თამარ ვახვახიშვილი-აბაშიძე

თამარ (თამარა) ალექსანდრეს ასული ვახვახიშვილი-აბაშიძე (დ. 1875 — გ. 1936) — ქართველი პედაგოგი.

თავად ვახვახიშვილის საგვარეულო წარმომადგენელი. ცოლად ჰყავდა თავად ნიკოლოზ ილიას ძე კახთ-აბაშიძეს (დ. 1869 — გ. 1924). თამარ აბაშიძის ინიციატივით და დახმარებით თელაველი ღარიბებისთვის დაარსდა ჭრა-კერვის სკოლა (1894-1895), თელავის მაზრის ხუთი სამკითხველო და წიგნის მაღაზია (1915). ის იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ერთ-ერთი დამაარსებელი (1909) და მისი გამგეობის წევრი, თელავის ვაჟთა გიმნაზიის დაარსების (1912) კომიტეტის წევრი. ფინანსურად დაეხმარა მიხეილ გედევანიშვილს ილია ჭავჭავაძის თხზულებების I ტომის გამოცემაში (1914). 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის დროს დახვრიტეს თამარის მეუღლე — ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ნიკოლოზ აბაშიძე.

1925-1927 წლებში თამარ აბაშიძე თელავის შრომის პირველ სკოლაში ხელსაქმე-ხელგარჯილობის მასწავლებლად მუშაობდა, სადაც მან მოაწყო სახელოსნო, რომელშიც მოწაფეები თავად ამზადებდნენ სხვადასხვა სასკოლო ნივთებს. 1930-1933 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის უსინათლოთა სკოლა-ინტერნატს. შეადგინა სახელმძღვანელო „ქართული ანბანი უსინათლოთათვის“ (ტფ., 1930).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქალთა განათლების კერები თელავში: მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი. - თბილისი, ქართულ-კავკასიური ურთიერთობების ისტორიის სამეცნიერი-კვლევითი ცენტრი, 2010.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება