ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი (1825-1830 წწ.) – მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ზუგდიდში
ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ზუგდიდში

წმიდა ექვთიმე ღმრთისკაცი (თაყაიშვლი) აღნიშნავს, რომ

 
„. . . ახალ ზუგდიდში სასახლის სობორო არის ქვისა, ქართულ გეგმაზედ აშენებული, ლევან V დადიანის დროს, როგორც წარწერიდან ჩანს, მშენებლობა დაწყებულა 1825 წელს და დამთავრებულა 1830 წელს.

ასაშენებელი ფული იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოუგზავნა სამეგრელოს მთავარს და თან დაუბრუნა ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატი თავისი სარტყლით.

XVIII ს. 10-იან წლებში გიორგი გურიელმა იმერეთის მეფე ალექსანდრე IV-სთან საბრძოლველად წამოსულმა „განძარცვა” ეს ხატი და ჰყო სამკაულად თვისად. 1805 წ. სამეგრელოს მთავრინა ნინომ სამეგრელოს დეპუტაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ დიდი ნიკო გიორგის ძე დადიანი, ბეჟან მანუჩარის ძე დადიანი და კარის დეკანოზი იოანე იოსელიანი სამეგრელოს ხალხის სახელით მიართვა ხატი ხელმწიფე იმპერატორს, მან კი ძვირფასად შეამკო და დაუბრუნა სამეგრელოს ხალხს და ბრძანა მის სახელზედ აშენებულიყო ეკლესია, ხოლო ადგილს დარქმეოდა გრიგოლიპოლისი, გრიგოლ დადიანის პატივსაცემად.

როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ჩანს, ვლაქერნის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ყოვლადწმიდა სარტყლის ნაწილთან ერთად, რომელმაც არაერთხელ იხსნა განადგურებისაგან კონსტანტინეპოლი, სადადიანოს სათაყვანო უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენდა. წმ. ექვთიმე ღმრთისკაცი სიწმინდეების პარიზში გახიზვნამდე აღნიშნავს, რომ სარტყელი უკვე ხატს არ ჰქონდა.

ტაძრის მახლობლად მდებარე დედოფლის სასახლეში, რომელიც 1923 წლიდან ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმს წარმოადგენს ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სიწმინდეები: ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სამოსელი, წმ. იოანე ნათლისმცემლის და წმ. დიდმოწამე გიორგის ძვლები. წმ. დიდმოწამე მარინეს მკლავი და წმ. მოწამე კვირიკეს ხელის მტევანი, ღრუბლის ნაწილი, რომლითაც ასვეს ძმარი მაცხოვარს და მრავალი სხვა საეკლესიო სიწმიდე, რომელიც სამეგრელოს სხვადასხვა ეკლესიებიდანაა აქ ჩამოტანილი, რათა გადაერჩინათ ათეისტური ხელისუფლებისაგან განადგურებას. ასევე აქ მდებარეობს საკათედრო ტაძრის ოთხი დიდი ზომის მოოქროვილ პერანგიანი ხატი. აღსანიშნავია, რომ ერთ–ერთი მათგანი ღმრთისმშობლის სარტყლის დადების სახელობისაა (დღესასწაული 31 აგვისტო – ახ. სტ. 13 სექტემბერს).

ტაძრის დღესასწაული

რედაქტირება

2 ივლისს (ახ. სტ. 15 ივლისს), ტაძრის დღესასწაულზე ხდება ღვთისმშობლის სამოსელის გადმობრძანება ტაძარში, სადაც მორწმუნეებს საშუალება ეძლევათ თაყვანი სცენ ქრისტიანულ სიწმინდეს. ტრადიციულად, ამ დღეს სადღესასწაულო წირვას ზუგდიდს უამრავი სტუმარი ჰყავს. ეს დღე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა საერთო-სახალხო ზეიმად და მას „ვლაქერნობას” ეძახიან.

იხილეთ აგრეთვე:

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8411