ვედრების ღვთისმშობლის ეკლესია

ვედრების ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედრებაში. მდებარეობს სოფლის დასავლეთით, მთის ფერდობზე, სასაფლაოს ტერიტორიაზე. ეკლესიაზე გაირჩევა ორი სამშენებლო ფენა. თავდაპირველი ნაგებობა სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX-X საუკუნეებით. ნაშენია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით, წყობის რიგების ჰორიზონტალობა დაცულია მკაცრად. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი განსხვავებული საშენი მასალით განუახლებიათ. ამის შედეგად ნაგებობას თავდაპირველი სახე რამდენადმე შეცვლილი აქვს. სავარაუდოა, რომ ამავე ხანებშია მიშენებული ჩრდილოეთ მხრიდან რამდენიმე სწორკუთხა სათავსი.

ეკლესია დარბაზულია (10,6 X 6 მ). შესასვლელი ორია — სამხრეთით (შემორჩენილია წირთხლის ქვა) და დასავლეთით (მოგვიანებით შეუვიწროებიათ და დაუდაბლებიათ). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელი იყო (შემორჩენილია თაღის მოხაზულობა). შეკეთების დროს სარკმელი დაუპატარავებიათ. სარკმლის ორივე მხარეს, იატაკიდან დაახლოებით 1,6 მეტრის სიმაღლეზე, თითო მაღალი სწორკუთხა ნიშია (მოგვიანებით ამოუქოლიათ). ამ ნიშების ქვემოთ, თითქმის იატაკის დონეზე, კიდევ თითო სწორკუთხა ღრმა ნიშია. აფსიდში, სამხრეთით (იატაკიდან დაახლოებით 4 მეტრის სიმაღლეზე) შემორჩენილია მოზრდილი სარეზონატორო ქვევრების ნაშთები. დარბაზის კამარა ეყრდნობა კრონშტეინებზე შედგმულ საბჯენ თაღს (მცირე ნაწილი შემორჩენილია ჩრდილოეთის კედელზე).

ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში საკურთხევლის კუთხესთან, გაჭრილია ჩრდილოეთის სწორკუთხა სათავსში (სამკვეთლო) შესასვლელი თაღოვანი კარი. სათავსს აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელი აქვს. სამხრეთის კედელში ორი მცირე სწორკუთხა ნიშია. სათავსი გადახურულია უსწორო შეისრული სხმული კამარით.

ტაძრის აღდგენა განხორციელდა მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით 2001-2007 წლებში, მანვე 2007 წლის 29 სექტემბერს ტაძარი აკურთხა დედათა მონასტრად. ქტიტორები არინ თამაზ-გიორგი სურამელი და მაია მწარიაშვილი.

ლიტერატურა

რედაქტირება