ვლადიმერ ივანეს ძე ბექაური (დ. 27 დეკემბერი, 1882, სოფ. კიტოხი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 8 თებერვალი, 1938) — ქართველი გამომგონებელი, რევოლუციონერი-ორგანიზატორი.

ვლადიმერ ბექაური

ვლადიმერ ბექაური
დაბადების თარიღი 27 დეკემბერი, 1882
სოფ. კიტოხი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 8 თებერვალი, 1938
ეროვნება ქართველი
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1903 წელს დაამთავრა თბილისის მიხეილის რკინიგზის ტექნიკური სასწავლებელი. 1905 წელს მონაწილეობდა ხაშურის საორთქლმავლო დეპოს რევოლუციურ გამოსვლებში, რის გამოც იდევნებოდა პოლიციისაგან. 1907 წელს საცხოვრებლად გადავიდა ციმბირში, შემდეგ კი პეტერბურგში. ამ პერიოდს განეკუთვნება მისი მთელი რიგი გამოგონებები, მათ შორის აღსანიშნავია - ავტომატური დამცავი სიგნალიზაციის ხერხი, რომლის პატენტი შეისყიდეს გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, იტალიასა და იაპონიაში. 1921 წლის 15 აგვისტოს მთავრობის დადგენილებით და პირადად ვლადიმერ ლენინის მიერ ხელმოწერილი მანდატით შეიქმნა „განსაკუთრებული ტექნიკური ბიურო“ ბექაურის ხელმძღვანელობით. ბექაურმა გამოიგონა აპარატურა საჰაერო-სადესანტო ოპერაციათა ტექნიკის უზრუნველყოფისათვის. დიდი ღვაწლი მიუძღვის რადიოტექნიკის დარგშიც, სადაც მისი პირადი ხელმძღვანელობით დამუშავდა არაერთი ორიგინალური კონსტრუქცია.

რეპრესირებულია და სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია. ხაშურის ოთხსართულიანი, ტუფის ქვით აშენებული ქალაქის საავადმყოფოს კედელზე, შესასვლელთან, დამაგრებულია ბარელიეფის დაფა რომელიც გვამცნობს, რომ ეს საავადმყოფო აშენებულია 1934-1936 წლებში ქართველი გამომგონებლის ვლადიმერ ივანეს ბექაურის გამოგონებებზე გაცემული ჰონორარით.

გამოგონება

რედაქტირება

1929 წლისათვის წითელმა არმიამ მიიღო ბიუროს მიერ დამზადებული 11 ახალი სახის იარაღი, 24 სახეობა კი გადიოდა გამოცდას. უშუალოდ ვლადიმერ ბექაურს ეკუთვნოდა შემდეგი სახის კონსტრუქციები, ესენი იყო: პარაშუტის ავტომატური გახსნის მოწყობილობა, პარაშუტის დროის გარკვეულ მონაკვეთებში გასახსნელად (1922 წელი); მოწყობილობა ტორპედოს მოცემული ტრაექტორიით მოძრაობისა და აფეთქებისათვის (1924 წელი), ფარული რადიოსიგნალიზაციის ხელსაწყო, მანძილზე მართვის ხელსაწყო მცურავი კატარღებისათვის (1926 წელი) და სხვ. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით.

რადიოფუგასები

რედაქტირება

ვლადიმერ ბექაურის ხელმძღვანელობით შემუშავდა და შეიარაღ­ებაში შევიდა დისტანციურად მართვადი რადიოფუგასები, სახელწოდებით „ბემი“, რომლის მოქმ­ედების პრინციპი იყო შემდეგი: მენაღმეები სტრატეგიულ ობიექტზე,­ რომელიც, სავარაუდოდ, შეიძლებოდა მოწინააღმდეგეს დაეკავებინა, წინასწარ ჩააწყობდნენ რამ­დენიმე ასეულ კილოგრამ ტროტ­ილს და მასზე დაამონტაჟებდნენ რადიოტალღების მიმღებ ხელსაწყოს, აღნიშნული მოწყობილობის ანტენაც კი ასევე შენიღბულად მონტაჟდებოდა შენობაზე. შემდგომ, რაც გერმანელი სამხედრო ხელმძღვანელობა დაიკავებდა ოკუპირებულ ქალაქში­ რომელიმე სახლს და იქ შტაბს განათავსებდა, ქალაქში დარჩენილი საბჭოთა მზვერავები იწყებდნენ სახლის თვალთვალს.ამის შემდგომ თუ დაადგენდნენ, რომ იქ იმართებოდა რაიმე თათბირი, მოსკოვში საბჭოთა კონტრდაზვერვის მთავარ სამმართველოს უგზავნიდნენ დაშიფრულ შეტყობინებას და ამის შემდგომ ისინი წყვეტდნენ აემოქმედებინათ თუ არა ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ვლდიმერ ბექაურის ქალიშვილი – ნინო ბექაური იყო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 30-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი ნერვიული სისტემის ფიზიოლოგიის დარგში. ნინო ბექაურმა შეიმუშავა ირიდოციკლიტების განსაკუთრებით მძიმე ფორმების დროს თვალის ხანგრძლივი სპირტონოვოკაინის რეტრობულბარული ანესთეზიის წესი (გამოქვეყნებულია გამოგონებათა 1960 წლის N22 ბიულეტენში), რისთვისაც საავტორო მოწმობა მისცეს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება