ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვენცელი (გერმ. Wenzel, ჩეხ. Václav, იტალ. Venceslao;) (26 თებერვალი 1361 - 16 აგვისტო 1419) — ლუქსემბურგის დინასტიიდან. გერმანელთა მეფე. 1378 - 1400 წლებში, ჩეხეთის მეფე 1378 - 1419 წლებში, კარლ IV-სა და ანა შვეიდენელის ვაჟი. იქორწინა 1370 წელს იოანაზე, ბავარიის ჰერცოგის, ალბერტის ასულზე და 1389 წელს სოფიაზე, ბავარიის ჰერცოგის, იოანეს ასულზე.

ვენცელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვენცელს სამეფო ძალაუფლება მემკვიდრეობით ერგო 18 წლის ასაკში. იგი უზრუნველი და თვითნება ახალგაზრდა იყო, ძალიან ადრე შეეგუა ფუფუნებას, მბრძანებლობას და წარუმატებლობის შემთხვევაში ტოვებდა საქმეს. იგი არ იყო სულელი, მაგრამ ჰქონდა სუსტი ხასიათი. კვირების განმავლობაში ნადირობდა და ავიწყდებოდა საქმე. ნადირობას მან თავი იმის შემდეგაც არ მიანება, როდესაც მონადირე ძაღლებმა დაღრღნეს საძინებელში მისი პირველი ცოლი იოანა. ამის გარდა, დროთა განმავლობაში იგი სულ უფრო და უფრო ლოთდებოდა და სიმთვრალეში ბევრ ტირანულ საქციელს ჩადიოდა. თუმცა როდესაც ფხიზელი იყო და საღ გონებაზე, იგი თავს ავლენდა როგორც სამართლიანი და საერთო კეთილდღეობაზე მზრუნველი მმართველი.

ჩეხეთი მან მემკვიდრეობით აყვავებული მიიღო, ხოლო გერმანიაში სრული არეულობა სუფევდა. მმართველობის პირველ წლებში ვენცელი ცდილობდა მოერიგებინა ერთმანეთში დაპირისპირებული პარტიები, მაგრამ ეს მის ძალებს აღემატებოდა. იგი უმეტეს დროს ჩეხეთში ატარებდა, სადაც ჯერ კიდევ სუფევდა მამამისის მიერ დამყარებული წესრიგი. თუმცა მეფის გამო იქაც დაიწყო არეულობა. ვენცელმა სცადა ფეოდალებისთვის კორონული მამულების შემცირება, მაგრამ ეს მშვიდონიანი გზით ვერ მოახერხა და მიმართა ძალადობას. 1389 წელს შეკრიბა ჯარი. ვასალებისთვის ცალ-ცალკე ბანაკი შექმნა. შემდეგ რიგრიგობით იძახებდა და ეკითხებოდა რამდენი გადაიხადეს კორონული მამულებისთვის და რა შემოსავალი მოუტანა მათ ამ მამულებმა. ვინც არ პასუხობდა, სხვა ოთახში გაყავდათ და იქვე კლავდნენ. სასულიერო პირებსაც, რომლებსაც დიდძალი მამულები ჰქონდათ და გადასახადების გადახდა არ სურდათ, მეფე ასევე მკაცრად ეპყრობოდა. მას საერთოდ არ ჰქონდა ეკლესიისადმი პატივისცემა. მისი მმართველობისას პრაღაში დაარსდა ბეთლეემის ეკლესია, სადაც ღვთისმსახურება ჩეხურად მიმდინარეობდა. ვენცელის ყველა ნათესავი, განსაკუთრებით კი მისი ბიძაშვილი, იობსტი მუდმივად კავშირში იყვნენ მეფით უკმაყოფილო ფეოდალებთან და მეფის წინააღმდეგ საიდუმლო შეთქმულება დაიწყო. გადაწყვიტეს მეფის შეპყრობა და დატუსაღება, სანამ იგი არ დააბრუნებდა წართმეულ მამულებს. 1394 წლის მაისში ვენცელი შეთქმულებმა შეიპყეს და პრაღის ციხესიმაგრეში გადაიყვანეს. ერთი თვის განმავლობაში ისინი აიძულებდნენ მეფეს დათანხმებულიყო მათ მოთხოვნებზე. საბოლოოდ ვენცელი დათანხმდა და გამოსცა მანიფესტი, რომლითაც უბრუნებდა ფეოდალებს მამულებს და იობსტს ჩეხეთის ვიცე მეფედ ნიშნავდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მან უპირველეს ყოვლისა შური იძია პრაღის ბურგამისტრზე. ვენცელმა იგი თავის ციხე-სიმაგრეში დაიბარა და თავი მოკვეთა. ამ საქციელით მან მშვიდობას ვერ მიაღწია. მტრები ისევ გაერთიანდნენ მის წინააღმდეგ. ისინი ერთსულოვანნი იყვნენ და მეფეზე უკეთ მოქმედებდნენ, რომელსაც არც არმიასთან არც მარკგრაფ იობსტთან შეეძლო მორიგება. 1396 წლის დასაწყისში ვენცელი პრაღაში ჯალათთან ერთად დადიოდა და ვისაც მტრად მიიჩნევდა, ბრძანებდა მის მოკვლას საკუთარი სახლების წინ. აჯანყების საშიშროებამ მას აიძულა შერიგებაზე ეფიქრა.

გადაყენების შემდეგ

რედაქტირება

საფრთხე სხვა მხრიდან მოვიდა. გერმანიაში უკვე დიდი ხანია უკმაყოფილება სუფევდა მეფის გულგრილობის გამო. დიდებულები ბჭობდნენ უვარგისი მეფის გაგდებაზე. ბევრი თვლიდა, რომ უკეთესი იქნება თუ კი მეფე გერმანელი იქნება. 1400 წლის აგვისტოში 4 კურფიურსტი შეიკრიბა ობერლანშტეინში, გადააყენეს ვენცელი და მის ნაცვლად პფალცგრაფი რუპრეხტ I აირჩიეს.

1401 წელს ახალი იმპერატორის ლუდვიგი, არმიის სათავეში, ჩეხეთში ჩავიდა. ბევრმა ჩეხმა დიდებულმა მას მხარი დაუჭირა. ვენცელს პრაღაში ალყა შემოარტყეს და მალე მტრების ყველა მოთხოვნებზე დათანხმდა. მმართველობა სახელმწიფო საბჭოს გადაეცა, ხოლო მეფე ფაქტობრივად უუფლებო გახდა. მის ნაცვლად, მისი ძმა, უნგრეთის მეფე, ზიგიზმუნდი მმართველობდა. მან ბრძანა ვენცელის დაპატიმრება და ავსტრიაში გაგზავნა. ამჯერად იგი წელიწად ნახევარი იყო ტუსაღი. 1403 წელს სიგიზმუნდი უნგრეთში დაბრუნდა და იმავე წლის ნოემბერში ვენცელი გაიქცა ციხიდან.

ჩეხეთში თავიდან გამეფება

რედაქტირება

ვენცელი ჩეხეთში დაბრუნდა, სადაც კარგად შეხვდნენ, რადგან მისი ძმით უკმაყოფილონი იყვნენ. ამიერიდან ვენცელი უფრო გონივრულად იქცეოდა და შეძლო ტახტზე დამკვიდრება. მან მმართველობა საკმაოდ კარგად განაგრძო. მხოლოდ უკანასკნელ წლებში დაიწყო ახალი არეულობები. ვენცელი არაფერს ცუდს არ ხედავა იან ჰუსის შეხედულებებში და უფლება მისცა პრაღაში ექადაგა. იგი, როგორც ყველა ჩეხი შეშფოთებული იყო ჰუსის დაწვის გამო 1415 წელს. როდესაც 1418 წელს პაპმა მარტინ V-მ განაახლა პაპი ბონიფაციუსის საინკვიზიციო ბულა და მოითოვა, რომ საერო ხელისუფლებას ედევნა ეკლესიის მიერ ერეტიკობაში ბრალდებულნი, ვენცელი ამას ეწინააღმდეგებოდა. მაშინ პაპი მას სასამართლოთი დაემუქრა, ხოლო მისმა ძმამ კი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იმპერატორად იყო არჩეული, უარყო იგი, როგორც ერეტიკოსი. ვენცელს შეეშინდა და 1419 წელს ბრძანა, რომ საერო სასამართლოებს განეხილათ ერეტიკოსთა საქმეები. საპასუხოდ მთელმა პრაღამ იარაღი აიღო ხელში. მეფემ თავი ვენცელშტაინს შეაფარა და მალე ინსულტით გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва.
  • Lindner, Thomas. Deutsche Geschichte unter den Habsburgern und Luxemburgern. Vol. II. Stuttgart, 1893.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვენცელი_(სრი)“-დან