ვარდობა — რელიგიური, ხალხური დღესასწაული. იწყებოდა 21 აპრილს და მთავრდებოდა 20 მაისს. აქედან მომდინარეობს მაისის თვის ძველი სახელწოდება „ვარდობისაჲ“.

ვარდობისას ქრისტიანობამდელი ფესვები აქვს. ის ბუნების აღორძინების, ვეგეტაციის, დიდი დედისადმი მიძღვნილი დღესასწაული იყო. იგი ასევე უკავშირდებოდა მოკვდავ და აღდგენად ღვთაება ადონისს და აფროდიტეს. ითვლებოდა, რომ წითელი ვარდები ადონისის სისხლიდან წარმოიქმნა.

ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ვარდობა სხვადასხვა ქრისტიანულ დღესასწაულს, მათ შორის ღვთისმშობლობას, დაუკავშირდა. ხევსა და გუდამაყარში მარიამობას „ვარდის დღეობაც” ერქვა, საქართველოს მთიანეთში თიბვის დაწყების ზეიმს კი ვარდობასაც უწოდებდნენ.

ზემო იმერეთის სოფ. გეთსამანიაში ვარდობის დღესასწაული პეტრე-პავლობის მარხვის პირველ ორშაბათს აღინიშნებოდა (პეტრე-პავლობის მარხვა მოძრავია, ამიტომ შესაძლოა ყოფილიყო მაისში ან ივნისში). ექვთიმე ათონელის ცნობით, პეტრე-პავლობის მარხვას „ქართველნი ვარდობად უწოდენ”.

სულთმოფენობის წინა დღეს, სულთაობის შაბათს, საქართველოში „ვარდის შაბათს” ეძახდნენ. იგი მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღე იყო. ზოგან ამ საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ, შეძლებისდაგვარად ყველა სახეობის ყვავილს აგროვებდნენ (აკაციის ყვავილის გარდა), რათა მიცვალებულის საფლავზე დაეფინათ. ხალხის გადმოცემით, „მიცვალებულებს მათი სუნი სიამოვნებთ”. ზოგან შეგროვილ ყვავილებს გარეთ ან თონეში აწყობდნენ და დილით ადრე საფლავზე გასულებს თან მიჰქონდათ ყვავილები, სანთლები, კოკით წყალი. ყველაფერს საფლავზე ალაგებდნენ და წყალს ასხამდნენ. ამ დღეს ოჯახში წანდილს ან კორკოტს აკეთებდნენ და მეზობლებს ურიგებდნენ. ყვავილებით ირთვებოდა ოჯახი, ეზო და გზაჯვარედინები.

ბუნების აღორძინებისადმი მიძღვნილი ვარდობის დღესასწაულს სატრფიალო მოტივებიც ჰქონდა. შესაძლოა ვარდობას უკავშირდებოდეს ქართული ხალხური სატრფიალო ლექსი: „აქედან და შენამდე, ვარდი მასხია ყელამდე, რომ ვინმე გამომიშვებდეს, სულ ფრენით მოვალ შენამდე”.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვირსალაძე ე., ქართული ხალხური სატრფიალო ლირიკის ძირითადი სახეობანი, «ლიტერატურული ძიებანი», [ტ.] 8, თბ., 1953.
  • ინგოროყვა პ., ძველ-ქართული წარმართული კალენდარი V-VIII საუკუნის ძეგლებში, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1929–30, ტ. 6.
  • კეკელიძე კ., ქართული ერა და ეორტალოგიური წელიწადი, «ენიმკის მოამბე», 1940, ტ. 5–6.
  • სვანიძე გ., ქართული ხალხური სიმღერები და მათთან დაკავშირებული თქმულებანი, თბ., 1957.
  • შველიძე მ., ზაფხულის ხალხურ დღეობათა კალენდარი ქვემო ქართლში, კრ.: ქვემო ქართლი, თბ., 1990.
  • ღამბაშიძე ნ., ვარდობა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.