ზაქარია ქართველი
ზაქარია ქართველი — V–VI საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე პალესტინაში, პეტრე იბერის ერთ-ერთი უახლოესი მოწაფე.
ზაქარია პეტრე იბერის „ასურულ ცხოვრებაში“ იმ ბერებს შორის იხსენიება, რომელთაც გარდაცვალების წინ პეტრემ თავისსავე დაარსებული მონასტრის გამგებლობა, მონასტრის ძმობაზე მზრუნველობა დაავალა და სთხოვა, „უცვლელად დაეცვათ სიკვდილამდე მართლმადიდებლობა“ (იგულისხმება მონოფიზიტობა). პეტრე იბერის „ქართულ ცხოვრებაში”, რომელიც „ასურული ცხოვრებიდანაა” გადმოკეთებული მაკარი მღვდლის მიერ, ზაქარია „ზაქარია ქართველად“ იწოდება. მთარგმნელის ანდერძში ნათქვამია, რომ იგი პეტრეს „მიცვალებამდე“ მისი მოწაფე და მხლებელი იყო და მასვე აღუწერია პეტრეს ცხოვრება ასურულ ენაზე, რომელიც ზედმიწევნით კარგად სცოდნია.
პეტრეს „ასურული ცხოვრების“ ავტორად მეცნიერთა ნაწილი იოანე რუფუსს, ნაწილი კი VI საუკუნის სირიელ ისტორიკოსს ზაქარია რიტორს მიიჩნევდა, მაგრამ ი. ლოლაშვილმა პეტრე იბერის „ქართულ ცხოვრებაზე“ დართული ანდერძის შინაარსიდან გამომდინარე ამ ნაწარმოების ავტორად ზაქარია მიიჩნია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცხოვრება პეტრე იბერისა. ასურული რედაქციის ქართული თარგმანი, გამოსცა ი. ლოლაშვილმა, თბ., 1988.
- გოილაძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 320.