ეშერის არქეოლოგიური ძეგლები
ეშერის არქეოლოგიური ძეგლები — სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ძეგლები სოფელ ეშერის (სოხუმის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე და მის მიდამოებში.
1934 და 1957 წლებში გათხარეს ძვ. წ. III–II ათასწლეულის დოლმენების ჯგუფი (ხელმძღვ. ბ. კუფტინი, ო. ჯაფარიძე), რომელბშიც აღმოჩნდა კოლექტიური სამარხები (ერთ-ერთ დოლმენში 30 ჩონჩხი იყო). ნაპოვნია ბრინჯაოს ყუადაქანებული ცულები, სატევრები, კავები, თიხის ჭურჭელი, მძივები და სხვ.
1969 წელს გაითხარა ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისის (ხელმძღვ. გ. შამბა) 2 კრომლეხი. თითოეული მათგანი შედგება ვერტიკალურად ჩასმული 25–100 სმ სიმაღლის ქვების ოთხ-ოთხი კონცენტრული რგოლისგან. კრომლეხების გარე რგოლის დიამეტრია 41 მ. მათ ცენტრში კოლექტიური სამარხები იყო. აღმოჩენილია ბრინჯაოს სატევრები, თიხის ჭურჭელი, მძივები და სხვა მასალა, რომლებიც დოლმენებში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის მსგავსია. „ვერეშჩაგინის გორაზე“ გაითხარა საქართველოში უძველესი ქვევრსამარხები. ქვევრები მიწაში ვერტიკალურად პირქვე იყო ჩასმული. შიგ ჩაწყობილი იყო მიცვალებულის ძვლები (მეორეული დაკრძალვა), ბრინჯაოს კოლხური ცულები, შუბისპირები, სატევრები, სარდიონის მძივები და სხვ.
ანტიკური ხანის ძეგლებიდან აღსანიშნავია ძვ. წ. I ათასწლეულის II ნახევრის ნაქალაქარი, რომელსაც 3 ჰა ფართობი უკავია. გათხრილია საფორტიფიკაციო (კედლები-კოშკები) და საცხოვრებელი ნაგებობები, წყალსადენი, აგრეთვე სამაროვანი. აღმოჩნდა ძველბერძნული ნივთები (შავლაკიანი და წითელფიგურული კერამიკა, სინოპური დამღიანი კრამიტი, კოსის ამფორები და სხვ.).
ლიტერატურა
რედაქტირება- შამბა გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 121.
- Куфтин Б. А., Материалы к археологии Колхиды, [т.] 2, Тб., 1950.
- Очерки истории Абхазской АССР, ч.1, Сух., 1960.
- Шамба Г. К., Эшерские кромлехи, Сух., 1974.