რომაელთა ომი ეტრუსკებთან
ეტრუსკებთან ომი | |||
---|---|---|---|
იტალიის დაპყრობის ნაწილი | |||
ეტრუსკული ცივილიზაციის გავლენის ზრდა ძვ. წ. VII - ძვ. წ. VI საუკუნეებში | |||
თარიღი | ძვ. წ. 311 - ძვ. წ. 294 | ||
მდებარეობა | ეტრურია და უმბრია | ||
შედეგი | რომაელთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
რომაელთა ომი ეტრუსკებთან იყო რომის რესპუბლიკის მიერ იტალიაში ჰეგემონიის მისაღწევად ჩატარებული ომების სერიათაგან ერთ-ერთი უკანასკნელი. ამ ომის შედეგად რომაელებმა სრულიად დაიმორჩილეს ჩრდილოეთი იტალია ციზალპიურ გალიამდე.
ომის დაწყება
რედაქტირებაეტრუსკებთან ომი ძვ. წ. 312 წელს დაიწყო. ამ პერიოდში რომი მეორე სამნიტურ ომში იყო ჩართული. ეტრუსკებთან ომისთვის დაინიშნა დიქტატორი გაიუს სილპიციუს ლონგუსი, რომელმაც ჯარი შეკრიბა, თუმცა გალაშქრებისგან თავი შეიკავა. ეტრუსკთა ტაქტიკაც ზუსტად იგივე იყო — ომისთვის მოემზადნენ, მაგრამ თავდასხმისგან თავს იკავებდნენ. წელმა ისე ჩაიარა რომ საბრძოლო მოქმედებები არ დაწყებულა.
სუტრიუმისთვის ომი
რედაქტირებაძვ. წ. 311 წელს ეტრურიაში დაიწყო აქტიური საბრძოლო მოქმედებები სუტრიუმის ალყით. სუტრიუმი რომაული ქალაქი იყო ეტრურიაში, რომლის დაბრუნებაც ეტრუსკებს სურდათ. ეტრუსკებთან ომი კონსულ კვინტუს ემილიუს ბარბუნტულუსს ერგო. რომაული და ეტრუსკული ჯარები სწორედ სუტრიუმთან შეხვდნენ ერთმანეთს. ეტრუსკები დილიდანვე საბრძოლო მწყობრში ჩადგნენ, ხოლო რომაელებს კონსულმა საუზმე შესთავაზა და მხოლოდ შემდეგ ურჩია შეიარაღება. შუადღისთვის რომაელებიც ჩადგნენ საბრძოლო მწყობრში. ბრძოლა ეტრუსკებმა დაიწყეს. ბრძოლამ გვიანობამდე გასტანა, ორივე მხარეს ძალიან დიდი დანაკარგები ჰქონდა, მაგრამ რომაელებმა მაინც გაიმარჯვეს.
იმ წელს სურტიუმთან სხვა არაფერი არ მომხდარა, რადგან ეტრუკების წინა დანაყოფები სრულიად განადგურდა, ხოლო რომაელები დიდმა მსხვერპლმა დაასუსტა.
ძვ. წ. 310 წელს სუტრიუმთან ომი ამ წლის კონსულს კვინტუს ფაბიუსს ერგო. მან დამატებითი ჯარი ჩაიყვანა სუტრიუმთან. რომაელებს გზა ეტრუსკთა მრავალრიცხოვანმა ჯარმა მოუჭრა და იქვე ბრძოლაც გაიმართა. რომაელებმა მალე მოიპოვეს გამარჯვება, უკან დახეულ ეტრუსკებს კი გზა რომაელმა მხედრებმა მოუჭრეს, მაშინ ეტრუსკები ბანაკის ნაცვლად ტყეებში გაიქცნენ. ერტუსკთა ბანაკი კი რომაელებმა აიღეს.
შემდეგ კვინტუს ფაბიუსს უნდა გაეარა უღრანი ციმინიუმის ტყე. კავდიუმის მშვიდობა ჯერ არ იყო დავიწყებული, ასე რომ ეს დიდი რისკი იყო. კვინტუსმა დასაზვერად თავისი ძმა მარკუს ფაბიუსი გააგზავნა, რომელმაც მოუტანა ამბავი რომ, კამერინელი უმბრები მათ მხარეზე არიან. კვინტუს ფაბიუსი თავისი ლეგიონებით უმალვე დაიძრა ტყისკენ. როდესაც რომაელები ციმინიუმის ქედზე ავიდნენ, მათ ეტრუსკი პოვსტანცები შეხვდნენ. რომაელებმა ისინი უპრობლემოდ დაამარცხეს და გაძარცვეს.
ამ დროს რომაულ ბანაკში მოვიდნენ სენატისგან შიკრიკები, რათა აეკრძალათ კონსულისთვის ციმინიუმის მთებზე გადასვლა, მაგრამ როდესაც ნახეს რომ უკვე გვიან იყო, კმაყოფილები დაბრუნდნენ ბანაკში.
ციმინიუმის ქედზე გადასვლამ ომი უფრო ფართომასშტაბიანი გახადა. რომაელთა წინააღმდეგ სურტიუმთან გამოვიდნენ ეტრუსკებიც და უმბრებიც. ეტრუსკები მაშინვე საბრძოლო მწყობრით დადგნენ, ხოლო რომაელები არ ჩქარობდნენ ბრძოლის დაწყებას. კონსულმა მათ მოთმინება უბრძანა, ვინაიდან საიდუმლო იარაღი გააჩნია. მეომრებმა ჩათვალეს რომ საქმე მოწინააღმდეგეთა რიგებში მოღალატეს ეხება და დამშვიდნენ. შებინდებისას ეტრუსკები მიუახლოვდნენ რომაულ ბანაკს და შორიახლოს დაბანაკდნენ, რათა განთიადზე თავს დასხმოდნენ და აეღოთ რომაელთა ბანაკი. რომაელებს კი კონსულმა საღამოთი ადრე დაძინება ურჩია, რათა გამთენიისას მათ ბანაკთან მძინარე ეტრუსკებს დასხმოდნენ თავს.
ჩანაფიქრისამებრ, რომაელები მოულოდნელად თავს დაესხნენ მძინარე ეტრუსკებ. ეტრუკები მათ წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდნენ. იმ დღეს რომაელებმა 60 000-მდე ეტრუკის მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს. ისტორიკოსთა ცნობით ეს შეტაკება მოხდა პერუზიასთან. ამ ამბით ელდაცემულმა ეტრუსკელებმა ეტრურიის მთავარი ქალაქებიდან რომში ელჩები გაგზავნეს 30-წლიანი სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად. შემდეგ წელს კი ეტრურიის მმართველად რომიდან დიქტატორი დაინიშნა.
მცირე ხანში ეტრუსკებმა თავად დაარღვიეს სამშვიდობო ხელშეკრულება და რომაელებზე გაილაშქრეს, თუმცა კვინტუს ფაბიუსმა ისინი ადვილად დაამარცხა. ის პერუზიასაც აიღებდა, იქაურები თვითონ რომ არ ჩაბარებულიყვნენ რომაელებს. ამის შემდეგ კვინტუსი ეტრუსკ ელჩებთან ერთად რომში დაბრუნდა, სადაც ტრიუმფი დიდი ზეიმით გადაიხადა.
ვადიმონის ტბასთან ბრძოლა
რედაქტირებაშემდეგი ბრძოლა ვადიმონის ტბასთან მოხდა ძვ. წ. 309 წელს. ეტრუსკებიც და რომაელებიც უსასტიკესად იბრძოდნენ. საბოლოოდ რომაელთა გამარჯვება მხედრებმა გადაწყვიტეს, როდესაც ქვეითები უკვე ძალიან დასუსტდნენ, მხედრები შეიჭრნენ მოწინააღმდეგეთა რიგებში და გამარჯვებაც რომაელებს ერგოთ. ეს ბრძოლა ეტრუსკებისთვის გადამწყვეტი გახდა, მათ საუკეთესო მეომრები დაკარგეს.
საომარი მოქმედებები შემდეგ წლებში
რედაქტირებაძვ. წ. 308 წელს კონსულმა კვინტუს ფაბიუსმა ადვილად დაამარცხა ეტრუსკთა ჯარების ნარჩენები პერუზიუმთან. იგი ქალაქსაც აიღებდა, მაგრამ პერუზიელები თვითონვე ჩაბარდნენ.
შემდეგ წელს ეტრურიაში ომი დეციუსს ხვდა წილად. დეციუსმა დაიმორჩილა ტარკვინიუმი და აიღო რამდენიმე ციხესიმაგრე. ეტრუსკებმა რომაელებს სამშვიდობო ხელშეკრულების დადება სთხოვეს. რომაელებმა თავდაპირველად უარი უთხრეს, თუმცა ერთწლიანი ზავი დაიდო, იმ პირობით რომ ეტრუსკები რომაელ ლეგიონერებს გადაუხდიდნენ მთელი წლის ხელფასს.
ეტრურიაში სიმშვიდე უმბრების ღალატმა დააღვია. მათმა მეთაურებმა დეციუსის ლეგიონებთან ბრძოლას რომისკენ წასვლა ამჯობინეს. როდესაც ამის შესახებ დეციუსმა შეიტყო, იგი სწრაფი მარშით გაემართა დედაქალაქისკენ. რომაელებმა კი გადაწყვიტეს ფაბიუსის მოხმობაც უმბრების წინააღმდეგ.
ფაბიუსი კი სწრაფი მარშით უმბრიის ქალაქ მევანიუმისკენ გაემართა. მეორე კონსულის უეცარმა გამოჩენამ ისე დააფრთხო უმბრები, რომ მათ ომზე უარის თქმა გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, მათ შორის ერთი ბრძოლა მაინც მოხდა, რომელშიც რომაელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
ომის განახლება ძვ. წ. 302 წელს
რედაქტირებაშვიდწლიანი ზავის შემდეგ ეტრუსკები ისევ აჯანყდნენ. რომაელები ქალაქ რუზელუმთან დაბანაკდნენ. ეტრუსკებმა გადაწყვბიტეს რომაელთა ეშმაკობით ძლევა. ამიტომ ბანაკთაბნ მდებარე დანგრეულ სოფელში მიიმალნენ მწყემსებად გადაცმული მეომრები, წინ კი ნახირი მიმოფანტეს. როდესაც რომაელები არ წამოეგნენ ამას, გადაცმული მწყემსები გამოვიდნენ და დაიწყეს რომაელთა დაცინვა. ლეგატმა ჰკითხა ერთ-ერთ თავის მეომარს, ვინც კარგად იცოდა ეტრუსკული ენა, თუ რას წარმოადგენდნენ ეს მწყემსები. მეომარმა თქვა რომ მათი მეტყველება არ ჰგავს სოფლურს და გარეგნობაც არ შეესაბამება მწყემსის გარეგნობას. მაშინ ლეგატმა ბრძანა გადაეცათ მწყემსებისთვის, რომ მათი ეშმაკობა რომაელებისთვის ცნობილია.
ამ ცნობის შემდეგ დიქტატორმა მარკუს ვალერიუს მაქსიმუსმა ბრძანა ბრძოლისთვის მომზადება. რომაელებმა ეტრუსკები სასტიკად დაამარცხეს. ეტრუსკებმა რომში ელჩები გაგზავნეს მშვიდობის სათხოვნელად, რაზეც უარი მიიღეს. დაიდო ორწლიანი ზავი.
ძვ. წ. 298 წელს საბრძოლო მოქმედებები
რედაქტირებაამ წელს ეტრურიაში ომი წილად კონსულ ტიტუს მანლიუსს ხვდა. ეტრურიაში ჩასვლისთანავე იგი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მის ნაცვლად კონსულად მარკუს ვალერიუს კორვუსი აირჩიეს. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, ეტრუსკებს მისი გმირობები ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ და მასთან პირისპირ შეტაკებას თავს არიდებდნენ. ამრიგად კონსული უშედეგოდ თარეშობდა ეტრურიაში, ბრძოლაში ეტრუსკების გამოწვევა მან ვერ შეძლო.
არჩევნების შემდეგ ეტრურიაში ომი ლუციუს კორნელიუს სციპიონმა განაგრძო. ეტრუსკები მას ვოლატერიუმთან შეებრძოლენ. რომაელებმა მძიმე ბრძოლის შედეგად გამარჯვება მოიპოვეს. სციპიონმა გადაწვა ეტრუსკული დასახლებები და დიდძალი ნადავლი ჩაიგდო ხელში.
შემდეგ ძვ. წ. 297 წელს ეტრურიაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები აღარ ჩატარებულა. რომაელების ყურადღება სამნიტებთან ომზე გადაერთო, ხოლო ეტრუსკებს ომის თავი აღარ ჰქონდათ.
სამნიტების და ეტრუსკების გაერთიანება რომის წინააღმდეგ
რედაქტირებასამნიტებთან დაწყებული ომი რომაელებისთვის წარმატებით განვითარდა. სამნიტებმა გადაწყვიტეს რომ დამოუკიდებლად ომის მოგებას ვერ შეძლებდნენ და მთელი ლაშქრობით ეტრურიაში გაემართნენ, რათა გაერთიანებული ძალებით გაეგრძელებინათ ომი. ეტრუსკები და მათი მოკავშირე ტომები დათანხვდნენ რომაელების წინააღმდეგ ომს. მათ უმბრებიც და გალებიც შეუერთდნენ.
რომაელები ამ საშიშროებას უმალვე გამოეხმაურნენ. ეტრურიაში გაემართა კონსული ვოლუმნიუსი პირველი და მეოთხე ლეგიონით და 20 ათასი მოკავშირით. ვოლუმნიუსის კონსულ კლავდიუსის ბანაკში ჩასვლის შემდეგ ბრძოლაც გაიმართა. ეტრუსკები ვოლუმნიუსის პირისპიორ აღმოჩნდნენ, ხოლო სამნიტები აპიუს კლავდიუსის. რომაელებმა ამ ბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
მიუხედავად ამ დამარცხებისა რომის მტრები მაინც სერიოზულ ძალას წარმოადგენდნენ. ძვ. წ. 295 წელს კონსულებად ისევ კვინტუს ფაბიუსი და პუბლიუს დეციუს მუსი იყვნენ არჩეულნი. მიუხედავად იმისა რომ ორი კონსული უკვე მესამეჯერ იყვნენ კოლეგები და ერთად იყვნენ ცენზორები, მათ შორის პირველად მოხდა განხეთქილება. პატრიციებმა მოითხოვეს რომ ეტრუსკებთან ომი წილის ყრის გარეშე ფაბიუსს რგებოდა, ხოლო პლებეები მოითხოვდნენ წილის ყრას. ფაბიუსმა ბოლო ბოლო დაარწმუნა კოლეგა რომ უმჯობესია მან განაგრძოს მის მიერ წარმატებით დაწყებული ეტრუსკული ომი.
როდესაც კი ფაბიუსმა განაცხადა მეომრების შეკრება, ყველა ცდილობდა მის ჯარში ჩაწერილიყო. ფაბიუსმა კი საომრად მარტო 4 000 ქვეითი და 600 მხედარი წაიყვანა. იგი გაემართა აქარნის ციხესიმაგრისკენ, სადაც რომაელთა ბანაკი იყო აპიუს კლავდიუსის ჯარებით. ჯარისკაცები ფაბიუსს დიდი სიხარულით შეეგებნენ. ფაბიუსი დაბანაკდა კლუზიუმთან და გაემართა რომში სამხედრო საკითხებზე მოსათათბირებლად. რომში ჩასვლის მიზნებზე სხვადასხვა ვერსიებიც არსებობს, ზოგი ცნობებით აპიუს კლავდიუსი იქ ფაბიუსის წინააღმდეგ ხრიკებს აწყობდა, და იგი სენატმა გამოიძახა. ასეა თუ ისე ფაბიუსი სამხედრო ბანაკსი დეციუს მუსთან ერთად დაბრუნდა.
ამასობაში კლუზიუმთან რომაელთა სამხედრო ბანაკს გალები დაესხნენ თავს და ყველა გაჟლიტეს. გალები სამნიტებთან, ეტრუსკებთან და უმბრებთან შეიკრნენ და ყველანი რომაელთა წინააღმდეგ დაილაშქრნენ. მტრები ერთმანეთს სენტინუმთან შეხვდნენ. მარჯვენა ფრთაზე სამნიტები იყვნენ, მათ პირისპირ ფაბიუსი იდგა, ხოლო მარცხნივ გალების პირისპირ დეციუსი იდგა.
თავდაპირველად ბრძოლა თანაბარი იყო. მარჯვნივ ფაბიუსი უფრო თავს იცავდა ვიდრე ესხმოდა, რადგან მან კარგად იცოდა სამნიტების საბრძოლო ტაქტიკა, დღის ბოლოსთვის ისინი დაიღლებიან და მათი ძლევა უფრო ადვილი იქნება. გალები კი, რომლებსაც ძალიან უჭირთ სიცხის ატანა, საშიშნი არიან ბრძოლის დასაწყისში, ბოლოსკენ კი ძალიან სუსტდებიან.
დეციუსი კი პირიქით მოიქცა, მან ჯერ ქვეითები გაუშვა თავდასხმაში, შემდეგ კი მხედრები. მათ წინააღმდეგ გალმა მხედრებმა გამოილაშქრეს და უკან დაახევინეს რომაელებს. დეციუი ამაოდ ცდილობდა უკან დახეული რომაელების შეჩერებას, ბოლოს კი როდესაც ვერაფრით ვერ მოახერხა ეს, გადაწყვიტა გაემეორებინა თავისი მამის ბედი, მან მოუწოდა პონტიფიკუსს მსხვერპლშეწირვის რიტუალის ჩასატარებლად. პონტიფიკუსმა ქვესკნელის ღმერთებს უბოძა მტრის ლეგიონები და დეციუს მუსი. რიტუალის ჩატარების შემდეგ პუბლიუს დეციუსმა იქითკენ გააჭენა ცხენი, სადაც გალები უფრო მჭიდროდ იდგნენ, და იქვე დაიღუპა. რომაელებმა შეწყვიტეს უკან დახევა და ისევ თავდასხმაზე გადავიდნენ. მტრები კი ამ მსხვერპლშეწირვამ შეაშინა და ბრძოლა რომაელების უპირატესობით გაგრძელდა.
მარჯვენა ფრთაზე ფაბიუსს უწინდებურად გაყავდა დრო, სანამ მტერი დაიღლებოდა. ამ დროიდან ის შეტევას იწყებს, ხოლო მხედრებს სამნიტებისთვის გვერდიდან შეტევა უბრძანა. სამნიტებმა პირველებმა დაიხიეს უკან. რომაელებმა სწრაფად აიღეს სამნიტების ბანაკი, გალებს კი ზურგიდან დაარტყეს და დაამარცხეს. დეციუსის ლაშქრიდან 7000 დაიღუპა, ფაბიუსის ლაშქრიდან კი 1500. პაბიუსმა დეციუსი დიდი პატივით დაკრძალა.
პრეტორმა გნეუს ფულვიუსმა კიდევ ერთხელ დაამარცხა ეტრუსკები, ხოლო სამნიტები ეტრურიიდან განდევნა. ამ მოვლენების შემდეგ ფაბიუსმა სასტიკად ჩაახშო პერუზიელთა აჯანყება. მან 4.5 ათასი პერუზიელი გაანადგურა და 1740 ტყვედ აიყვანა.
ომის დასრულება და შედეგები
რედაქტირებაძვ. წ. 294 წელს ეტრურიაში ომი კონსულ ლუციუს პოსტუმიუს მეგელუსს მიჰყავდა. ამ წელს ეტრუსკებმა სამშვიდობო ხელშეკრულება მოითხოვეს, რომელიც 40 წლის ვადით დაიდო.
ეტრუსკებთან ომი მცირე შესვენებებით 15 წელი გრძელდებოდა. ამ ომის შედეგად ოდესღაც ძლიერი ეტრურია დაკნინდა და გახდა რომის პროვინცია. ხოლო მდიდარი ეტრუსკული კულტურა რომაულ კულტურაში გაითქვიფა, ენა და დამწერლობა კი გაქრა.
წყაროები
რედაქტირებაისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ. |