პლატონ ზუბოვი
პლატონ ალექსანდრეს ძე ზუბოვი (რუს. Плато́н Алекса́ндрович Зу́бов) (დ. 15 ნოემბერი, 1767 — გ. 7 აპრილი, 1822, რუნდალის სასახლე, ლატვია) — რუსი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, იმპერატორ ეკატერინე II-ის უკანასკნელი ფავორიტი.
დაიბადა მცირე შეძლების მემამულის ოჯახში. მსახურობდა ოფიცრად. 1789 წლიდან მომხიბვლელი გარეგნობისა და მანერების წყალობით დაუახლოვდა ეკატერინე II-ს, მის ფლიგელ-ადიუტანტად დაინიშნა და მალე მისივე ფავორიტი გახდა. თავისი მეტოქის გრიგოლ პოტიომკინის გარდაცვალების შემდეგ (1791) ზუბოვი იმპერატორთან სიახლოვის მეოხებით რუსეთის ყველაზე გავლენიან კარისკაცად იქცა. მიიღო გრაფის (1793), შემდეგ უბრწყინვალესი თავადის (1796) ტიტულები, დაინიშნა საგარეო საქმეთა კოლეგიის პრეზიდენტად (1791-1792), იმპერატორის გენერალ-ადიუტანტად (1792), ეკატერინოსლავის, ვოზნესენსკისა და ტავრიდის გენერალ-გუბერნატორად (1793-1796), გენერალ-ფელდცეიხმეისტერად (1793-1796), შავი ზღვის ფლოტის უფროსად (1796), შავიზღვისპირეთის კაზაკთა ჯარების მეთაურად (1796) და ა. შ.
ამ წლებში ზუბოვის თაოსნობით მოხდა რუსული არტილერიის გარკვეული მოდერნიზება. საგარეო პოლიტიკაში ექსპანსიონიზმის მომხრე იყო. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოლონეთის მესამე დანაწილებაში (1795), რის შედეგადაც მიიღო დიდძალი მამულები ლატვიაში. ზუბოვი აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის ტერიტორიულ გაფართოებას სამხრეთით, ოსმალეთის იმპერიის დანაწილებას, კავკასიაში რუსეთის გავლენის გავრცელებას და ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიას. 1796 წელს მისი ინიციატივით მოეწყო რუსეთის არმიის ლაშქრობა კასპიისპირეთში, რომელსაც მისივე ძმა — გენერალი ვალერიან ზუბოვი მეთაურობდა. მოგვიანებით პლატონ ზუბოვმა შეადგინა აღმოსავლეთ საქართველოს ანექსიის შესახებ ალექსანდრე I-ის სახელით გამოცემული მანიფესტი (1801).
ეკატერინეს გარდაცვალების და პავლე I-ის გამეფების შემდეგ (1796) ზუბოვი შერისხული იყო. ის აქტიურად მონაწილეობდა პავლე I-ის წინააღმდეგ შეთქმულების და მისი მკვლელობის ორგანიზებაში (1801). პავლეს მემკვიდრის ალექსანდრე I-ის ტახტზე ასვლის შემდეგ ერთხანს დაიბრუნა გავლენა, იყო იმპერატორის მუდმივი საბჭოს წევრი და მოსკოვის I კადეტთა კორპუსის დირექტორი, მიიღო ინფანტერიის გენერლის წოდება. მალევე ზუბოვი აქტიურ სახელმწიფო და პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოაშორეს. ამის შემდეგ ბევრს მოგზაურობდა ევროპაში, რუსეთში ყოფნისას ძირითადად ლატვიაში თავის მამულებში ცხოვრობდა. გარდაიცვალა იქვე, 1822 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Зубовы // [Елисавета Петровна — Инициатива]. — СПб. ; [М.] : Тип. т-ва И. Д. Сытина, 1912. — С. 550—553. — (Военная энциклопедия : [в 18 т.] / под ред. К. И. Величко … [и др.] ; 1911—1915, т. 10).
- К. Кудряшов. Зубов, Платон Александрович // Русский биографический словарь : в 25 томах. — СПб., 1897. — Т. 7: Жабокритский — Зяловский. — С. 526—546.
- საქართველოს საკითხი და რუსეთის სახელმწიფო საბჭო 150 წლის თავზე / აკაკი პაპავა // მამული. - ბუენოს-აირესი, 1951. - N4. - გვ.104-105.
- Gvosdev, Nikolas K. Imperial policies and perspectives towards Georgia: 1760–1819. Basingstoke: Macmillan, 2000.