ერიხ ფრომი
ერიხ ფრომი (გერმ. Erich Seligmann Fromm; დ. 23 მარტი, 1900, ფრანკფურტი — გ. 18 მარტი, 1980, ლოკარნო) — ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, ფსიქოანალიტიკოსი, ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი, ნეოფროიდიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ერიხ ფრომი | |
---|---|
გერმ. Erich Fromm | |
დაბ. თარიღი | 23 მარტი, 1900[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] |
დაბ. ადგილი | მაინის ფრანკფურტი[13] [14] |
გარდ. თარიღი | 18 მარტი, 1980[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (79 წლის) |
გარდ. ადგილი | Muralto |
მოქალაქეობა |
გერმანიის იმპერია ვაიმარის რესპუბლიკა გერმანია[14] შვეიცარია[14] |
საქმიანობა | უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი[9] [10] , ფსიქოანალიტიკოსი[14] , მწერალი, ფსიქოლოგი[10] [14] , ფილოსოფოსი[10] და ეკონომისტი |
მუშაობის ადგილი | National Autonomous University of Mexico, კოლუმბიის უნივერსიტეტი, მიჩიგანის უნივერსიტეტი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
მეუღლე | Frieda Fromm-Reichmann და კარენ ჰორნი |
ჯილდოები | წლის ჰუმანისტი, ნელი ზაქსის პრემია და Goethe Plaque of the City of Frankfurt |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | fromm-online.org |
ბიოგრაფია
რედაქტირებაერიხ ფრომი პატრიარქალურ ებრაულ ოჯახში აღიზარდა. დედამისი, როზა კრაუზე, რუსეთიდან ემიგრირებული რაბინის ქალიშვილი იყო; საგვარეულოს სხვა წარმომადგენლები თალმუდის ღრმა ცოდნით გამოირჩევოდნენ, რის გამოც ებრაულ სათვისტომოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. ნათესავების გავლენის ქვეშ მოქცეულმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა, რომ იუდაიზმის შესწავლა და გავრცელება მისი მოწოდება იყო.ფრომის საყვარელ წიგნს ბავშვობაში ძველი აღთქმა წარმოადგენდა, რომელშიც მას განსაკუთრებით სამი ეპიზოდი ხიბლავდა: ადამ და ევას განდევნა სამოთხიდან, სოდომის ისტორია და იონა — წინასწარმეტყველის ამბავი. მამამისი, ნაფტალი ფრომი, აგრეთვე რაბინების შთამომავალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი ვაჭრობას ეწეოდა, ის ორთოდოქსულ ტრადიციებს იცავდა, რაც უარყოფითად აისახებოდა მის კომერციულ საქმიანობაზე, ვინაიდან ის გაცილებით უფრო დიდ დროს უთმობდა მრავალრიცხოვანი რიტუალების აღსრულებასა და რელიგიური ტექსტების გარჩევას, ვიდრე მყიდველების მომსახურებას. ამის გამო სიდუხჭირე ფრომთა ოჯახის მუდმივი თანმდევი იყო. ფრომი ხშირად აღნიშნავდა, რომ ის სუბკულტურული გარემო (იხ.სუბკულტურა), რომელშიც იგი აღიზარდა, ანგარებისგან და პრაგმატიზმისგან შორს იყო, რომ კაპიტალისტური ფასეულობების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება მას ბავშვობაში ჩამოუყალიბდა იუდაიზმის გავლენით (ეს უკანასკნელი კი ქადაგებს, რომ მატერიალური კეთილდღეობა არა თუ თვითმიზანია, არამედ სულიერი მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებელი პირობაა). თუმცა ამ სკეპტიციზმმა ნიჰილიზმისაკენ და სულიერი ფასეულობების უარყოფისკენ ევოლუცია არ განიცადა.
კაპიტალისტური ფასეულობების უარმყოფელი და სოციალური რეკონსტრუქციის მომხრე ფრომი არც ტრადიციულ კონსერვატიზმის იდეოლოგიას იზიარებდა. ფრანკფურტში ფრომი ებრაულ სკოლაში დადიოდა, რომელშიც რელიგიური ტრადიციების გარდა ზოგადსაგანმანათლებლო საგნებიც ისწავლებოდა. 1918 წელს ატესტატის მიღების შემდეგ ფრომმა სამართლის შესწავლა გადაწყვიტა, ხოლო რელიგიური განათლების მიღებაზე უარი განაცხადა. სამართალს ფრომი აღიქვამდა, როგორც რაიმე საზოგადოების ეთიკურ მინიმუმს, ეთიკის კავშირს რელიგიასთან კი ფრომი ყოველთვის ნათლად ხედავდა, ასე რომ, მის ამ გადაწყვეტილებაში რადიკალური არაფერი იყო. სამართლის ხიბლი მალე გაქარწყლდა, რის შემდეგ ფრომი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში გაემგზავრა . აქ ფრომი სწავლობდა ფილოსოფიას, სოციოლოგიას და ფსიქოლოგიას. იმხანად ჰაიდელბერგში კარლ იასპერსი, მაქს ვებერი და ალფრედ ვებერი მოღვაწეობდნენ,; უკანასკნელი ფრომის დისერტაციის ხელმძღვანელი იყო. 1922 წელს მას ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
შემდეგ ფრომმა სწავლა ფსიქოანალიზის ბერლინის ინსტიტუტში განაგრძო. აქ მან ორთოდოქსული ფროიდიზმი სრულფასოვნად შეისწავლა, და კლინიკურ პრაქტიკაში მისი გამოყენება დაიწყო.მისი ნაშრომები სერიოზულ ფსიქოანალიტიკურ ჟურნალებში იბეჭდებოდა (მაგალითად, „იმაგო“-ში).ზიგმუნდ ფროიდს ფრომი პირადად არ იცნობდა, თუმცა მისი მოძღვრებით მოხიბლული და გამსჭვალული იყო. ამის მიუხედავად, საკუთარი კონცეფციის ჩამოყალიბების შემდეგ ფროიდიზმის რადიკალური რევიზია სწორედ ფრომმა მოახდინა . ჰაიდელბერგში ფრომმა ფსიქოანალიტიკოსი ქალი ფრიდა რაიჰმანი გაიცნო, რომელიც მასზე 10 წლით უფროსი იყო. ფრიდა ჯერ ფრომის პაციენტი გახდა, შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. მათი კავშირი არამდგრადი აღმოჩნდა (4 წლის შემდეგ მეუღლეები ერთმანეთს გაშორდნენ). 1930 წელს ფრომი ფრანკფურტის სკოლის დამაარსებლებთან (მაქს ჰორკჰაიმერთან, თეოდორ ადორნოსთან და ჰერბერტ მარკუზესთან) იწყებს თანამშრომლობას. 1932 წელს ჩატარებული გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით ფრომმა ადოლფ ჰიტლერის ახლო მომავალში გამარჯვება იწინასწარმეტყველა. 1933 წელს მან გერმანია დატოვა და აშშ-ს შეაფარა თავი.
1941 წელს მისი პირველი წიგნი გამოქვეყნდა, ეს იყო აწ კლასიკად ქცეული ნაშრომი "თავისუფლებისგან გაქცევა"("Escape from freedom"), რომელშიც მან ტოტალიტარიზმის სახეობები გამოააშკარავა და დაგმო.გერმანიაში ამ წიგნმა ფრომის მიმართ ბრმა სიძულვილის ტალღა გამოიწვია. 1940-იან წლებში ფრომი ფრანკფურტის სკოლას ემიჯნება, რადგან აღარ იზიარებს მარკუზეს და ადორნოს იდეებს. ის პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობით და პრაქტიკული ფსიქოანალიზითაა დაკავებული. კლინიკურმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ნევროზების უმრავლესობას არა მარტო ბიოლოგიური, არამედ სოციალური ფაქტორებიც იწვევენ. ასე ფრომი საბოლოოდ გაემიჯნა კლასიკურ ფროიდიზმს. ფრომი ომის შემდეგ გერმანიაში აღარ დაბრუნდა. 1949 — 1969 წწ. იგი მექსიკაში ცხოვრობდა. აქ ფრომი ხშირად კაპიტალისტური წყობის კრიტიკით გამოდიოდა. 1960 წელს ის აშშ-ს სოციალისტურ პარტიაში გაწევრიანდა,მან ამ პარტიის პროგრამაც კი შეიმუშავა, რომელიც არ იქნა მიღებული პარტიაში არსებული შიდა განხეთქილების გამო. ამ წარუმატებლობის მიუხედავად, ფრომი არ ტოვებს პოლიტიკურ ასპარეზს, განაგრძობს ლექციების კითხვას და მიტინგებში მონაწილეობას. 1969 წელს პირველი ინფარქტის შემდეგ, ფრომი შვეიცარიაში მიემგზავრება. აქ, ლოკარნოში, მან სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. მთელი ამ დროის განმავლობაში იგი სრულფასოვან შემოქმედებას ეწეოდა.
ფილოსოფიური იდეები
რედაქტირებათავისუფლების საკუთარ კონცეფციას ერიხ ფრომმა რადიკალური ჰუმანიზმი უწოდა.ამ კონცეფციის იდეური წყაროების ნუსხაში შეგვიძლია ვიხილოთ: კარლ მარქსი, ზიგმუნდ ფროიდი, ებრაელი წინასწარმეტყველები, ბუდა, ლაო-ძი. ფრომის აზრით, ტექნოლოგიურმა პროგრესმა კაცობრიობას საყოველთაო ბედნიერება და კეთილდღეობა ვერ მოუტანა, მატერიალურ — ტექნიკურ პროგრესს ადამიანების სულიერი სრულყოფა თან არ სდევდა, რის გამოც თანამედროვე საზოგადოებაში სრული ქაოსია გაბატონებული. მატერიალური კომფორტის კულტით შეპყრობილ საზოგადოებას ფრომმა შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვა. ფრომის აზრით, რელიგიები ორ ჯგუფად იყოფა: ავტორიტარული და ჰუმანისტური.
ავტორიტარული რელიგია გულისხმობს ადამიანის მიერ ისეთი გარე, უზენაესი და უხილავი ძალის აღიარებას, რომელიც მის ცხოვრებას ცალსახად განსაზღვრავს და ითხოვს უპირობო თაყვანისცემას და მორჩილებას. ამავდროულად, მორჩილება ეფუძნება არა ღვთაების ზნეობრივ თვისებებს, არამედ მხოლოდ ძალაუფლების ფაქტს. ღვთაება ყოვლისშემძლეა და ყოვლისმცოდნე, ადამიანი არარაობაა. ადამიანის მიღმა არსებული ამ ძალის წინაშე ინდივიდი უმწეოა, ერთადერთი გამოსავალი სრული კაპიტულაციაა, მარტოობის და შემოსაზღვრულობის დაძლევა მხოლოდ ამ აქტითაა შესაძლებელი.ინდივიდი კარგავს დამოუკიდებლობას, სანაცვლოდ კი უსაფრთხოებისა და უსასრულობასთან ზიარების განცდებს იძენს. ასეთ რელიგიაში მორჩილება უზენაესი სათნოებაა, ხოლო უმძიმეს ცოდვას დაუმორჩილებლობა წარმოადგენს. ამ დოქტრინებში ტანჯვის და დანაშაულის გრძნობები დომინირებენ. ავტორიტარულ რელიგიას ხშირად პოსტულატის სახით შემოაქვს აბსტრაქტული და შორეული იდეალი ("სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ", "კაცობრიობის კეთილდღეობა"), რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალური ადამიანების რეალურ ყოფასთან, და რომელსაც რელიგიური თუ საერო "ელიტა" ადამიანთა დიდი ჯგუფების სამართავად იყენებს. ასეთი სიმბოლოების საშუალებით ნებისმიერი მიზნის და ნებისმიერი მსხვერპლის გამართლებაა შესაძლებელი. ავტორიტარული რელიგიის კლასიკურ მაგალითად ფრომი კალვინის თეოლოგიას მიიჩნევს.
ჰუმანისტურ რელიგიაში სამყაროს ცენტრი ადამიანია. ამ კონცეფციის თანახმად, ადამიანმა საკუთარი გონი უნდა განავითაროს, რათა შეიცნოს მიმართება საკუთარ თავსა და გარე სამყაროს შორის. მან ადამიანები უნდა შეიყვაროს და ყველა ცოცხალი არსების ერთიანობა მოიაზროს და შეიგრძნოს. ჰუმანისტური რელიგია მიზნად ადამიანის დაუძლურებას კი არ ისახავს, პირიქით, მისი მიზანი ძლიერი ინდივიდია, რომელიც სამყაროს სიხარულით ეგებება. მთავარი სათნოება არა მორჩილებაა, არამედ თვითრეალიზაციაა. ღმერთი ასეთ რელიგიაში ადამიანის შესაძლებლობების ზღვრული სიმბოლოა; ის ადამიანზე ძალადობას და ბატონობას არ განასახიერებს. ჰუმანისტური რელიგიის მთავარ შემოქმედებად ფრომი ლაო-ძის, ბუდას, სოკრატეს, იესო ქრისტეს, სპინოზას ასახელებს. მათი მოძღვრებები მხოლოდ დეტალებში განსხვავდებიან, ლაიტმოტივი კი ერთია: ადამიანის ამოცანა ჭეშმარიტების შემეცნებაა, ინდივიდი იმდენადაა ადამიანი, რამდენადაც მან ამ ამოცანის გადაჭრა შეძლო.იგი თავისუფალი უნდა იყოს; ადამიანი თვითმიზანია, და არა სხვა ადამიანების მიზნების მისაღწევად არსებული საშუალება. მის მთავარ მამოძრავებელ ძალას სიყვარული უნდა წარმოადგენდეს.
რაც ეხება ფსიქოანალიზს, მის დანიშნულებას, ფრომის აზრით, სამყაროს მიმართ სწორედ ასეთი,ჰუმანისტურ-რელიგიური დამოკიდებულების შექმნა წარმოადგენს. მაშასადამე, იგი მხოლოდ ავტორიტარულ რელიგიას უპირისპირდება. რელიგიას ემუქრება არა ფსიქოანალიზი, არამედ თანამედროვე ადამიანის საბაზრო ორიენტაცია. თანამედროვე ადამიანი უზენაეს მიზანს აღარ ეძებს, ის ეკონომიკური მანქანის ინსტრუმენტად გადაიქცა, რომლის ერთადერთი საზრუნავი წარმატების მიღწევაა.ეს უკანასკნელი მას ბედნიერებასთან აქვს გაიგივებული. საბაზრო ორიენტაციის პირობებში ადამიანი მხოლოდ გარკვეული ტიპის საქონელია, რომლის "ფასს" მის მიღმა არსებული, მისგან დამოუკიდებელი ფაქტორები განსაზღვრავენ, ასეთი ვითარება კი საზიანოა ინდივიდუალური თვითშეფასებისთვის. იქმნება ახალი ტიპის ადამიანი, რომლის ქცევას გაუცხოება და უმწეობა განსაზღვრავს. ამასთანავე, იგი კერპთაყვანისცემელია: მისი კულტის ობიექტებია სახელმწიფოს ინსტიტუტი, ავტორიტარული ბელადის ფიგურა, მეცნიერება და მის მიერ შობილი ტექნოლოგია და სხვ. ავტორიტარული და ჰუმანისტური ელემენტები ხშირად ერთი და იმავე რელიგიური ტრადიციის ფარგლებში თანაარსებობენ განუწყვეტლივი კონფლიქტის პირობებში.
ისტორია ადასტურებს, რომ რელიგიურ გამოცდილებას და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიურ და პოლიტიკურ სტრუქტურას შორის გარკვეული კორელაცია არსებობს, კერძოდ, იმ საზოგადოებაში, რომელსაც ადამიანთა მცირერიცხოვანი ძლევამოსილი ჯგუფი ძალისმიერი მეთოდებით მართავს,და რომელშიც შიშით შეპყრობილ ინდივიდს ძლიერი და დამოუკიდებელი განცდების უნარი დაქვეითებული აქვს, რელიგიის ავტორიტარული ფორმაა გაბატონებული. ჰუმანისტური რელიგიური გამოცდილება იქმნება იმ საზოგადოებებში, სადაც პიროვნება ან გრძნობს თავისუფლებას და პასუხისმგებლობას, ან თავისუფლებისთვის მებრძოლ უმცირესობაშია გაწევრიანებული. მსოფლიო რელიგიების ტრაგედია მდგომარეობს შემდეგში: თავის განვითარების ერთ—ერთ ეტაპზე ისინი მასობრივ ორგანიზაციებად ყალიბდებიან, მათ საკუთარი ბიუროკრატიული აპარატი უჩნდებათ, რის შემდეგ ისინი თავისუფლების პრინციპებს რყვნიან და არღვევენ. ადამიანი ეთაყვანება არა ღმერთს, არამედ სხვა ადამიანებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ უფალი მათი საშუალებით გამოხატავს თავის ნებას.
ფსიქოანალიზის მნიშვნელობა
რედაქტირებაკარლ გუსტავ იუნგი დასავლეთის კულტურაში ხედავს მწვავედ დასმულ პრობლემებს, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია თუ მატერიალური და რაციონალური ფასეულობების მოთხოვა დაიკლებს.
"ჩვენთვის საინტერესო საკითხის შესწავლისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ თანამედროვე დასავლეთის ადამიანის სულიერ კრიზისს და ფსიქოანალიზს, როგორც ამ კრიზისის გადალახვის ერთ-ერთ იარაღს. დასავრულ კულტურას მიკუთვნებულ ადამიანთა უმრავლესობა ამა თუ იმ ხარისხით განიცდის ამ კრიზისის გავლენას, ამასთან თავად ამას სრულად ვერ აცნობიერებს, მიუხედავად ამისა, სპეციალისტები სავსებით ერთსულოვანნი არიან როგორც ამჟამინდელი კრიზისის არსებობის აღიარებაში, ისე მისი არსის განსაზღვრაში. ეს ფენომენი განისაზღვრება ცნებებით "შეუძოდ ყოფნა" ("malaise") "მოწყენილობა" ("ennui"), "საუკუნის დაავადება" ("maladie du siucle"), აქ ლაპარაკია ადამიანის აპათიაზე, ავტომატურობაზე, თვით გაუცხოვებაზე. სხვა ინდივიდებთან და ბუნებასთან კავშირის დარღვევაზე, რაციონალიზმი ადამიანის მიერ ყველაფრის სათავედ ითვლებოდა, სანამ მან უაღრესად ირაციონალური თვისებები არ შეიძინა, დეკარტის ეპოქამ დასაბამი მისცა აზროვნების და გრძნობების მკადიო განცალკევებას: აზროვნება რაციონალურია. ადამიანური პიროვნება, როგორც მხოლოდ ინტელექტის განსახიერება, მოწოდებულია ბუნებაზე კონტროლი განახორციელოს. არსებობის მიზანი ხდება სულ უფრო მეტი მატერიალური ფასეულობების წარმოება."
სიყვარული
რედაქტირებაყველა ეპოქაში და ნებისმიერ კულტურაში ადამიანის წინაშე ერთი და იგივე საკითხი დგას: ეს არის ადამიანს და სამყაროს შორის არსებული დისჰარმონიის დაძლევა, ინდივიდუალური შემოსაზღვრულობის დამარცხება და უნივერსუმთან ერთიანობის აღდგენა. სამყაროს ამ გამოწვევაზე ადამიანები სხვადასხვანაირად პასუხობენ: აგრესიით, ასკეტიზმით,შემოქმედებით, სიყვარულით, რწმენით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირებაErich Fromm: Zen Buddhism and Psychoanalysis, New York, june.1970
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118536389 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 AlKindi
- ↑ 8.0 8.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 9.0 9.1 9.2 BeWeB
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 11.0 11.1 Munzinger Personen
- ↑ Педагоги и психологи мира — 2012.
- ↑ Фромм Эрих // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 Catalog of the German National Library