შიზოფრენია — ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადება. იგი ქრონიკული, პროგრედიუნტული ხასიათისაა. მიმდინარეობს ფსიქოზური რეგისტრის სინდრომების დომინანტით და უმეტეს შემთხვევაში იწვევს პიროვნების დეფექტს (Shizis – „გახლეჩა“ Phren – „სული“)

ოიგენ ბლოილერი ავტორი ტერმინისა „შიზოფრენია“

შიზოფრენია ერთნაირი სიხშირით გვხვდება მსოფლიოს ყველა კუთხეში, ცივილიზაციის დონისა და კულტურის განურჩევლად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით შიზოფრენიით საშუალოდ 1-დან 1,5%-მდე ადამიანია დაავადებული. აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით ყოველწლიურად ქვეყანაში ამ დაავადების 100 000-150 000 ახალი შემთხვევის რეგისტრაცია ხდება. არ არის ნაჩვენები განსხვავება დაავადების სიხშირეში ქალებსა და მამაკაცებს შორის.

შიზოფრენიის წარმოშობა დღემდე დაუდგენელია. მას ენდოგენური ბუნების დაავადებებს მიაკუთვნებენ. მიჩნეულია,რომ მის განვითარებაში წამყვანი როლი მემკვიდრეობას მიუძღვის. ასევე მნიშვნელობა აქვს ფსიქო-ფიზიკურ კონსტიტუციასაც. შიზოფრენიის ეთიოლოგიის ბუნებრივი კონცეფციებიდან მნიშვნელოვანია ნეიროტრანსმისიური თეორია, რომლის მიხედვითაც დაავადების მიზეზი დოფამინერგული სისტემის დისფუნქციაა. ნეირომედიატორ დოფამინის ჭარბი გამომუშავება და კონცენტრაცია სინაფსებში.

შიზოფრენიის დამოუკიდებელ დაავადებად ჩამოყალიბება დაკავშირებულია გერმანელი ფსიქიატრის — ემილ კრეპელის სახელთან. 1896 წელს მან ერთი დაავადების Dementia praecox-ის სახელით გააერთიანა რამდენიმე ფსიქიკური აშლილობა, რომელთაც ახასიათებდათ ადრეულ ასაკში დაწყება და აპათო-აბულიური ტიპის ჭკუასუსტობის ჩამოყალიბება. 1911 წელს შვეიცარელ ფსიქიატრს ოიგენ ბლოილერს შემოაქვს ტერმინი შიზოფრენია.

შიზოფრენიის კლინიკური გამოვლინებები მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს ფსიქიკის ყველა სფეროს. ბლეილერი დაავადების დამახასიათებელი ნიშნებიდან აღწერდა ე.წ 4 „ა“-ს: ასოცაციური პროცესების აშლა, აფექტური აშლილობანი, ამბივალენტობა, აუტიზმი. შიზოფრენიის ძირითად კლინიკურ გამოვლინებებად განიხილება: პიროვნების საერთო ფსიქიკური აქტივობის დაქვეითება, განურჩევლობა, ინდიფერენტიზმი, აზროვნების დაუკავშირებლობა, პარალოგიური ასოციაციები, ალოგიკურობა, ემოციური რეაქციის გასადავება, გაღარიბება, არაადეკვატურობა, აპათია. ნებითი ინდიფერენტიზმი, აბულია, ჰალუცინაციები და ბოდვები.

შიზოფრენიის ფორმები რედაქტირება

  1. მარტივი ფორმა — იწყება პუბერტულ ასაკში. თანდათანობით ვითარდება აქტივობისა და სოციალური ინტერესების დაქვეითება, ავადმყოფი ხდება კარჩაკეტილი, განმარტოვებული, უინიციატივო. ფერმკრთალდება და კნინდება ემოციები.
  2. კატატონიური ფორმა — მეტწილად პუბერტულ ასაკში იწყება. ახასიათებს მოტორული სფეროს დარღვევები კატატონიური სინდრომების სახით,ესენია: ექოლალია, ექოპრაქსია, ექომიმია. კატატონიურ სტუპორს თან ახლავს ნეგატივიზმი, მანერულობა.
  3. ჰებეფრენული ფორმა — დამახასიათებელია ჰებოისური აშლილობანი: მიზანმიუმართავი დემონსტრაციულობა, ჯამბაზობა, აფორიაქება, მანერულობა, ემოციურ-ნებითი გასადავება, პიროვნული აქტიობის დაქვეითება, სიტუაციასთან შეუსაბამო გუნება-განწყობა. ეს ფორმა გამოირჩევა ავთვისებიანი მიმდინარეობით და აპათო-აბულიური ჭკუასუსტობის განვითარებით.
  4. პარანოიდული ფორმა — ბოდვითი და ჰალუცინაციურ-ბოდვითი სინდრომების არსებობა ახასიათებს. დამახასიათებელია ასევე ასოციაციური პათოლოგია დაუკავშირებელი, სიმბოლური აზროვნების სახით. ბოდვითი იდეებიდან აღსანიშნავია დევნის, დამოკიდებულების, ზემოქმედების იდეები. ჰალუცინაციების სხვადასხვა ტიპი გვხვდება ამ დროს: სმენითი, მხედველობითი, ყნოსვითი, ტაქტილური ჰალუცინაციები.

მკურნალობა რედაქტირება

წამყვანი ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებების ჩასაქრობად იყენებენ ფარმაკოლოგიურ საშუალებებს — ნეიროლეფტიკები, რომლებიც გახანგრძლივებული მოქმედების პრეპარატებია. დეპრესიული ფონის არსებობისას კლინიკურ სურათში იყენებენ ანტიდეპრესანტებსაც. მკურნალობის არარეკომენდირებული მეთოდებიდან ყველაზე გავრცელებულია ელექტრო-კრუნჩხვითი თერაპია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზურაბაშვილი ა., კლინიკური ფსიქიატრია
  • ნაკაშიძე ე., ყუბანეიშვილი ი., ფსიქიატრია, 1955;
  • ნანეიშვილი გ., ფსიქიატრიის მოკლე კურსი, თბ., 2006.