ვასილ ვერხოვინეცი

ვასილ ვერხოვინეცი (ნამდვილი გვარი — კოსტივი; დ. 5 იანვარი, 1880, სოფ. სტარი-მიზუნი, ახლანდ. ივანო-ფრანკივსკის ოლქი — გ. 11 აპრილი, 1938, კიევი) — უკრაინელი კომპოზიტორი, დირიჟორი, ქორეოგრაფი, ქორმაისტერი, პედაგოგი. 1899 წელს დაამთავრა სიმფეროპოლის სამასწავლებლო სემინარია (ახლანდ. ლვივის ოლქი), 1908 წელს — მიკოლა ლისენკოს სახელობის სამუსიკო-დრამატული სკოლა კიევში (ხელმძღვ. ჰრიჰორი ლუბომირსკი). 1900–1901 და 1904–1906 წლებში იყო ლვივში არსებული ამხანაგობა „რუსკა ბესიდას“ რუსული სახალხო თეატრის მსახიობი, მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი), ქორმაისტერი; 1906–1915 წლებში — კიევის მიკოლა სადოვსკის სახელობის თეატრის მსახიობი, ქორეოგრაფი და დირიჟორი; 1915–1917 წლებში — უკრაინელ არტისტთა საზოგადოების (ივან მარიანენკოს ხელმძღვანელობით) დირიჟორი, ქორეოგრაფი და ქორმაისტერი (კიევი). 1918–1920 და 1923–1924 წლებში — კიევის სამუსიკო-დრამატული ინსტიტუტის მასწავლებელი; 1920–1923 და 1924–1932 წლებში — პოლტავის სახალხო განათლების ინსტიტუტის ხელოვნების კათედრის გამგე, ამავდროულად 1927–1928 წლებში — ხარკივის სამუსიკო-დრამატული ინსტიტუტის მასწავლებელი. 1924–1932 წლებში — პოლტავის საოლქო საგუნდო კაპელის ხელმძღვანელი (ფედირ პოპადიჩთან და ალექსანდრე სვეშნიკოვთან ერთად), 1927 წელს — ხარკივის საოლქო საჩვენებელ საგუნდო კაპელა „ჩუმაკის“ ორგანიზატორი და დირიჟორი, 1929 წელს — ხარკივის მუსიკალური კომედიის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბალეტმაისტერი, 1930–1937 წლებში — ქალთა საგუნდო თეატრალიზებულ ანსამბლ „ჟინხორანსის“ დამაარსებელი (ევდოკია დოლიასთან ერთად) და ხელმძღვანელი. იკვლევდა უკრაინული ფოლკლორის პრობლემებს. 1912 წელს სოფელ შპიჩინციში (კიევის გუბერნია) გააკეთა საქორწინო წეს-ჩვეულებების სრული ჩანაწერი, სადაც შევიდა 140 საქორწინო სიმღერა და 70 მელოდია (გამოქვეყნდა სათაურით „უკრაინული ქორწილი“ უკრაინის ეთნოგრაფიულ კრებულში, კიევი, 1914, ტ. 1).[2]

ვასილ ვერხოვინეცი
უკრ. Василь Верховинець

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 5 იანვარი, 1880(1880-01-05)[1]
დაბ. ადგილი სტარი-მიზუნი
გარდ. თარიღი 11 აპრილი, 1938(1938-04-11)[1] (58 წლის)
გარდ. ადგილი კიევი
საქმიანობა კომპოზიტორი, დირიჟორი, ქორეოგრაფი, ქორმაისტერი
ვასილ ვერხოვინეცი ვიკისაწყობში

ვასილ ვერხოვინეცი ავტორია სამეცნიერო ნაშრომისა „უკრაინული ხალხური ცეკვის თეორია“ (კიევი, 1919), რომელშიც პირველმა მოახდინა სისტემატიზაცია და განაზოგადა უკრაინელთა მიღწევები ხალხურ-საცეკვაო ხელოვნებაში, მათ შორის შეიმუშავა ქორეოგრაფიული მასალების ჩაწერის ორიგინალური მეთოდიკა; აღწერა 41 საცეკვაო მოძრაობა, ასევე მათი მრავალრიცხოვანი კომბინაციები; თეორიულად დაასაბუთა უკრაინულ საცეკვაო ფოლკლორზე დაყრდნობით უკრაინული კლასიკური ბალეტის შექმნის შესაძლებლობები და აუცილებლობა. დამაარსებელია უკრაინისა და მთელი უკრაინული დიასპორის ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული სკოლისა — პავლო ვირსკი, ჰალინა ბერეზოვა, ვახტანგ ვრონსკი (ნადირაძე), ნატალია სკორულსკაია, ლიდია ჩერნიშოვა, ვასილ ავრამენკო. კრებულში „ვესნიანოჩკა“ (ხარკივი, 1925; 1927) შევიდა ხალხური თამაშები სიმღერებითა და ცეკვებით სკოლამდელი და სკოლის უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის; მოიცავს 210 ხალხურ თამაშს და 226 სიმღერასა და მელოდიას, რომელთა შორისაა მიკოლა ლისენკოს, მიკოლა ლეონტოვიჩის, კირილო სტეცენკოს, პილიპ კოზიცკის ნაწარმოებები, კლიმენტ კვიტკას, ს. ტიტარენკოს ფოლკლორული ჩანაწერები, ასევე საკუთარი სიმღერები.[2]

შექმნა მრავალი რომანსი და სოლო სიმღერა ლესია უკრაინკას, ივან ფრანკოს, ოლექსანდრ ოლესის, მაქსიმ რილსკის სიტყვებზე, ასევე რიგი საგუნდო ნაწარმოებები. დაწერა მუსიკა მიხაილო სტარიცკის პიესისათვის „ბოგდან ხმელნიცკი“; არანჟირება გაუკეთა მრავალ უკრაინულ ხალხურ და პატრიოტული თემატიკის სიმღერას (იაროსლავ იაროსლავენკოს „უკრაინისთვის“, ანატოლ ვახნიანინის „განრისხდით, განრისხდით, ცოფიანო ჯალათებო“); შეაგროვა და ჩაწერა 300 უკრაინული ხალხური სიმღერა. 1931 წელს ვასილი ლიტვინენკოსთან ერთად ხარკივის ოპერისა და ბალეტის სცენაზე დადგა 1-ელი უკრაინული ეროვნული კლასიკური ბალეტი მიხაილო ვერიკოვსკის „პან კანოვსკი“; 1935 წელს ლ. ჟუკოვთან ერთად საკუთარ მუსიკაზე დადგა „სამმუხლიანი ჰოპაკი“ (1-ელი პრემია ლონდონის ხალხური ცეკვის საერთაშორისო ფესტივალზე).[2]

1937 წელს რეპრესიები შეეხო. დახვრიტეს მეორე წელს. რეაბილიტირებულია 1958 წელს. მიღებული აქვს სსრკ-ის სახელმწიფო ჯილდოები. პოლტავის პედაგოგიური ინსტიტუტის შენობის ფასადზე განთავსებულია მემორიალური დაფა (განახლდა 1988 წელს, მოქანდაკე ვ. ბილოუსი). 1988 წელს მშობლიურ სოფელში დაიდგა სამახსოვრო სტელა (მოქანდაკე ვ. ლენდიელი). კიევში, პოლტავასა და მშობლიურ სოფელში მის სახელს ატარებენ ქუჩები. 1997, 2000 და 2002 წლებში ჩატარდა ვასილ ვერხოვინეცის სახელობის ქორეოგრაფიულ მინიატურათა საოლქო კონკურსები „შემოდგომის ფანტაზიები“ (წამოიწყო ხერსონის ხალხური შემოქმედების საოლქო ცენტრმა). 2003 წლიდან ეს კონკურები ტარდება სახელწოდებით „ვერხოვინეცის სტეპის ჭა“ („Верховинця степова криниця“).[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Золочевський В. Н. Українська народна музика у творчості В. М. Верховинця // НТЕ. 1960. № 3;
  • Василько В. Микола Садовський та його театр. К., 1962;
  • Верховинець Я. Митець і вихователь: [Про укр. композитора В. М. Верховинця. 1880–1938] // Мистецтво. 1968. № 4;
  • Гуменюк А. І. Хореографічна діяльність В. М. Верховинця // НТЕ. 1980. № 1;
  • Дзюба Г. А. Фольклористична діяльність В. М. Верховинця // Там само. 1985. № 1;
  • Верховинець Я. Відродження школи народного танцю Василя Верховинця // Там само. 1992. № 1;
  • Верховинець Я., Сівкович М. Як виник і був заборонений «Лондонський гопак» // Там само. 1993. № 4;
  • Верховинець Я. В. М. Верховинець – хореограф // Зб. наук. праць Полтав. пед. ін-ту. П., 1999;
  • Рутковська О. Дивосвіт Василя Верховинця, або Репресовані танці // КіЖ. 2002, 24 квіт.
  1. 1.0 1.1 https://www.biografija.ru/biography/verkhovinec-vasilij-nikolaevich.htm
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Верховинець, Я. В.. Верховинець Василь Миколайович uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс]. Інститут енциклопедичних досліджень НАН України (2005). ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2023