ვია „ვერასი“ (ბელარ. верас, რუს. Вереск — ყვავილოვან მცენარეთა გვარი მანანასებრნის ოჯახიდან) — ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი, რომელიც შეიქმნა 1971 წელს. ჯგუფის ყველაზე ცნობილი სიმღერებია: „მალინოვკა", „ზავირუხა“, „კარნავალი“, „მე ბებიასთან ვცხოვრობ“ (ტექსტი ი. შაფერანის, მუსიკა ე. ხანოკის), „თეთრი იალქანი“.

ვერასი
ბიოგრაფია
ჟანრ(ებ)ი როკ-მუსიკა
ფოლკ-როკი
პოპ-როკი
აქტიური 1971-დან
ლეიბლ(ებ)ი „მელოდია“
ყოფილი წევრები იადვიგა პაპლავსკაია
ალექსანდრე ტიხანოვიჩი
ნადეჟდა მიკულიჩი
საიტი verasy.com
ვერასი ვიკისაწყობში

ანსამბლის წევრები

რედაქტირება

ანსამბლი „ვერასი“ შეიქმნა 1970-იანი წლების დასაწყისში ბელორუსიის სახელმწიფო ფილარმონიაში გოგონების ჯგუფის სახით.[1] გუნდის შექმნის იდეა ეკუთვნოდა კონსერვატორიის სტუდენტს ტაისია ტლეხუჩს (მირონოვა), რომელმაც გადაწყვიტა შეექმნა „პესნიარის“ მსგავსი ქალების ჯგუფი.

ასე გამოჩნდა ვია „ვერასი“, რომელშიც თავდაპირველად მხოლოდ გოგონები შედიოდნენ: იადვიგა პაპლავსკაია, ლუცინა შემეტკოვა, ტაისია ტლეხუჩი და ტატიანა ტარასოვა (1971 წლის შემადგენლობა), 1972 წელს მოვიდნენ ლუდმილა ისუპოვა და ნადეჟდა მიკულიჩი.

ანსამბლმა დაიწყო აქტიური ტური ბელორუსიის სსრ-ის დამსახურებულ არტისტ, ედუარდ მიცულთან ერთად.[2] ორი წლის შემდეგ, ჯგუფს შეუერთდა მომღერლის აკომპანიმენტის გუნდი იური რიმაშევსკის ხელმძღვანელობით და რიმაშევსკი ავტომატურად გახდა „ვერასის“ მუსიკალური ხელმძღვანელი. გუნდში მოვიდა ასევე ალექსანდრე ტიხანოვიჩი, მისი მომავალი მეუღლის (იადვიგა პაპლავსკაია) მიმართ ინტერესის გამო.[3]

1974 წელს საესტრადო არტისტების მეხუთე საკავშირო კონკურსზე, უკვე პირველი ტურის შემდეგ, ახალგაზრდა კოლექტივმა მიიპყრო ჟიურისა და მსმენელთა ყურადღება, რომლებმაც აღნიშნეს მათი ორიგინალური სიმღერის სტილი და ინტონაციის სისუფთავე. წარმატებით გამოვიდნენ მეორე და მესამე ტურებში ალექსანდრა პახმუტოვას სიმღერით ნიკოლაი დობრონავოვის სიტყვებზე „ჩვენ სიმღერებში დავრჩებით“ და ანსამბლი „ვერასი“ გახდა საკავშირო კონკურსის გამარჯვებული,[4] მაგრამ ისინი კონკურსიდან ხელმძღვანელის გარეშე დაბრუნდნენ. იური რიმაშევსკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გუნდის ხელმძღვანელობა შესთავაზეს იადვიგა პოპლავსკაიას, ანსამბლის არაფორმალურ ლიდერს. მაგრამ იადვიგამ უარი განაცხადა. ალექსანდრე ტიხანოვიჩისა და იადვიგა პოპლავსკაიას წინადადებით, ეს ადგილი დაიკავა კომპოზიტორმა ვასილი რაინჩიკმა, ტიხანოვიჩის ძველმა მეგობარმა, რომელმაც დაამთავრა კონსერვატორია პიანისტის სპეციალობით და იმ წლებში რესტორნებში უკრავდა.

კომპოზიტორმა ედუარდ ხანოკმა აანსამბლს შესთავაზა სიმღერა „მალინოვკა“.[5] სიმღერა ჩაწერა ფირმა „მელოდიამ“, ალექსანდრე ტიხანოვიჩმა სოლოს ასრულებდა პირველ და მესამე სტროფზე, მეორეს მღეროდნენ გოგონები: ნადეჟდა მიკულიჩი, გალინა პუჩკოვა და იადვიგა პაპლავსკაია. მისამღერს კი ყველანი ერთად მღეროდნენ. იადვიგას ეკუთვნის ცნობილი სასტვენის დამატების იდეა. სათამაშო სასტვენი-ჩიტი მან დისშვილისგან ინათხოვრა. თუმცა, „სიმღერა-80“-ზე „მალინოვკა“ შეასრულეს ოდნავ განსხვავებული შემადგენლობით: სცენაზე გამოჩნდნენ სვეტლანა სკაჩკო და ნადეჟდა დაინეკო და ჟღერდა ფონოგრამა, რომელიც მათ საერთოდ არ ჩაუწერიათ. იადვიგა პაპლავსკაია და ნადეჟდა მიკულიჩი ვერ დაესწრნენ ჩანაწერს, რადგან დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდნენ. სიმღერა „მალინოვკას“ დიდი წარმატების შემდეგ „ვერასი“ საბჭოთა ესტრადის ელიტაში შევიდა.

ანსამბლი საპატიო სტუმრებს შორის მიიწვიეს ოქროს ორფეოსის ფესტივალზე, რომელიც გაიმართა ბულგარეთში. ავსტრიიდან ფესტივალზე მოვიდა ჯგუფი „სუპერმაქსი“, გერმანიიდან — მომღერალი პრეშეს უილსონი (ჯგუფ „Eruption“-ის სოლისტი).[4] ამ წელს ანსამბლი დატოვეს ლეონიდ კოშელევმა, ლუცინა შემეტკოვამ, ნადეჟდა მიკულიჩმა.

ვასილი რაინჩიკმა ანსამბლში თავისი მეუღლე, ირინა ცვეტკოვა მიიყვანა და კლავიშებიან ინსტრუმენტთან დააყენა.

ანსამბლი მონაწილეობს სატელევიზიო გადაცემის „საახალწლო ატრაქციონის“ გადაღებაში, რომელსაც წამყვანები იგორ კიო და ალა პუგაჩოვა უძღვებიან. ანსამბლის ხელმძღვანელის ვასილი რაინჩიკის სიმღერა „კარნავალი“, რომელიც „საახალწლო ატრაქციონში“ იყო ნაჩვენები, 1984-1985 წლებში ჰიტად იქცა.

1985 წელს „ნარკოტიკების სკანდალი“ ატყდა. გუნდში ინტრიგები დაიწყო. ალექსანდრე ტიხანოვიჩის ანსამბლიდან გასაშვებად მთელი დივერსია განხორციელდა. საკონცერტო კოსტუმის ჯიბეში მარიხუანას ტომარა ჩაუდეს და ტიხანოვიჩი ნარკოტიკების მოხმარებისა და გავრცელების ბრალდებით დააკავეს. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთით დაემუქრნენ და დაკითხვის მკაცრი მეთოდები გამოიყენეს, მათ შორის მორალურიც — შეატყობინეს, რომ დედას ინფარქტი ჰქონდა და ცოლს არ სურდა მისი ნახვა. იღბლიანი შემთხვევის წყალობით, ტიხანოვიჩს დაკავებისას სხვა ტანსაცმელი ეცვა. სასამართლო პროცესზე ასევე გაირკვა, რომ საკონცერტო კოსტიუმი, რომელშიც აკრძალული ნივთიერებები აღმოაჩინეს, ტიხანოვიჩისთვის ძალიან დიდი ზომისა იყო. ალექსანდრე გაამართლეს და შეეძლო ანსამბლში დაბრუნება, მაგრამ იადვიგა პოპლავსკაიამ და ალექსანდრე ტიხანოვიჩმა ინციდენტის შემდეგ იქ მუშაობა შესაძლებლად აღარ ჩათვალეს. მათ დატოვეს კოლექტივი და წავიდნენ ახლად ჩამოყალიბებულ ორკესტრში, რომელსაც დირიჟორობდა მიხაილ ფინბერგი. მალე მათ შექმნეს ჯგუფი „ბედნიერი შემთხვევა“. ბოლო წლების ინტერვიუში ტიხანოვიჩმა განაცხადა, რომ მან აპატია დამნაშავეს.

 
ალექსანდრე ტიხანოვიჩი და იადვიგა პაპლავსკაია. სევეროდვინსკი, საზღვაო ძალების დღე (2009)

ედუარდ ხანკისა და ლარისა რუბალსკაიას სიმღერით „ბედნიერი შემთხვევა“, პაპლავსკაია და ტიხანოვიჩი „წლის სიმღერის“ ფესტივალის ლაურეატები გახდნენ. მოგვიანებით მოეწყო „იადვიგა პოპლავსკაიასა და ალექსანდრე ტიხანოვიჩის სიმღერის თეატრი“, რომლის სკოლისა და სტუდიის გავლით ბევრი ახალგაზრდა ბელორუსი შემსრულებელი გაიზარდა. ანსამბლ „ვერასში“ კი გამოჩნდნენ ახალი არტისტები, რომელთაგან ყველაზე ცნობილია ლიკა იალინსკაია (ახლა ცნობილია როგორც ანჟელიკა აგურბაში) და ირინა დოროფეევა. ახლა ისინი ბელარუსის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტები არიან.

ამჟამად სოლო კონცერტებს მართავს ანსამბლი „ვერასი", რომელიც არის ბელარუსის ახალგაზრდული საესტრადო თეატრის წევრი. 1997 წელს ანსამბლ „ვერასთან“ შეიქმნა საბავშვო ანსამბლი „ვერასიატა“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Вячеслав Настецкий. (2016-10-28) О создании ВИА "Верасы". ციტირების თარიღი: 2017-02-12.
  2. Щедрый талант Эдуарда Мицуля. ციტირების თარიღი: 2018-10-13
  3. Верасы. ციტირების თარიღი: 2008-12-24
  4. 4.0 4.1 Верасы. ციტირების თარიღი: 2008-12-23
  5. Автор песен «Верасов» и Хиля Эдуард Ханок — о белорусских ВИА и современной музыке. ციტირების თარიღი: 2022-10-17