ესთერ პარკი
მშობლიური სახელი კორ. 에스더 박
დაბადების თარიღი 16 მარტი 1877
სეული
გარდაცვალების თარიღი 13 აპრილი, 1910 (34 წლის)
ალმა-მატერი იხვას ქალთა უნივერსიტეტი
პროფესია ექიმი

ესთერ პარკი (კორ. 에스더 박 დაბ. კიმ ჩომ-დონგი) — პირველი კორეელი ქალი, რომელმაც ქვეყანაში შემოიტანა დასავლური სამედიცინო პრაქტიკა, იგი ასევე დიდი ძალისხმევას უთმობდა ქველმოქმედებას. პაკრმა დაამთავრა იჰვას ქალთა უნივერსიტეტი სეულში და შემდეგ მიიღო სამედიცინო ხარისხი ამერიკის შეერთებულ შტატებში. კორეაში დაბრუნებულმა, არაერთი ქალი მოამზადა სამედიცინო კუთხთ და განკურნა უამრავი პაციენტი.[1]

ბიოგრაფია რედაქტირება

კიმ ჩომდონგი დაიბადა 1877 წლის 16 მარტს (სხვა წყაროების მიხედვით — 1876 წლის 16 მარტი ან 1879 წელს) სეულის ჯუნგუს რაიონში.  ოთხი ქალიშვილდან კიმი მესამე იყო. მამა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ამერიკელ მისიონერებთან.  მისი უფროსი იყო ჰენრი აპენცელერი, რამაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა და 1886 წელს ქალიშვილი გაგზავნა სასწავლებლად იჰვას სკოლაში. კიმი ამ საგანმანათლებლო დაწესებულების ერთ-ერთი პირველი სტუდენტი იყო. როდესაც მას მშობლებმა სწავლის უფლება მისცეს, დაუსვეს ორი პირობა:  აუკრძალეს ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლა და ქორწინებამდე სკოლის მიტოვება. კიმი კარგად სწავლობდა, ის განსაკუთრებით კარგად დაეუფლა ინგლისურ ენას და როდესაც ამერიკელი მისიონერი როზეტა შერვუდ-ჰოლი სკოლას ესტუმრა, კიმს სთხოვეს მისთვის მთარგმნელად ემუშავა. შერვუდ ჰოლმა ოპერაცია გაუკეთა გოგონას ტუჩის ნაპრალზე ("კურდღლის ტუჩი), რაც იმ დროს განუკურნებელ დაავადებად ითვლებოდა. ოპერაციის მსვლელობას კიმიც დაესწრო და შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა სამედიცინო კარიერაზე  დაიწყო ოცნება. გარდა ამისა, შერვუდ-ჰოლმა დაარწმუნა კიმი, რომ კორეელი ქალები ძალიან შეზუდულები იყვნენ კონფუციანისტური აკრძალვებით, რაც არ იძლეოდა მათი სათანადო მკურნალობის საშუალებას: საზოგადოებაში სქესთა მკაცრი გამიჯვნის გამო მამაკაც ექიმს არ ჰქონდა ქალის  გასინჯვის უფლება. თავად შერვუდ-ჰოლმა ასწავლა თავის მთარგმნელს ფსიქოლოგია და პაციენტის მოვლის საფუძვლები.

შერვუდ ჰოლმა კიმს გააცნო მეუღლის თანამშრომელი პარკ იუსანი (კორ. 박유산), რომელსაც 1893 წლის 24 მაისს კიმ ჩომდონგი ცოლად გაჰყვა. მათი ქორწილი პირველი დასავლური საქორწინო ცერემონია იყო კორეაში. ქორწილის შემდეგ კიმმა მიიღო სახელი ესთერი და ქმრის გვარი დაამატა სახელს, რომლითაც მოინათლა. 1894 წელს შერვუდ ჰოლი დაბრუნდა ნიუ-იორკში და თან წაიყვანა ესთერი და იუსანი.[2]

ესთერ პარკმა დაამთავრა ერთწლიანი სკოლა ნიუ-იორკში, სადაც სწავლობდა ლათინურს, ფიზიკასა და მათემატიკას, შემდეგ კი ჩაირიცხა ბალტიმორის ქალთა სამედიცინო კოლეჯში (Women’s Medical College of Baltimore). 1900 წელს პარკმა ყველა გამოცდა ჩააბარა და გახდა ექიმი. მეუღლე, რომელიც აშშ-ში მუშაობდა ფერმაში, ესთერს ფინანსურად ეხმარებოდა და მხარს უჭერდა მის სწრაფვას სამედიცინო კარიერისკენ. იგი ნიუ-იორკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით ექვსი თვით ადრე ვიდრე პარკი დაასრულებდა სწავლას.[3]

ხარისხის მიღების შემდეგ, პარკი დაბრუნდა კორეაში და დასაქმდა ქვეყნის პირველ ქალთა საავადმყოფოში, პოგუ-იოგვანში, რომელიც მდებარეობს სეულში, დონგდაემუნის კარიბჭესთან. იქ ყოფნის 10 თვის განმავლობაში დოქტორი პარკი მკურნალობდა 3000-ზე მეტ პაციენტს 1901 წელს ფხენიანში გადასვლამდე, სადაც შერვუდ ჰოლმა გახსნა ახალი საავადმყოფო 1894 წელს. პარკი ბევრს მოგზაურობდა მთელ კორეაში, მათ შორის ქოლერის ეპიდემიის დროს, ეხმარებოდა ავადმყოფებს უფასოდ. გარდა ძირითადი საქმიანობისა, იგი ასევე ეწეოდა საგანმანათლებლო და პედაგოგიურ საქმიანობას, ამზადებდა კორეელი ქალი ექიმების პირველ თაობას. პარკი კითხულობდა საჯარო ლექციებს, რა  დროსაც  ხაზს უსვამდა ქალთა ჯანმრთელობისა და განათლების მნიშვნელობას და ასევე პროპაგანდას უწევდა ქრისტიანულ რელიგიას.[4]

1910 წლის 13 აპრილს ესთერ პარკი გარდაიცვალა ტუბერკულოზით 33 ან 34 წლის ასაკში.[5]

ჯილდოები რედაქტირება

1909 წლის 28 აპრილს გიეონგჰუიგუნგის სასახლეში გაიმართა საზეიმო ცერემონია ესთერ პარკისა და ორი სხვა კორეელი ქალის საპატივსაცემოდ, რომლებმაც პირველებმა შეიტანეს წვლილი ქვეყნის განათლებასა და მედიცინაში. ესთერ პარკთან ერთად იყვნენ: ჰა-რანსა — ამერიკული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ლიტერატურის ბაკალავრის ხარისხის მფლობელი და იაპონური უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებული იუნ ჩანგვონი. ცერემონიას 7800-მდე ადამიანი ესწრებოდა. მეფე გოჯონგმა ესთერ პარკს ვერცხლის მედალი გადასცა.

2006 წელს კორეის მეცნიერებათა აკადემიამ ესთერ პარკი შეიყვანა კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დიდების დარბაზში.[6][7]

სქოლიო რედაქტირება

  1. 이화보이스 ko (2010-04-12). ციტირების თარიღი: 2018-03-16
  2. KBS WORLD Radio En. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-05. ციტირების თარიღი: 2018-03-16
  3. Women in Korean History 한국 역사 속의 여성들 (en). 
  4. Hall, Rosetta Sherwood. (about 1910) Mrs. Esther Kim Pak, M. D. : Korea's first woman doctor (Boston: Woman's Foreign Missionary Society, Methodist Episcopal Church). via Internet Archive.
  5. Lankov, Andrei (April 2012). „Esther Pak: the first female doctor in Korea“. The Korea Times. ციტირების თარიღი: November 5, 2019.
  6. „Esther Pak; The First Korean Woman Who Has Ever Visited America as a Student“. The Philadelphia Inquirer. November 10, 1895. p. 26. ციტირების თარიღი: November 5, 2019 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  7. „Mrs. Esther Pak of Corea“. The Baltimore Sun. February 1, 1897. p. 10. ციტირების თარიღი: November 5, 2019 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.