ვარლამ ბახტაძე
ვარლამ კონსტანტინეს ძე ბახტაძე (დ. 1891, ხონი — გ. უცნობია) — ქართველი ისტორიკოსი, მთარგმნელი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.
ვარლამ ბახტაძე დაიბადა 1891 წლის 19 იანვარს ქალაქ ხონში, გლეხის ოჯახში. 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სამასწავლებლო სემინარია და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1911-1916 წლებში ჯერ ონის, ხოლო შემდგომ სადმელის ორკლასიანი სკოლის გამგედ მუშაობდა. მისი თაოსნობით სადმელის ქალთა პროფესიული სკოლა დაარსდა, ხოლო ვაჟთა ორკლასიანი სკოლისთვის ახალი შენობა აიგო და მოეწყო. 1912 წლიდან თანამშრომლობდა პერიოდულ პრესასთან და სხვადასხვა ფსევდონიმით, მათ შორის: "ვ. ბანიძე", "პედაგოგი", აქვეყნებდა კორესპონდენციებსა და ბიბლიოგრაფიებს.
1918 წლიდან ვარლამ ბახტაძე თბილისის პოლიტექნიკურ, ხოლო შემდეგ ინდუსტრიულ ტექნიკუმში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა. იგი 1929 წლიდან სასწავლო ნაწილის გამგედ გადაიყვანეს. შეთავსებით ლექციებს კითხულობდა საავიაციო ტექნიკუმში, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების და დაუსწრებელ პედაგოგიურ ინსტიტუტებში, თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში და რკინიგზის მუშფაკში.
1930 წლიდან ვარლამ ბახტაძე თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში ტექნიკური ლიტერატურის გამოცემის საქმეს ხელმძღვანელობდა. მისი თაოსნობით რამდენიმე ტექნიკური სახელმძღვანელო მომზადდა, ითარგმნა და ქართულ ენაზე გამოიცა: „საავიაციო ტერმინოლოგიური ლექსიკონი“, „საავიაციო ცნობარი“ და სხვა. ამ სახელმძღვანელოებს თავად გაუკეთა სტილისტური რედაქცია და წინასიტყვაობა. ვარლამ ბახტაძემ რუსულიდან თარგმნა ისტორიის რამდენიმე სახელმძღვანელო საშუალო სკოლებისათვის, მათ შორის: „ძველი აღმოსავლეთი“, „შუა და ახალი საუკუნეები“ და სხვა.
ვარლამ ბახტაძე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1914 წლიდან იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ონის განყოფილების ნამდვილი წევრი. უმაღლეს სასწავლებელში ყოფნის დროს, ახლად გახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი თაოსნობით საისტორიო-სამეცნიერო წრე დაარსდა, რომლის პირველი თავმჯდომარედ თავად დაინიშნა. იგი იყო საქართველოს განათლების მუშაკთა კავშირის ცენტრალური გამგეობის წევრი, ბავშვთა მეგობრობის საზოგადოების საქართველოს საბჭოთა პრეზიდიუმის წევრი და ლენრაისაბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს რემედასის ცეკას აგიტკოლეგიის წევრი, მშრომელთა დეპუტატების საარჩევნო კომისიის მდივანი.
1932 წლიდან იგი იყო საქართველოს მეცნიერ-მუშაკთა სექციის და საქართველოს სამეცნიერო მეთოდური საბჭოს წევრი. ვარლამ ბახტაძის ჯილდოებია : 1946 - ”მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1941-1945 წწ.” ; 1945 - საპატიო ნიშნის ორდენი; საკავშირო საავიაციო სამინისტროს წარჩინებულის მედალი ; რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი.
ვარლამ ბახტაძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.