მეჰმედ ვეჰიბ-ფაშა (თურქ. Kaçı Vehip Paşa დ. 1877 — გ. 1940) — ალბანური წარმომავლობის ოსმალო სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, თურქეთ-იტალიის (1911), ბალკანეთის (1912-13), პირველი მსოფლიო ომისა და იტალია-აბისინიის (1935-36) ომების აქტიური მონაწილე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1899 წელს ამთავრებს სამხედრო-საინჟინრო სკოლას, შემდეგ იმპერიის სამხედრო კოლეჯს. კაპიტნის ჩინით სამსახურს იწყებს იემენში დისლოცირებულ ოსმალოთა მე-4 არმიაში. 1909 წელს სამსახურს აგრძელებს იმპერიის სამხედრო სამინისტროში. იმავე წელს იღებს მაიორის წოდებას და ინიშნება კადეტთა სკოლის უფროსად. ბალკანური ომების დროს მსახურობდა თავისი უფროსი ძმის, გენერალ ესად ფაშას, საარმიო კორპუსის შემადგენლობაში. 1913 წლის 20 თებერვალს ბერძნებთან ბრძოლის დროს ტყვედ ვარდება. ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ იგზავნება ჰიჯაზის არმიაში, სადაც იღებს პოლკოვნიკის სამხედრო წოდებას. პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა გალიპოლის ბრძოლაში, სადაც სარდლობდა XV საარმიო კორპუსს, შემდეგ მე-2 არმიას. აქვე იღებს ბრიგადის გენერლის წოდებას. 1917 წლისთვის ოსმალთა კავკასიის ფრონტის სარდალი და გენერალ-ლეიტენანტია. კავკასიის არმიათა ჯგუფში გაერთიანდა მე-9 (გენერალი იაყუბ შევქი ფაშა), მე-3 (გენერალი ესად ფაშა) და მე-6 (გენერალი ჰალილ ფაშა ქუთი) არმიები. 1918 წლის თებერვალ-მარტში წარმატებული შეტევითი კამპანიის შედეგად იღებს პირველი მსოფლიო ომის მსვლელობაში რუსული შენაერთების მიერ დაკავებულ ერზინჯანს, არზრუმსა და ტრაპიზონს. იმავე წლის აპრილს-მაისში მისი არმიების შენაერთები ახდენენ არტაანის, ყარსის, ბათუმის და ალექსანდროპოლისის ოლქების და ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების, ოზურგეთის ოკუპაციას. 1918 წლის ივნისში წამოიწყო შეტევა თბილისზე, რაც ეწინააღმდეგებოდა ოსმალეთის იმპერიასა და საქართველოს დრ-ს შორის გაფორმებულ ბათუმის სამშვიდობო ხელშეკრულებას. ამის გამო გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან. ვეჰიბ-ფაშა კონსტანტინოპოლში არ დაბრუნებულა, დარჩა ბათუმში. აქედან ის სოჭის კონფლიქტის დროს შეეცადა აფხაზეთის აღებს 800 კაციანი დესანტით. 1918 წლის ოქტომბრიდან ინიშნება სრუტეების რაიონში გაშლილი ოსმალთა 1-ლი არმიის სარდლად. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბრიტანელები აპატიმრებენ, მაგრამ ახერხებს ციხიდან გაქცევას და ემიგრაციაში მიდის საზღვარგარეთ. თავს აფარებს ჯერ იტალიას, შემდეგ გადადის გერმანიაში, რუმინეთში, საბერძნეთსა და ეგვიპტეში. ოპოზიციაში უდგება გენერალ მუსტაფა ქემალის მიერ ანატოლიაში დაწყებულ წინააღმდეგობის მოძრაობას. აქტიურად მონაწილეობდა იტალია-აბისინიის ომში (1935-36) აბისინიელთა მხარეს. ომის დასრულების და იტალიური ოკუპაციის შემდეგ ტოვებს ეთიოპიას და გადადის ეგვიპტეში. 1938 წელს ათათურქის გარდაცვალების შემდეგ ბრუნდება თურქეთში და ფუძნდება სტამბოლში. გარდაიცვალა 1940 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: