თბილისის ზოოლოგიის ინსტიტუტი
თბილისის ზოოლოგიის ინსტიტუტი — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. უნივერსიტეტს შეუერთდა 2009 წელს. დაარსდა 1941 წელს, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ზოოლოგიის სექტორის ბაზაზე (დაარსდა 1932 წელს).[1]
ინსტიტუტის პირველი დირექტორი იყო ფ. ზაიცევი (1941–1957), შემდეგ — დ. კობახიძე (1957–1963), ბ. ყურაშვილი (1964–1989), ი. ელიავა (1989–2005). 2006 წლიდან დირექტორია გ. ბახტაძე. ინსტიტუტის პრობლემატიკა: საქართველოს ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნება, მისი დაცვისა და აღწარმოების ევოლუციური და ეკოლოგიური საფუძვლები.
სამეცნიერო კვლევის მიმართულებები: ცხოველთა მრავალფეროვნების ფუნდამენტური კვლევა; კვლევათა შედეგების პრაქტიკული გამოყენება; საგანმანათლებლო მუშაობა; ბიოლოგიური რესურსების რაციონალური გამოყენება და მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანებისათვის მავნე და პარაზიტული ცხოველების გავრცელების შესწავლა და პროფელაქტიკური ღონისძიებების შემუშავება. ფაუნის ფუნდამენტური კვლევა ითვალისწინებს უხერხემლო და ხერხემლიან ცხოველთა ბიომრავალფეროვნების, სისტემატიკის, ზოოგეოგრაფიის, ეკოლოგიის, ევოლუციის, რეინტროდუქციის საკითხების და კონსერვაციის შესწავლას. გარდა ამისა, შეისწავლება ენტომო და ცხოველთა პარაზიტოფაუნა. საქართველოს ბუნებრივი და ხელოვნური წყალსატევების ეკოსისტემები და მათი ბიოპროდუქტიულობა. პრაქტიკული მიმართულებით ხორციელდება მონიტორინგი და ბიოკონტროლი. ინსტიტუტის საქმიანობის შედეგად შექმნილია საკოლექციო ფონდი, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს ცხოველთა პრაქტიკულად ყველა ძირითადი ჯგუფი (20 ათასი ერთეული).
ზოოლოგიის ინსტიტუტში 6 სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფია (ხერხემლიან ცხოველთა, ჰიდრობიოლოგიისა და იქთიოლოგიის, ნემატოლოგიის, ენტონოპათოგენების შემსწავლელი, პარაზიტოლოგიის და კარიოსისტემატიკის) და 3 ბიოლოგიური სადგური ახალდაბაში, ხეკორძში და ქუთაისში. გამოცემულია ინსტიტუტის შრომების 23 ტომი (დაარსებიდან 2008-მდე). ინსტიტუტს აქვს ბიბლიოთეკა (20 ათასზე მეტი საბიბლიოთეკო ერთეული).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 484, ISBN 99928-20-32-2.
- ბახტაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ზოოლოგიის ინსტიტუტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2020.