ვეშაპი (არქეოლოგიური ძეგლი)

(გადამისამართდა გვერდიდან ვეშაპი (ძეგლი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვეშაპი (მრავალმნიშვნელოვანი).

ვეშაპი — მეგალითური ძეგლი. ფანტასტიკური თევზის — ვეშაპის ქვის ქანდაკება (5 მ-მდე სიმაღლისა). ვარაუდით ძვ. წ. II ათასწლეულს მიაკუთვნებენ. ასეთი ძეგლები გვხვდება სომხეთში, საქართველოში, ჩრდილოეთ კავკასიასა და მონღოლეთში. თავდაპირველად ეს ქანდაკებები ნაყოფიერებისა და წყლის ღვთაებასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული; მოგვიანებით მათ სომხები ავი სულების გამოსახულებად თვლიდნენ და დრაკონს და გველეშაპს უწოდებდნენ.

ვეშაპი, აღმოჩენილია გეღამის მთებში, სომხეთი. ინახება მატენადარანში.
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ვეშაპის მეგალითური ძეგლი პირველად სომხეთში გეღამის მთებში აღმოაჩინეს[კ 1]. იმ ადგილს სადაც მიაგნეს ამდაგვარ ძეგლებს, ადგილობრივი მოსახლეობა „ვიშაპნერ“-ს უწოდებს. შემდეგ ამგვარისახის ძეგლები საქართველოშიც აღმოჩნდა. ზემოთ აღნიშნულის გავლენით ესენიც ვეშაპებად არიან ცნობილნი ლიტერატურაში[1]. ასეთივე სახის ძეგლები აღმოჩნდა ზიარეთის ტბასთან მდინარე ჭოროხის აუზში. გარდა ამისა ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ვეშაპები გავრცელებული უნდა იყოს მდინარე არაქსის სამხრეთ რაიონებშიცო[2]. ამ რიგის ძეგლები კაკასიის გარეთაც არის ცნობილი, მაგალითად, საიანის მთების ფერდობებზე ჩრდილოეთ მონღოლეთში. ეს ძეგლებიც ვეშაპთა რიცხვშია მოქცეული.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ტერმინი ვეშაპი იხმარება ადრინდელ ქართულ საისტორიო ლიტერატურაში. როცა ავტორს სურს ყურადრება გაამახვილოს რაიმე საზარელზე, დიდზე და უჩვეულოზე, იგი ხმარობს ტერმინს ვეშაპი. ასე მაგალითად, გიორგი მერჩულეს სიტყვით: „კუალად ორნი საშინელნი ვეშაპნი გამოჩნდეს ანჩის ვენახსა, და მევენახენი ივლტოდეს, ხოლო ზაქარია ლოცვითა მოაკუდინნა იგინი და კაცნი იგი სიხარულით ჰმადლობდეს ქრისტესა“[3]. ასევე ხმარობს ამ ტერმინს იოანე საბანისძე, რომლის სიტყვით: „და რა ჟამს განთენა მეათეც იგი დღე... იყო დღე იგი პარასკევი; და თქუა ნეტარმან მან. დიდ არ ჩემდა დღე ესე, რამეთუ ვხედავ ორკერძოვე ძლევასა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესსა, რამეთუ დღესასწაულსა ამას შთახდა მდინარესა მას იორდანისასა განშიშულებული ნათლის-ღებად და სიღრმესა მას შინა წყალთასა დამალულსა მის ვეშაპისა თავები ძალითა ღმრთეებისაითა შემუსრა...“[4] უცნობი ავტორის მიერ ქართლის ცხოვრებაში აღნიშნულია: „არა დამორჩილდა მხნე მხნეთა და გოლიათი გოლიათთა, ჭეშმარიტად მიმღები მოწამეთა ღვაწლითა გვირგვინსა, თვით სეხნაობითაცა მიმსგავსებული გიორგი: მან თუ ერთი ვეშაპი, ამან კულა ბევრნი ბევრთა სახენი ასპიტთა და იქედნეთანი სძლივნა უძლეველმან მხედარმან, მართობთაცა შინა გონებისათა მიმართ“[5]. გიორგი კაპადოკიელის „წამებაში“ აღნიშნულია: „რამე თუ მახლობელად ქალაქისა მის იყო ტბაი, შესაკრებელი წყალთაი და ტბა მას შინა იყო ვეშაპი დიდი, რომელი განვიდოდა დღე ყოველ, მოსვრიდა და შესჭამდა ერთსა მცხოვრებთაგან მის ქალაქისათა“[6]. ვეფხის ტყაოსანში ვეშაპი მზის დამაბნელებად გვევლინება: „მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგვითენდა“[7].

ტერმინი ვეშაპი სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ასეა განმარტებული: „ვეშაპი-თევზია დიდი ზღვასა შინა უკიანესა, რომელმან იონა შთანთქა. ვეშაპად ყოველთავე უფროსად დიდთა ცხოველთა წყალთასა უწოდეს“[8].

ნიკო ჩუბინიშვილის ლექსიკონის მიხედვით: „ვეშაპი /თევზ./ დიდი თევზი ანუ ცხოველი წყლისა“. აქვე არის განმარტებული გველეშაპი, გველვეშაპი-ფრთებიანი და ფეხებიანი გველი[9].

საყოველთაოდ ცნობილ კომპენდუმებში აღნიშნულია: „ვიშაპი — თევზის უძველესი მონოლითური სტატუებია“ ანდა „ვიშაპი (სიტყვა ირანული წარმოშობისაა) — ქვის ქანდაკებაა (5 მეტრამდე), რომელიც გამოხატავს თევზს ანდა გამოსახულია მასზე ცხვრის ტყავი“.

ივანე ჯავახიშვილი არკვევს რა ქართულ წარმართულ პანთეონს, აღნიშნავს: „ერთხელ ამირანს შავ გველეშაპთანაც კი მოუვიდა ომი. ეს შავი გველეშაპი იწოდება აგრეთვე „ქარცეცხლად“. სვანურ თქმულებაში ეს გველეშაპი (ზოგან დევად გადაკეტებული) კლდის თავსა ზის და მატყლს ართავს... ეს ის ვეშაპია, რომლებიც მზეს ჩაყლაპავს ხოლმე და სწორედ ამიტომ მოხდება ხოლმე მზის დაბნელება. ფშაური თქმულებისამებრ შავი ვეშაპის „ქარცეცხლის“ ბინა შავ ზღვაშია“[10].

შალვა ამირანაშვილი აღნიშნავს: „მეგალითების მეორე კატეგორიას მიეკუთვნება მონოლითები ე. წ. „აღმართული ქვები“ — მენჰირები და და თევზთა ქანდაკება-ვეშაპები“[11].

საყურადღებო აზრი აქვს გამოთქმული მიხეილ ჩიქოვანს: „დედამიწის ყველა ნაწილში მოიპოვება ისეთი შინაარსის თქმულებები, სადაც გველი ან გველეშაპი ქალს იტაცებს, ზოგჯერ მას თვითონ ადამიანები მიართმევენ ქალს მსხვერპლად. წყლის მფლობელ გველეშაპებისადმი ქალიშვილის მირთმევა, ადამიანის მსხვერპლად შეწირვის ერთ-ერთი სახეა, რომელსაც თავის დროზე სამეურნეო მნიშვნელობა ჰქონდა“[12].

გ. ჩიტაია ქვა-თევზების ვეშაპების სახელს ხურიტულ Vi-sti-i-sa-ap-hi-//Pi-sa-o-sa-ap-hi-l-ს ნაყოფიერების ღვთაებას უკავშირებს.

ნიკო მარის მიხედვით სიტყვა ვეშაპი უკავშირდება სირიულ Уušpā-ს და ქალდეველი ღმერთის Теiшба-ს სახელს. „მაშასადამე, Теisba მსგავსია მის პროტოტიპ Теишба-სი. იგი შედგენილი სიტყვაა te-სა და iшба-საგან ან და შედარებით ძველი ფორმაა ишба-სი. პირველი სიტყვა შედგენილობის თანახმად მეორორის განსაზღვრებაა...“ „მეორე ნაწილი iшба (არქაული ишба) ფორმით ამჟღავნებს ელამურ წარმომავლობას: ეს მრ. რიცხვი ba//pa იგივეა, რაც ав//ар არსებული ფორმა ელამური მრ. რიცხვისა სიტყვა iшба<ишба, როგორც ჩანს, წარმოადგენს ორეულს სომხური ხალხური სიტყვის иш-ар, ტოლია ош-ар ანდა ош-аl: იგი კარგადაა ცნობილი ჩვენთვის ძველი სომხური ლიტერატურის სახესხვაობით viш-ap და ქართული veш-ap“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Пиотровский Б.Б. Вишапы. Каменные статуи в горах Армении, Издание Армянского филиала АН СССР, Ленинград, 1939
  • Марр Н.Я., Смирнов Я.И. Вишапы // Труды Государственной Академии Истории Материальной Культуры, т. I, Ленинград, 1931
  • Мещанинов И.И. Каменные статуи рыб — вишапы на Кавказе и в Северной Монголии // Записки Коллегии Востоковедов, I, Ленинград, 1926

კომენტარები

რედაქტირება
  1. ამ რიგის ძეგლები საქართველოში ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მიაკვლიეს რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე სომხეთში, მაგრამ მათ ფალოსის კულტს უკავშირებდნენ
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ლ. მელიქსეთ-ბეგი, „მეგალითური კულტურა საქართველოში“, 1938, 92-107
  2. Пиотровский Б. Б. Вишапы. Каменные статуи в горах Армении, Издание Армянского филиала АН СССР, Ленинград, 1939 გვ. 10
  3. გიორგი მერჩულე, „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა, და მოყუასთა, და მოწაფეთა მისთა“. (პ. ინგოროყვას რედაქციით) თბ., 1949, გვ. 165
  4. იოანე საბანისძე, „მარტვილობა აბო თბილელისა. ადრინდელი ფეოდალური ქართული ლიტერატურა“, (კ. კეკელიძის რედაქციით) თბ., 1935, გვ. 71-72
  5. ქართლის ცხოვრება, ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი (ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით) თბ., 1959, გვ. 7-8
  6. კ. კეკელიძე, „წმინდა მხედარი, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, თბ., 1945, გვ. 6-12
  7. შოთა რუსთაველი, „ვეფხის ტყაოსანი“, თბ., 1963, გვ. 227
  8. სულხან-საბა რობელიანი, ლექსიკონი ქართული, თბ., 1966, გვ. 360
  9. ნ. ჩუბინაშილი, ქართული ლექსიკონი, თბ., 1961, გვ. 177
  10. ივ. ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, თბ., 1960, გვ. 153
  11. შ. ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1961, გვ. 11
  12. მ. ჩიქოვანი, „ვეშაპთ მებრძოლი გმირი და წმინდა მხედარი“, თბ., 1949, გვ. 273