ვერა (ფეფიკო) ვარაზაშვილი

ქართველი ჰუმანიტარი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვერა (ფეფიკო) ივანეს ასული ვარაზაშვილი (დ. 1918, ბორჯომი — გ. 14 აგვისტო, 1937) — ქართველი ჰუმანიტარი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვერა ვარაზაშვილი დაიბადა ბორჯომში 1918 წელს. იგი იყო ასული ივანე ვარაზაშვილისა და ელისაბედ მიროტაძის.

მამა, ივანე ვარაზაშვილი ცნობილი ინჟინერი იყო, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მიერ აქტიურად იდევნებოდა. იგი 1928 წელს, სპარსეთის შაჰის, რეზა–შაჰ ფეჰლევის მიწვევითა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლკების კავშირის მთავრობის ნებართვით, ირანში გაემგზავრა და სათავეში ჩაუდგა ირანიდან ინდოეთის საზღვრამდე რკინიგზის გაყვანას. მოგვიანებით, 1930-იან წლებში, საზღვრების ჩაკეტვისა და საბჭოთა კავშირში აგორებული რეპრესიების გამო, ივანე ვარაზაშვილს მოუწია თეირანში დარჩენა. იგი თეირანიდან უწევდა ოჯახს ფულად დახმარებას. ივანეს სამი ვაჟი ჰყავდა, მაგრამ ფულს ვერას სახელზე აგზავნიდა იმ იმედით, რომ მას ხელს არ ახლდებდნენ.

ამის მიუხედავად, 19 წლის ვერა ვარაზაშვილი დააპატიმრეს. 1937 წლის 11 აგვისტოს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სამეულმა მას ბრალად ქართული ნაციონალ-სოციალისტურ-ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრობა წაუყენა და უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა. ტყუილი ბრალდების საფუძველზე, უდანაშაულო 19 წლის ვერა 1937 წლის 14 აგვისტოს დახვრიტეს.

1951 წელს ვერას დედა და ივანეს ცოლი ელისაბედ მიროტაძე, მის სამ ვაჟთან ერთად შუა აზიაში გადაასახლეს. 1953 წელს იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ინფორმაციით, 1937-1938 წლებში ათიათასობით ადამიანი დახვრიტეს ან გადაასახლეს საქართველოდან. ამ ორი წლის განმავლობაში 163 ქალს მიესაჯა სიკვდილით დასჯა, მათგან ყველაზე ახალგაზრდა 19 წლის ვერა ვარაზაშვილი იყო. ვერა ვარაზაშვილი მიჩნეულია საბჭოთა რეპრესიების ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება