ზემო ხორხის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი
ზემო ხორხის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხორხში, მდინარე ხორხულის შუა წელზე, მარჯვენა ნაპირას, ტყით შემოსილ მთის კალთაზე. აგებულია X საუკუნეში. კომპლექსში შედის ეკლესია, კოშკი და გალავანი.
ეკლესია კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში დგას, დარბაზულია, ნაგებია ქვის ლოდებით. დაზიანებულია: კედლები დეფორმირებულია, ჩაშლილია კონქის სამხრეთ ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, მას საფეხურებიანი ძირი აქვს. მსგავსი სარკმელია დარბაზის სამხრეთ კედელში. საკურთხევლის სარკმლის ქვემოთ ქვის ტრაპეზი დგას. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. შემორჩენილია კანკელის ბურჯების ნაწილები და ნახევარწრიული კამარის შირიმით ნაგები შეკიდებული საბჯენი თაღები დარბაზის დასავლეთ და აღმოსავლეთ კიდეში. ეკლესია შიგნით და გარეთ შელესილი ყოფილა. შემორჩენილია ნალესობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთის ფასადზე, ნახევარწრიული ჩარჩოთი შემოფარგლული სარკმლის გვერდებზე, ნალესობაში გამოსახული ირმის რქა. შენობის ნატეხი ქვის ლავგარდნის მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი.
კოშკი ზურგიანია, შემორჩენილია სამხრეთის მხარე და ზურგის ნაწილი, რომელიც გალავნის კედელშია ჩართული და მის ნაწილს შეადგენს. თითქმის მთლიანადაა დანგრეული ეკლესიის გრძივი კედლების გაგრძელებაზე დასავლეთიდან მიშენებული ორი კედელი, რომლებიც ეკლესიას კოშკთან აკავშირებდა. მათგან სამხრეთ კედელში ჩანს კარის კვალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვაჩეიშვილი ნ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 255.