ზაქარია ბანელი

(გადამისამართდა გვერდიდან ზაქარია ვალაშკერტელი)

ზაქარია ბანელი, ზაქარია ვალაშკერტელი, სვინგელოზი (X ს. II ნახ. – XI ს. 30-იანი წლები) — შუა საუკუნეების საქართველოს, კერძოდ, ტაოს სამეფოს სასულიერო, კულტურის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწე.

ე. მეტრეველის ვარაუდით, ზაქარია ბანელის მშობლები ქართველი არისტოკრატების მაღალ წრეს, დაფანჩულთა ცნობილ ფეოდალურ გვარს ეკუთვნოდნენ და დავით კურაპალატთან დაახლოებული პირები იყვნენ. თავად ზაქარია ავტობიოგრაფიულ ანდერძში დავით კურაპალატს თავის „მზრდელსა და შემოქმედს“ უწოდებს. X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ის მორჩილად მიუყვანიათ ოთხთა ეკლესიაში, სადაც არსენ მამამთავარს დამოწაფებია. ცხოვრების დიდი ნაწილი მან გაატარა ტაოში, სადაც უდიდესი და ყველაზე გავლენიანი ეპარქიის – ბანის მამამთავრობას მიაღწია. ერთხანს ის ბიზანტიის სამეფო კარზე დიპლომატად, მწიგნობრად და იმპერატორთან დაახლოებულ პირადაც მოჩანს. ბანელობის დროს ზაქარიამ ბიზანტიის იმპერატორისაგან უმაღლესი სასულიერო პატივი – სვინგელოზობა დაიმსახურა. XI საუკუნის 20-იანი წლებისთვის ბანელობასთან ერთად ვალაშკერტის სამწყსოს ეპისკოპოსობაც შეითავსა, რასაც განსაზღვრული პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა როგორც ტაოს, ისე მეზობელი რეგიონებისთვისაც.

ზაქარიას შეკვეთით კონსტანტინეპოლში გადაწერილი ნუსხური „სვინაქსარი“ (A-648), 1030 წ.

1022 წელს, ბიზანტიასა და საქართველოს შორის დაძაბულობის დროს, ზაქარიამ ორჯერ შეაჩერებინა ბასილი კეისარს ტაოზე გალაშქრება. იგი ცდილობდა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, მაგრამ გიორგი I ვერ დაიყოლია ბასილის მოთხოვნათა შესრულებაზე. განრისხებულმა ბასილი II-მ ზაქარია ტაოდან გააძევა და კონსტანტინოპოლში გადაასახლა, სადაც მცირე ზომის აგიაპანტის მონასტერი მიუჩინა მუდმივ სამკვიდრებლად. ამ დროიდან ზაქარია აქტიურად ჩაერთო ათონის ივერთა მონასტრის საქმიანობაში, გიორგი მთაწმიდელთან ერთად შეუდგა ექთვიმე მთაწმიდლის თარგმანთა გამრავლებასა და მისი პიროვნების პოპულარიზაციას, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ათონზე ბერძნებთან გამწვავებული ურთიერთობისა და ბრძოლის პირობებში ქართველთა უფლებების დასაცავად. XI საუკუნის 30-იან წლებში ზაქარიას ბრძანებითა და მატერიალური შემწეობით არაერთი ძვირფასი ხელნაწერი შეიქმნა კონსტანტინოპოლში, თავისსავე დაარსებულ მონასტერში. ბერძნულ ენაზე დაწერილ ერთ ლექსში ზაქარია თავის თავს ივერიელ (ე. ი. ქართველ) ბერს უწოდებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მაისურაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 321-322.
  • მეტრეველი ე., ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ., 1996