პეტრე-პავლობის მარხვა

პეტრე-პავლობის მარხვა — გრძელი მარხვა ქრისტიანობაში. იწყება სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ და მთავრდება 12 ივლისსპეტრე-პავლობის დღესასწაულზე. პეტრე-პავლობის მარხვა ხსნილია თევზით.

სულთმოფენობის მეორე შვიდეული ყოველთა წმიდათა კვირიაკედ იწოდება, შემდეგი ორშაბათიდან კი წმინდა მოციქულთა მარხვა იწყება. ეს მარხვა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია — პეტრე-პავლობის მარხვა.

პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ასე რომ, პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე — 7 დღე.

ამ მრავალდღიან მარხვას ძველად „ერგასის შემდგომს“ უწოდებდნენ. ამჟამად მას ზაფხულის მარხვადაც იხსენიებენ. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ.

სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის; დააარსეს ეკლესიები და ხელი დაასხეს ხუცებს. „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს: „და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეჰვედრეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა“ (საქმე 14, 23).

პეტრე-პავლობის მარხვას „მოციქულთა განწესებაც“ იხსენიებს: „სულთმოფენობის შემდგომ იზეიმეთ ერთი შვიდეული და შემდგომ იმარხულეთ“.

პეტრე-პავლობის მარხვის შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული ათანასე დიდთან, ამბროსი მედიოლანელთან (IV ს.) და ლეონ დიდთან (V ს.). წმინდა ათანასე დიდი იმპერატორ კონსტანტინესადმი მიძღვნილ სიტყვაში, რომელშიც არიანელებს ამხელს, წერს: „წმინდა ორმოცდამეათე დღის შემდგომ, მარხვაში, ერი სალოცავად გავიდა სასაფლაოზე“; წმინდა ამბროსი მედიოლანელი ამბობს: „ღმერთმა ისე განაგო, რომ მონაწილეობა მიგვეღო მის ვნებებში, ორმოცდღიან მარხვაში; ასევე ბედნიერგვყო თავისი აღდგომითა და სულთმოფენით... ხოლო ამ მხიარულ დღეთა შემდეგ ჩვენ ისევ ვმარხულობთ“; ლეონ დიდი კი წერს: „საეკლესიო მარხვები წელიწადის დროთა შესაბამისად ისეა განაწილებული, რომ წელიწადის ყოველ დროს შესაბამისი თავშეკავებული მოღვაწეობაც ახლავს“.

ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი მიუთითებს: „პეტრეპავლობის დღესასაწულამდე შვიდი და უფრო მეტი დღით ადრე ყოველი ქრისტიანი, ერისკაცნიცა და მონაზვნებიც, ვალდებულნი არიან, იმარხულონ, თორემ განყენებულნი იქნებიან კრებულიდან“.

ცნობილია, რომ ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრეპავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, მარხვის ხანგრძლივობაც გაიზარდა - დადგინდა, მათი ხსენების დღემდე, ე.ი. 12 ივლისამდე ემარხულათ. კანონები მოციქულთა მარხვის შესახებ დაცულია იოანე მმარხველთან (VI ს.), საბა იერუსალიმელისა და სტუდიელთა მონასტრის ტიპიკონებში. ამ მარხვას თავიანთ ეპისტოლეებში იხსენიებენ პატრიარქი ნიკიფორე და თეოდორე ბალსამონიც.

პეტრეპავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „მცირე საეკლესიო ენციკლოპედია“, «საქართველოს ეკლესიის 2005 წლის კალენდარი», თბ. 2004, გვ. 225
  • ლევან მათეშვილი, „პეტრე-პავლობის მარხვა“, ჟურნალი „კარიბჭე“, ივნისი, 2004 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება