ზაკაგორის კოშკები
ზაკაგორის კოშკები — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში, ნასოფლარ ზაკაგორის ტერიტორიაზე.
ნასოფლარი ზაკაგორი მდებარეობს ხეობის მარცხენა სანაპიროზე, ძნელად მისადგომ მთაზე. ნასოფლარის ტერიტორიაზე ბევრი ძველი სახლია, მაგრამ ყველა გადაკეთებულია. დღემდე შემონახულია სხვადასხვა ფორმისა და ხასიათის სამი კოშკი. მათგან ყველაზე მაღალი და უკეთესი ნასოფლარის ჩრდილოეთ განაპირას მდებარეობს, მეორე შედარებით პატარა — სამხრეთით, ხოლო ყველაზე პატარა და განიერი სოფლის შუაგულში[1].
სამხრეთის კოშკი გეგმით კავადრატულია (6,7x6,7 მ), ხუთსართულიანია, სიმაღლე 9,5 მ და ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება. კოშკის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი თითქმის დანგრეულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა პირველი სართულის დონეზე, მიწიდან 3 მეტრზე. შემორჩენილ კედლებში პირველ სართულზე სამი სათოფურია, მეორეზე ორი და მესამეზე ერთი.
ჩრდილოეთის კოშკი გეგმით ტრაპეციის ფორმისაა, შემორჩენილია 5 სართულის სიმაღლე, თაღოვანი კარი სამხრეთითაა გაჭრილი მეორე სართულის დონეზე. პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელში ორი ვიწრო სათოფურია, ორ-ორი სათოფურებია ასევე დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში, ხოლო მესამე და მეოთხე სართულზე ყველა კედელში. მეხუთე კედელი დაბალია აქ ყოველ კედელში სამ-სამი სათოფურია.
სოფლის ცენტრში მდებარე კოშკურა სახლი გეგმით კვადრატულია, შემორჩენილია პირველი სართული და მეორე სართულის კედლების მცირე ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა მიწიდან დაახლოებით 3 მეტრზე. კარი თაღოვანია. პირველ სართულზე სამი სათოფური და ორი ნიშია.
ზაკაგორის კოშკებს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 456-458.
- ზაქარაია პ., არაგვისა და თერგის ხეობა, თბ., 1972
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6599
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ზაქარაია პ., არაგვისა და თერგის ხეობა, თბ., 1972, გვ., 43
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-22.