რუსეთ-სპარსეთის ომი (1796)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსეთ-ირანის ომი.

რუსეთ-სპარსეთის ომი 1796 წლის — კონფლიქტი ეკატერინე II-ის პერიოდის რუსეთის იმპერიასა და სპარსეთს შორის, ერთ-ერთი რუსეთ-სპარსეთის ოთხ ომთაგან, რომელსაც რომელიმე მხარისთვის რაიმე გრძელვადიანი შედეგი არ მოჰყოლია.

წინაპირობები

რედაქტირება

XVIII საუკუნის ბოლო ათწლეულები სპარსეთში ფარშავანგის ტახტისთვის მოპაექრეთა შორის გაუთავებელი კონფლიქტებით აღინიშნა. ეკატერინე დიდმა არეულობით დრო იხელთა და კავკასიაში პოლიტიკური ვითარების შესუსტების გამო საკუთარი გავლენის მოპოვება მოინდომა. 1783 წელს ქართლის სამეფო რუსეთის პროტექციის ქვეშ მოექცა ერეკლე II-ის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის შედეგად, რითაც რუსეთის დედოფალი პირობას დებდა დაეცვა ქართლ-კახეთი ირანლთა შემოსევებისგან. თარკის შამხალებმაც (დღევანდელი დაღესტანი) მიბაძეს მეფე ერეკლეს და სამ წელიწადში რუსეთის ქვეშევრდომები გახდნენ.

1794 წელს სპარსეთის ტახტზე აღა-მაჰმად ხანის მოსვლის შემდეგ პოლიტიკური კლიმატი რეგიონში შეიცვალა. მან ბოლო მოუღო სამეფო ტახტის გარშემო ატეხილ შუღლს და რეგიონში საკუთარი გავლენის განმტკიცებას შეუდგა. 1795 წლის გაზაფხულზე სპარსელები საქართველოსა და აზერბაიჯანში შეიჭრნენ, ხოლო 12 სექტემბერს თბილისი დაიპყრეს და ააოხრეს. თუმცა დაგვიანებით, ეკატერინე II-მ გადაწყვიტა სადამსჯელო ექსპედიცია მოეწყო.

ექსპედიცია

რედაქტირება

მიუხედავად საყოველთაო მოლოდინისა, რომ 13.000-იან რუსულ შენაერთს სათავეში გამოცდილი გენერალი გუდოვიჩი ჩაუდგებოდა, დედოფალმა მისი საყვრლის, თავადი ზუბოვის, რჩევით ექსპედიციის მეთაურად მისი უმცროსი ძმა, თავადი ვალერიან ზუბოვი დანიშნა. რუსის ჯარი 1796 წლის აპრილში ყიზლარისკენ გაემართა და 10 მაისს მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე, დერბენტი, აიღო. ამ მოვლენას ხოტბა შეასხა კარის პოეტმა დერჟავინმა მის განთქმულ ოდაში; თუმცა მოგვიანებით მას მწარე კომენტარის გაკეთება მოუხდა ექსპედიციიდან ზუბოვის შერცხვენილი დაბრუნების გამო მის ახალ პოემაში.

შუა ივლისისთვის ზუბოვის ჯარებმა დღევანდელი აზერბაიჯანის თითქმის მთელი ტერიტორია დაუბრკოლებლად გაიარეს, მათ შორის მთავარი ქალაქები — ბაქო, შემახა და განჯა. ნოემბრისთვის ისინი მტკვრისა და არაქსის შესართავთან დაბანაკდნენ, საიდანაც ირანის ძირითად ტერიტორიაზე უნდა მიეტანათ იერიში. სწორედ ამ თვეში გარდაიცვალა რუსეთის დედოფალი, ხოლო ტახტის მემკვიდრე პავლე I-მა, რომელსაც სძულდა ზუბოვები და არმიისთვის სხვა გეგმები ჰქონდა, უბრძანა ჯარს უკან რუსეთში დაბრუნებულიყო. უკან დახევის ბრძანებამ გავლენიანი ზუბოვებისა და კამპანიაში მონაწილე სხვა ოფიცრების უკმაყოფილება გამოიწვია. მრავალმა მათგანმა ხუთი წლის შემდეგ პავლეს მკვლელობისთვის შეთქმულებაში მიიღო მონაწილეობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Gen. V.A. Potto. The Caucasian Wars of Russia from the 16th century onward. Volumes 1-5. SPb, 1885-86, reprinted in 2006. ISBN 5-9524-2107-5.