პარაგრაფი გვაწვდის ცნობებს უცხო ქვეყნიდან მოსულთა დასაქმების სფეროთა შესახებ. კანონმდებელი საგანგებო უწყებას ავალებს: „ჰკითხოს, სადიდგან ანუ რომლის ქვეყნიდგან არიან მოსული, ანუ რა ნება აქუსთ: ჰნებავსთ აქ, ჩვენს ქვეყანაში დასახლებისა, რას საქმეზედ უნდათ დგომა–ანუ ვაჭრობაზედ, ანუ ხელოვნობაზედ, ანუ ხვნა-თესვაზე ანუ სხვას სარიშტაზედ; კიდევ ჰკითხოს, ჩვენს საბრძანებელსა შინა რომელსა ქალაქს შინა ჰნებავთ ცხოვრება ანუ რომელს სოფელსა შინა, და ანუ რომელს ხარაბა ადგილსა შინა მდგომარეობა“. ქართველ ხელისუფალთა ეს ეკონომიკური პოლიტიკა, პირველ რიგში, სომხურ მოსახლეობას შეეხებოდა.
თბილისში საფრანგეთის კონსული გამბა წერს: „თბილისის მოსახლეობა სულ იზრდება და იზრდება სომხების შემოსვლით, რომლებიც აქ ეძებენ თავშესაფარს თურქების ტირანიისაგნ… ჩვენ არ ვიცით, დაარსებულია თუ არა „მეწამული სახარების“ ეკლესია შამქორელების თემის მიერ, მაგრამ ის ასე იწოდებოდა, სანამ მას გაუკეთდებოდა ძირფესვიანი რეკონსტრუქცია XIX საუკუნის 50-იან წლებში ეჩმიაძინის ეკლესიასთან ერთად“.
სომეხთა კათოლიკოსის ნერსეს აშტარაკეცის დავალებით შედგენილ სომხური ეკლესიების რეესტრში ვკითხულობთ: „შამქორელთა წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია აშენებულია 1809 წელს“. აღნიშნული რეესტრი დგებოდა ეკლესიის წინამძღვრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამიტომ ეს თარიღი უფრო სარწმუნოა.
ეგნატე იოსელიანი 1868 წელს შედგენილ კატალოგში ამ ეკლესიის შესახებ წერს: „შიგნით ავლაბარს ერთის შენობის საშვალსა ადგილსა ზედა არს ეკკლესია შამქორელთა წოდებული მრევლთაგან 1775-სა, სახელსა ზედა ღვთისმშობელისა, უგუმბათო და ხით დახურვილი, აღშენებული მრევლთაგან წელსა 1775-სა.“ ამ ჩანაწერის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შამქორელთა დღევანდელი ეკლესიის ადგილზე ადრე არსებობდა სამლოცველო ან მცირე ეკლესია, რომელიც დღევანდელი ეკლესიის წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს.
1840-იანი წლების დასაწყისში სასულიერო პირებს ეკლესიის რესტავრაციის და გალავნის აშენების სურვილი გაუჩნდათ, რისთვისაც მათ ნებართვისათვის გენერალ გოლოვინს მიმართეს. ეკლესიის კედლებზე არსებული წარწერები ადასტურებენ ამ პერიოდში ეკლესიაზე მამა-შვილის გაზარიანცების მიერ ჩატარებულ სარესტავრაციო სამუშაოებზე.
1858 წელს ეკლესია გაიძარცვა, მოიპარეს წმინდა იოანეს წმინდა ნაწილი. დანაშაულზე აღიძრა საქმე, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და საქმე 1873 წელს დაიხურა. 1881 წელს ეკლესიას ისევ ჩაუტარდა რესტავრაცია. 1893 წელს ქალაქის პოლიციამ შენიშნა, რომ ეკლესიის კედლებზე გაჩნდა მსხვილი ბზარები. რუსეთის ხელისუფლებამ 1900 წელს შექმნა სპეციალური კომისია, რომელმაც დაადგინა, რომ ბზარები არ იზრდება და ამიტომ ის საშიში არ არის მოსახლეობისათვის. 1902 წელს გაზეთ ივერიაში კვლავ დაიწერა, რომ საჭირო იყო ტაძრის დამსკდარი კედლების გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება[1].
საბჭოთა პერიოდში ეკლესია დაიხურა და მასში განთავსებული იყო სხვადასხვა დანიშნულების ორგანიზაციები. სომხურმა სათვისტომომ ბევრჯერ მიმართა საქალაქო ორგანიზაციებს თხოვნით საკუთარი სახსრებით ეკლესიისათვის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შესახებ, თუმცა მას ხელისუფლე ბისაგან არანაირი პასუხი არ მიუღია. 1989 წლის 14 აპრილს, სპიტაკის მიწისძვრის დროს ეკლესიის გუმბათი ჩამოიქცა. სახელმწიფო ორგანოებმა ამის მიზეზად ოთხბალიანი მიწისძვრა დაასახელეს. დღეისათვის დარჩენილია ეკლესიის მხოლოდ აღმოსავლეთი მხარე და დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლების ნაწილები. შამქორელთა ღვთისმშობლის ეკლესიას ჰქონდა მაღალი გუმბათი და მისი ფასადები ორიგინალურად იყო გაფორმებული.
ფოტოგალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ნაწ. I, 2000. გვ. 286-291