ვეძათხევის ლომისის ნიში
ვეძათხევის ლომისის ნიში — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ვერხველის ჩრდილოეთით, 1 კილომეტრზე, სწორ ადგილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვის ირეგურალური წყობით, საკმაოდ ტლანქად. გარეთა კედლების წყობაში ალაგ-ალაგ შირიმის თითო-ოროლა ქვაა ჩართული. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია საკურთხევლისა და დარბაზის გადახურვის ნაწილი, მონგრეულია სამხრეთ კედლის დასავლეთ ნახევარი, ჩამოშლილია სახურავის საფარი და ლავგარდანი, მთლიანადაა მორღვეული საპირე წყობა ჩრდილოეთის ფასადზე. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ყოფილა. ეკლესია უაფსიდოა. აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, რომლის შუაში შირიმის ქვით ნაწყობი ვიწრო და მაღალი სწორკუთხა სარკმელია. საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი ტლანქად ნაწყობი შეისრული კამარითაა გადახურული. მსგავსი ფორმისაა დარბაზის კამაროვანი გადახურვის შემორჩენილი ნაწილიც. გარედან კედლები დაგვირგვინებული ყოფილა შირიმის ქვისგან ნაწყობი თაროსებრი ლავგარდნით, რომლის ერთი ქვა ჩრდილოეთის ფასადს შემორჩა. შენობას ირგვლივ რიყის ქვით ნაგები წრიული მოხაზულობის გალავანი ევლებოდა, რომლისგანაც კვალიღააა შემორჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 380.