ვახტანგ მუსხელიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მუსხელიშვილი.

ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი (დ. 1 იანვარი, 1869, სოფ. ბრეძა, გორის მაზრა — გ. 15 აპრილი, 1933, თბილისი) — ქართველი ექიმი, ოფთალმოლოგი, პროფესორი. თბილისის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის თვალის სნეულებათა კლინიკის პირველი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვახტანგ მუსხელიშვილი დაიბადა 1869 წელს სოფელ ბრეძაში, აზნაურ სოლომონ ეფრემის ძე მუსხელიშვილის (მუსხელოვის) ოჯახში. დაამთავრა თბილისის მეორე გიმნაზია და 1892 წელს შევიდა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1898 წელს უნივერსიტეტის კურსის დასრულების შემდეგ, დაიწყო მუშაობა იქვე თვალის სნეულებათა კლინიკაში ორდინატორად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი მეცნიერი, პროფესორი ლეონარდ გირშმანი. ავადმყოფობის გამო მალევე დაბრუნდა საქართველოში და 1900 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის თვალის სნეულებათა საავადმყოფოში გიორგი ტარსაიძის ხელმძღვანელობით. 1913-1917 წლებში ვახტანგ მუსხელიშვილი ჯერ სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის რკინიგზის საავადმყოფოს თვალის სნეულებათა განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

1921 წელს იგი როგორც ამ დარგის ცნობილი სპეციალისტი მიიწვიეს ლექტორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, სადაც განაგებდა თვალის სნეულებათა კლინიკას. 1930 წელს აირჩიეს კათედრის გამგედ და მიანიჭეს პროფესორის წოდება.

ვახტანგ მუსხელიშვილის ხელმძღვანელობით თვალის სნეულებათა კლინიკამ მოკლე დროში ერთ-ერთი საპატიო ადგილი დაიკავა საქართველოს ამავე პროფილის კლინიკებს შორის. იგი რამდენჯერმე იყო მივლინებული სახელგანთქმულ ოფთალმოლოგებთან საბჭოთა კავშირისა და ევროპის კლინიკებში, სადაც ბევრი ახალი მეთოდი აითვისა და პრაქტიკულად დანერგა თბილისის თვალის სნეულებათა კლინიკაში. იგი ბრწყინვალე ოპერატორი გახლდათ და მრავალი ცვლილება შეიტანა ოპერაციულ ტექნიკაში. მის მრავალ მეცნიერულ შრომებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფია რეფრაქციისა და აკომოდაციის შესახებ. კრიუკოვის თვალის სნეულებათა სახელმძღვანელოს მუსხელიშვილისეულმა თარგმანმა გარკვეული როლი შეასრულა ქართველ სპეციალისტთა აღზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებში. რუსულიდან თარგმნა თვალის სნეულებათა სახელმძღვანელო.

მუსხელიშვილის ინიციატივით ყოველწლიურად იგზავნებოდა საექიმო ბრიგადები საქართველოს რაიონებში, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს თვალის დაავადებათა გამოვლენისა და სპეციალური სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში. მისივე ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოს ექიმთა საზოგადოების ოფთალმოლოგთა სექცია, რომელსაც თავადვე უცვლელად ხელმძღვანელობდა.

ვახტანგ მუსხელიშვილი გარდაიცვალა 1933 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ თვალის სნეულებათა კათედრას ხელმძღვანელობდა ოფთალმოლოგი ალექსანდრე შატილოვი (1868 - 1949).

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ნაშრომები

რედაქტირება
  • „ტრახომის წამლობა ბეკერელის (რადიუმის) სხივებით“
  • „თვალის ანატომია, ოფთალმოსკოპია, რეფრაქცია და აკომოდაცია“, ტფილისი, 1936
  • „რეფრაქციის მანკი“, ტფილისი 1925

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შენგელია, მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 211.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 280, თბ., 1994
  • ნ. ბერაძე, ლ. ჩიქოვანი, "თვალის დაავადებები", გვ.16 - 17, თბ., 1987