ზაქათკარის კოშკი
ზაქათკარის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზაქათკარის სამხრეთ-დასავლეთით, ნასოფლარ სუნტნის ტერიტორიაზე. თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით.
აღწერა
რედაქტირებაკოშკი ზურგიანია, ნაგებია რუხი ფერის, ერთმანეთს კარგად მორგებული, მოგრძო ლოდების სწორხაზოვანი რიგებით. შემორჩენილია მხოლოდ ქვედა, ყრუ ნაწილი. მოგვიანებით კოშკის თავი მოუსწორებიათ და ზედ დაუდგამთ წვრილი ნატეხი ქვით ტლანქად ნაშენი პატარა სამლოცველო. განსხვავებული ორიენტაციის გამო, სამლოცველო კოშკზე ცერადაა დადგმული ისე, რომ სამი კუთხე კოშკის კედლების მიმართ გადმოშვერილი აქვს, ხოლო სამხრეთის ფასადის წინ პატარა, დაბალი კუთხით შემოზღუდული, სამკუთხა მოხაზულობის ეზოა შექმნილი. ორივე მხრიდან ბრტყლად გადახურული შესასვლელი სამლოცველოს სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეშია. სამლოცველო უაფსიდოა. შიგნით აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლები სწორია, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები — მრუდხაზოვანი. აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კიდესთან ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმელია, რომელსაც საფეხუროვანი რაფა აქვს. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ძირს დახრილი ცალმაგი სათოფურია. სამლოცველოს იატაკის ქვეშ ტიხრით გამიჯნური ორი სამალავია მოწყობილი. ინტერიერი გადახურულია სხმული კამარით, რომელსაც განივკვეთში სამცენტრიანი თაღის ფორმა აქვს. ფასადები სადაა. კედლები დასრულებულია ნატეხი ქვით გამოყვანილი თაროსებრი ლავგარდნით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 248.