ვალერიან ზუბოვი
ვალერიან ალექსანდრეს ძე ზუბოვი (რუს. Валериа́н Алекса́ндрович Зу́бов) (დ. 28 ნოემბერი, 1771 — გ. 6 ივნისი, 1804, სანქტ-პეტერბურგი) — გრაფი (1793), რუსი სამხედრო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი (1800).
დაიბადა მცირე შეძლების მემამულის ოჯახში. მსახურობდა ოფიცრად. დაწინაურდა თავისი უფროსი ძმის პლატონის იმპერატორ ეკატერინე II-თან სიახლოვის წყალობით. თავი გამოიჩინა რუსეთ-ოსმალეთის 1787-1791 წლების ომის დროს იზმაილის ციხე-სიმაგრის იერიშში (1790). პოლონეთში ტადეუშ კოსციუშკოს წინამძღოლობით მოწყობილი გამათავისუფლებელი აჯანყების ჩახშობისას (1794) გენერალ-მაიორი ზუბოვი მძიმედ დაიჭრა და ფეხი დაკარგა. 1796 წელს დაინიშნა ირანის წინააღმდეგ პლატონ ზუბოვის ინიციატივით მოწყობილი ლაშქრობის მთავარსარდლად; დერბენტის ციხე-სიმაგრის აღებისთვის გენერალ-ანშეფის წოდება უბოძეს. ამ ექსპედიციის დროს მიმოწერა ჰქონდა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-თან.
ეკატერინეს გარდაცვალების და პავლე I-ის გამეფების შემდეგ (1796) ძმები ზუბოვები შერისხულები იყვნენ. ორივე ძმა აქტიურად მონაწილეობდა პავლე I-ის წინააღმდეგ შეთქმულების და მისი მკვლელობის ორგანიზებაში (1801). პავლეს მემკვიდრის ალექსანდრე I-ის ტახტზე ასვლის შემდეგ დაინიშნა იმპერატორის მუდმივი საბჭოს წევრად და კადეტთა II კორპუსის დირექტორად. აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ანექსიას და მისი ტერიტორიის რუსეთის აღმოსავლეთში ექსპანსიისთვის პლაცდარმად გადაქცევას. გარდაიცვალა 1804 წელს, 32 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Зубовы // [Елисавета Петровна — Инициатива]. — СПб. ; [М.] : Тип. т-ва И. Д. Сытина, 1912. — С. 550—553. — (Военная энциклопедия : [в 18 т.] / под ред. К. И. Величко … [и др.] ; 1911—1915, т. 10).
- К. Кудряшов. Зубов, Платон Александрович // Русский биографический словарь : в 25 томах. — СПб., 1897. — Т. 7: Жабокритский — Зяловский. — С. 526—546.
- Авалов З. Присоединение Грузии к России.-Санкт-Петербург, 1901.
- Ковалевский П. Кавказ.-т.2: история завоевания Кавказа.-СПб.,1915.-с.49.
- Gvosdev, Nikolas K. Imperial policies and perspectives towards Georgia: 1760–1819. Basingstoke: Macmillan, 2000.
- გურული ვ. მეფე ერეკლე და რუსეთი: ქართლ-კახეთის სამეფოს ურთიერთობა რუსეთის იმპერიასთან (1783-1798).-თბ.,2018.-გვ.253.