ვაჩნაძიანის პალატები

(გადამისამართდა გვერდიდან ვაჩნაძიანის სასახლე)

ვაჩნაძიანის პალატები — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ვაჩნაძიანის სამხრეთით გუჯიაურებად წოდებულ ტერიტორიაზე. სწორ ადგილზე. განეკუთვნება IX საუკუნეს.

მოსახლეობაში გავრცელებული თქმულების თანახმად, აქ წინათ ყოფილა მონასტრის სკოლა, რომლის დამთავრების შემდგომ მოსწავლეებს ათონის ივერთა მონასტერში აგზავნიდნენ სწორედ აქ მიუღია განათლება XII-XIII საუკუნეების ქართველ პოეტს ჩახრუხაძეს, რომელსაც მიეწერება „თამარიანის“ ავტორობა.

სასახლე ორსართულიანი ნაგებობაა. ქვედა სართული სამომსახურო-სამეურნეო დანიშნულებისაა, ხოლო ზედა საცხოვრებელსა და საზეიმო დარბაზს შეიცავს. ამის შესაბამისადაა გადაწყვეტილი ფასადების პროპორციებიც — ზედა სართული გაცილებით მაღალია ქვედაზე. სასახლის გრძივი ფასადი მიმართულია მდინარე ბალვენახევისკენ, ხოლო განივი ფასადის ორი სარკმლიდან ალაზნის ველის თვალწარმტაცი ხედი იშლება. შენობა ძირითადად ნაგებია რიყის ქვით. ზოგიერთი ნაწილის წყობაში რიყის ქვასთან ერთად გამოყენებულია მოზრდილი ზომის აგური. თითოეულ სართულზე ერთრიგად განლაგებული სამ-სამი ოთახია. ქვედა სამივე ოთახი დამატებით იყო დანაწევრებული. ძირითადი, ფართო შესასვლელები მოწყობილი იყო სასახლის შუა მოგრძო გასასვლელში ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, ჩრდილოეთ შესასვლელი უფრო განიერია, ვიდრე სამხრეთისა; მოგვიანებით სამხრეთ შესასვლელი ამოუშენებიათ, ზედა ნაწილში კი პატარა ღიობი დაუტოვებიათ.

სამხრეთ კედელში ძლიერ გაგანიერებული ორი სარკმელია. ორივე გადახურულია შირიმის ქვაში გამოკვეთილი თაღით, ჩრდილოეთ კედელში კი კედლის პირამდე ამოშენებული სამი განიერი თაღია, რომლებიც აგურით ყოფილა ნაწყობი, ამ ოთახის დასავლეთ კედელში მოწყობილია დიდი გეგმით ნახევარწრიული ბუხარი, რომელსაც ფასადზე, დიდი დარბაზის ბუხრის მსგავსად კონტრფოსისმაგვარი შვერილი ზურგი აქვს. ბუხრის სამხრეთით გაჭრილია ვიწრო კარი, ხოლო ჩრდილოეთით მოწყობილია ორი პატარა ნიშა, რომლებიც გადახურულია ერთმანეთზე მახვილი კუთხით მიყრდნობილი ორი დიდი ზომის კრამიტით. სასახლის ზედა სართული სამ ნაწილად იყო გაყოფილი _ დიდი დარბაზი აღმოსავლეთ ბოლოში, დასავლეთით მომცრო ოთახი და მათ შორის მოქცეული გასასვლელი. ოთახების გამყოფი განივი კედლებიდან ნაწილებიღაა შემორჩენილი მცირე ნაწილი პირველი სართულის ჩრდილოეთ თაღოვანი მალის თავზე, რომელიც გამოყვანილია კვადრატული აგურით და ნაწილი სამხრეთ კედლიდან პირველი სართულის აღმოსავლეთ ოთახში შესასვლელ კარამდე რის გამოც იმის ზუსტად დადგენა, თუ როგორ უკავშირდებოდა ერთმანეთს, არ ხერხდება. ქვედა ორივე შესასვლელის თავზე არის განიერი და მაღალი თაღოვანი ღიობები, რომელთა წირთხლებში რიყის ქვასთან ერთად აგურიცაა გამოყენებული. ჩრდილოეთ ფასადის ზედა თაღს შემორჩა თაღის ქუსლის შირიმის კაპიტელი, რომლის პროფილს შეადგენს თარო და შეზნექილი მრუდი ზედაპირი. აღმოსავლეთ დიდი დარბაზი განათებული იყო ცხრა, მაღალი და განიერი თაღოვანი სარკმლით, მათგან ოთხი, ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით დაცილებული, სამხრეთ გრძივ კედლებშია გაჭრილი — სამი ჩრდილოეთით, ხოლო ორი, რომლებიც დანარჩენ სარკმლებთან შედარებით გაცილებით განიერია, აღმოსავლეთითაა. ყველა სარკმელი უშუალოდ იატაკის დონიდან იწყებოდა. მათი თაღები ოვალური ფორმისაა — უმნიშვნელო ტეხილით წვერთან. მეორე სართულის დასავლეთ ოთახის სამ კედელზე თითო თაღოვანი ღიობია, სამივე ოთახის კედლებში, სხვადასხვა ადგილას, მოწყობილია ნიშა-თაროები, რომლებიც ისევეა გადახურული, როგორც პირველი სართულის დასავლეთ ოთახის ნიშები.

სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე იყო გამართული. დიდი დარბაზის გრძივ კედლებზე შემორჩენილია რეგულარულად განლაგებული ღრმა საკოჭე ბუდეები სასახლის დასავლეთ ოთახსა და გასასვლელში კოჭების საყრდენი ბუდეები, დიდი დარბაზისგან განსხვავებით, განივ კედლებშია განლაგებული ესე იგი სართულშუა გადახურვის კოჭები მხოლოდ კედლებზე იყო დაყრდნობილი დამხმარე საყრდენების გარეშე. მეორე სართულზე ადიოდნენ ღია კიბით. შემორჩენილი ნაშთებით დგინდება, რომ იგი მოწყობილი ყოფილა სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან ჩრდილოეთ ფასადის მხრიდან. სასახლე გადახურული იყო ორფერდა სახურავით, რასაც მოწმობს აღმოსავლეთ კედლის ფრონტონიანი დასრულება. სასახლის ჩრდილოეთ კედელზე ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხიდან ბუხრამდე მიდგმული ყოფილა. პატარა სათავსი; მისგან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ კედელი, რომელშიც მოწყობილია თაღოვანი შესასვლელი. სათავსი სასახლის დიდ დარბაზთან დაკავშირებული იყო სწორკუთხა კარით, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ.

 

სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით შვიდიოდე მეტრზე დგას სამ ეკლესიანი ბაზილიკის ტიპის ეკლესია რომელიც ისევე როგორც სასახლე IX საუკუნეშია აგებული. XIX საუკუნის ბოლოს იგი განუახლებია თავად ლევან ჯანდიერს პოლკოვნიკ გიორგი იოსების ძე ჯანდიერის მოსახსენებლად, ამ ფაქტის მაუწყებელი წარწერა დაცული ყოფილა ეკლესიის ხის კანკელზე რომელიც XX საუკუნის 30-იან წლების დასაწყისში უკვე აღარ არსებობდა. ეკლესია ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. კედლების ზედაპირი შიგნიდან და გარედა გასწორებულია მოყვითალო ფერის ბათქაშით, რომლებიც ქვებს შორის დარჩენილ არეებს ავსებს და მათი ზედაპირის გარკვეულ ნაწილსაც ფარავს. მოგვიანებით განახლებული კედლების უმეტესი ნაწილი წვრილი რიყის ქვითაა ნაწყობი, ნაწილი — აგურით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. მთავარი ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ღრმა ნახევარწრიული აფსიდით, აფსიდში ერთი სარკმელია, მის ორსავე მხარეს ნიშებია მოწყობილი: ჩრდილოეთით ორი, სამხრეთით — ერთი. კამარა თითქმის მთლიანად აგურისაა. მთავარ ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს — დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე კარის წირთხლები აგურითაა განახლებული. აფსიდის სარკმლის გარდა თითო სარკმელია დასავლეთ და სამხრეთ კედლებში. სამხრეთ ეკლესიას, რომლის უმეტესი ნაწილი მოგვიანებითაა განახლებული. სამხრეთს აქვს ბრტყელი აფსიდი, სარკმლით და მცირე სწორკუთხა ნიშით სამხრეთ გვერდში. ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია. შესასვლელი მოწყობილია სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეში ეკლესიის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები განახლების დროს ძლიერ აუმაღლებიათ, რის გამოც კამარის თავზე შექმნილი იყო საკმაოდ დიდი სივრცე, რომელშიც მთავარი ეკლესიის კედელზე მოწყობილ საფეხურზე. დასავლეთიდან ბაზილიკის მთელ საგანზე, მოწყობილი ყოფილა კარიბჭე, რომლის კამარის კვალი შემორჩენილია მთავარი და სამხრეთ ეკლესიის კედლებზე.

რესტავრაცია

რედაქტირება

2010 წელს საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ეკლესიას ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. შენობა გაიწმინდა მცენარეულობისაგან, აღდგა კედლებისა და ლავგარდნის დანგრეული ნაწილები ეკლესია გადაიხურა კრამიტით. ძეგლის გაწმენდის დროს აღმოჩნდა ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე მიშენებული, რიყის ქვითა და კირის დუღაბით ნაგები საწნახელი. ეკლესიიდან ოდნავ მოშორებით, სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები უზარმაზარი შენობის ნანგრევები. გეგმით იგი სწორკუთხა მოხაზულობისა და სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული. შემორჩენილი კედლების მიხედვით განირჩევა ორი კვადრატული და ერთი მოგრძო სათავსი. გარედან შენობის გრძელი დარბაზის ჩრდილოთ-აღმოსავლეთ კუთხეში მოწყობილია ნახევარწრიული კონტრფორსი. სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი შენობის ნაშთია, რომელიც იმაზე მიგვანიშნებს რომ ცხოვრება აქ დიდხანს ალბათ XIX საუკუნამდე, არ შეწყვეტილა.

ვაჩნაძიანის პალატებს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება