ვაგზალი
ვაგზალი, ვოგზალი — რკინიგზის ან მიმოსვლის ზოგიერთი სხვა საშუალების ცენტრალური სადგურის შენობა და მასთან დაკავშირებული ნაგებობები, ჩვეულებრივ დიდ ქალაქებში. სიტყვა „ვაგზალი“ ქართულ ენაში შემოსულია ინგლისური Vauxhall-იდან რუსული ენის (вокзал) მეშვეობით.
Vauxhall (ვოქსჰოლი) სახელწოდებაა ლონდონის ერთ-ერთი უბნისა (ლამბეთის რაიონი) მდინარე ტემზის სამხრეთ ნაპირზე, სადაც XVII-XIX საუკუნეებში დასვენებისა და გართობის პოპულარული პარკი იყო გაშენებული. XIX საუკუნეში ეს სიტყვა შევიდა რუსულ ენაში და განზოგადდა პეტერბურგის მახლობლად ქ. პავლოვსკში ერთ-ერთი პირველი ვაგზლის აშენების შემდეგ. იგი სამგზავრო შენობაც იყო და საკონცერტო დარბაზიც.
მოგვიანებით, რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში ვაგზალი ეწოდა შენობას ან შენობების, ნაგებობებისა და მოწყობილობების კომპლექსს, რომლის დანიშნულებაა მგზავრებთა მომსახურება, ტრანსპორტის მიმოსვლის მოწესრიგება და მომსახურე პერსონალის განთავსება, ასევე სატვირთო და საფოსტო ოპერაციების უზრუნველყოფა. ვაგზლებს ერთმანეთისაგან განასხვავებენ გამოყენებული ტრანსპორტის სახეობის (აეროვაგზალი, ავტოვაგზალი, რკინიგზის ვაგზალი, საზღვაო ვაგზალი, სამდინარო ვაგზალი), მაგისტრალზე მდებარეობის (ბოლო, საკვანძო, შუალედური, სატრანზიტო), დანიშნულების ადგილის (შორი, ადგილობრივი, საგარეუბნო, საერთაშორისო), მგზავრთა სიჭარბის და სხვათა მიხედვით. XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში ვაგზალი თავისი მოცულობითა და ფორმით ქალაქის თვალსაჩინო შენობად იქცა.
საქართველოში ვაგზლის პირველი ნაგებობები აშენდა ფოთი–თბილისის რკინიგზის (1865–1872) გახსნის შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ვაგზლის შენობა თბილისში, ახლანდელი თბილისის ცენტრალური სადგური. XXI საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ობიექტების დასახელებებსა და დასახლებების ტოპონიმიკაში სიტყვა „ვაგზალი“ თანდათან ჩაანაცვლა „სადგურმა“ (მაგ., თბილისის ვაგზლის მოედანს 2024 წელს ეწოდა სადგურის მოედანი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- Вокзал, Большая российская энциклопедия, М., 2006. — С. 612—613.