ვედრებისის წმინდა გიორგის ეკლესია
ვედრებისის წმინდა გიორგის ეკლესია — XVI საუკუნის არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, ნასოფლარ თარაქის ზემოთ 2 კილომეტრზე, მანავის ცივის მაღალი მთის, ტყით დაფარულ ერთ-ერთი ფერდის, გავაკებულ წვერზე. სახელი „ვედრებელა“ ფშაველების შერქმეული უნდა იყოს, რომლებიც წელიწადში ერთხელ, გარე კახეთიდან ცივის მთაზე საქონლის გარეკვის დროს, ამ ეკლესიას მსხვერპლს სწირავდნენ.
ეკლესია ნაგებია კვადრატული აგურით და კირის სქელი ხსნარით. ფასადებზე საძირკველთან გამოყენებლია რიყის დიდი ზომის ქვა. ეკლესია გეგმით ჯვრის ფორმის ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომლის კედლების ნაწილი აფსიდებიანია ნაწილი კი სწორკუთხა. სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებში შესასვლელები თავზე, ოდნავ შეისრულთაღოვანი სარკმლებია გაჭრილი. გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეები ვიწრო მხრებითაა აქცენტირებული, რომლებიც ქვემოთ სწორკუთხედებზეა დამყარებული. გარედან ეკლესია რვაწახნაგაა. დიაგონალზე მდებარე წახნაგები უფრო დაბალია და ყოველ მათგანში ნახევარწრიული კონქიანი ნიშებია განთავსებული. აღმოსავლეთ ფასადზე კედლის სიბრტყე ოდნავ დაღრმავებულია და ზემოთ დასრულებულია შეისრული, ვიწრო თაღით.
ყოველი მკლავი გადახურული იყო ორქანობიანი სახურავით, რომლის ქვეშ განთავსებული ყოფილა შირიმის ლავგარდანი, წრეთარგისა და ლილვის მქონე პროფილით. გუმბათის ყელი რვაწახნაგაა. ფასადებზე ორი ტონალობის აგურია გამოყენებული ღია ვარდისფერი და მოყავისფრო, ამას ემატება მოყვითალო შირიმის ლავგარდანი და რუხი დუღაბი, რომლის სქელი ფენები უაღრესად თვალსაჩინოა აგურის რიგებს შორის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ანდღულაძე ნ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 128-129.