სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩიჩუა.

ზაქარია ჩიჩუა (დ. 1875, სოფ. ჭანჭათი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, — გ. 30 დეკემბერი, 1951, ლევილი, საფრანგეთი, დაკრძალულია იქვე) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ფარმაცევტი.

პროფესიით ფარმაცევტი. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს ხელმძღვანელობდა თბილისის ამქართა და ნოქართა მოძრაობას (პარტიული ფსევდონიმი — „მეხაშე“), შემდეგ რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა ჭიათურა-ყვირილის რაიონში და კვლავ თბილისში. რეაქციას პეტერბურგში განერიდა და დაამთავრა სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ფარმაცევტული კურსები. შემდეგ ბათუმში მუშაობდა. იქ დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დროს ხელმძღვანელობდა ნაციონალური სიმდიდრის სააფთიაქო ნაწილს — სააფთიაქო მარაგებს, რომელიც მინდობილი ჰქონდა ქალაქებისა და ერობებისგან (იმ დროს საქართველოში მედიკამენტების შემოტანა შეზღუდული იყო და მარაგებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა). გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში იყო. დამკვიდრდა საფრანგეთში, სოფ. ლევილში (პარიზის ახლოს), სადაც შეუდგა ქართული ემიგრანტული არქივების და სოციალ-დემოკრატების პარტიული დოკუმენტაციის მოწესრიგებას და სისტემატიზებას. გარდაიცვალა და დაკრძალულია ლევილში.

ლიტერატურა

რედაქტირება