ზაქარია გულისაშვილი
ზაქარია (შაქრო) მიხეილის ძე გულისაშვილი (დ. 1857, სოფ. ჯიმითი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, — გ. 24 იანვარი, 1914, თბილისი) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი.
სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა არალეგალურ წრეში მონაწილეობისათვის. ჩაება ხალხოსნურ მოძრაობაში და „გავიდა ხალხში“ — მასწავლებლობდა კახეთის სოფლებში. 1897 წელს მღვდლად ეკურთხა. მისი პირველი თხზულება „ორიოდე სურათი მოთხრობიდან“ 1879 წელს გამოქვეყნდა („ივერია“, №3). გ-ის მოთხრობებში გამოყენებულია საინტერესო ფოლკლორულ-ეთნოგროგრაფიული მასალები. მისი მოთხრობები („მარტიაანთ პაპა“, 1879; „მეტივე", „ბედნიერი კუნჭული“, ორივე 1881), ნარკვევები („მგზავრის შენიშვნები", 1882; „აწინდელ კახეთზე და ქართლზე", 1884; „რკინიგზით განჯისაკენ", 1900), ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები („გარდაბანისა და გაჩიანის საერისთაონი და მათნი ნაშთნი", 1900; „ჩვენი ხალხის ზნე-ჩვეულებანი", „ქორწილი ქვემო ქართლში") იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში („ივერია", „იმედი", „დროება", „თეატრი" და სხვ.). გულისაშვილი ხალხოსნური პოზიციებიდან აშუქებდა ეპოქის საჭირბოროტო საკითხებს. იგი ავტორია აგრეთვე წიგნებისა: „ანბანი მშობლიურ ენის" და „საქართველოს ძველი დროის მეფეებზედ" (1886). მისი წინასიტყვაობით გამოიცა პეტრე ლარაძის თხზულება „დილარიანი" (1903).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- მოთხრობები, ნარკვევები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1953.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზანდუკელი მ., ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 3, თბ., 1955;
- მისივე, თხზულებანი, ტ. 3, თბ., 1978.
- ხუციშვილი ს., ჯავახიშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 195.