თანამეგობრობის ზღვა
თანამეგობრობის ზღვა — ზღვა სამხრეთის ოკეანეში, კოსმონავტთა და დეივისის ზღვებს შორის, აღმოსავლეთი ანტარქტიდის ნაპირებთან. განლაგებულია ენდერბის მიწასა და დასავლეთ შელფურ მყინვარს შორის. მის ნაპირებთანაა მაკ-რობერტსონის მიწა და პრინცესა ელისაბედის მიწა. ფართობი 260 ათ. კმ². ზღვის სამხრეთი ნაწილი წყალმარჩხია (500 მ-ზე ნაკლები), ჩრდილოეთ ნაწილში ადგილ-ადგილ სიღრმეები 3000 მ-ს სჭარბობს. ყინულიანი ნაპირები მნიშვნელოვან მონაკვეთზე მეტად მოძრავია. 1964 წელს ეიმერის შელფური მყინვარის გიგანტური აისბერგის მოპობის შედეგად პრიუდსის ყურეში ნაპირმა 160 კმ მანძილზე უკან დაიხია 60-70 კმ-ით. წლის უმეტეს დროს დაფარულია მოდრეიფე ყინულით, ბევრია აისბერგი, განსაკუთრებით დასავლეთ ნაწილში. თანამეგობრობის ზღვის ნაპირებზე არის ავსტრალიური სამეცნიერო სადგურები: მოუსონი და დეივისი. სახელი ეწოდა სხვადასხვა სახელმწიფოთა მიერ ანტარქტიკაში ჩატარებული ერთობლივი კვლევითი მუშაობის აღსანიშნავად. როგორც ცალკე ზღვა გამოიყო 1962 წელს საბჭოთა ანტარქტიდული ექსპედიციის მიერ.
თანამეგობრობის ზღვა | |
---|---|
თანამეგობრობის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ოკეანის აუზი | სამხრეთის ოკეანე |
ფართობი | 260 ათ. კმ² |
საშუალო სიღრმე | 500 მ |
უდიდესი სიღრმე | 3000 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თანამეგობრობის ზღვა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)