ერელაანთ საყდარი
ერელაანთ საყდარი — V-VI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ახმეტიდან 4 კმ-ში, თიანეთის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს. აგებულია რიყის ქვით, შირიმით, ფასადების და კედლების შიგა პირისთვის კი გამოყენებულია კირქვის ფილები.
გეგმით მარტივ, თავისუფალი ჯვრის ფორმის ეკლესიას სამხრეთი და ჩრდილოეთი მკვლავების აღმოსავლეთ კედლებში 2 დამატებითი აფსიდა აქვს, გუმბათქვეშა კვადრატი გუმბათის წრეზე ტრომპების მეშვეობით გადადის. გუმბათის ყელი 8-წახნაგაა, აქვს 4 სარკმელი, შესასვლელი ერთია, სამხრეთიდან დეკორი მარტივია. ეკლესია შიგნიდან შელესილი და მოხატული ყოფილა, შემორჩენილია XVII საუკუნის მოხატულობის მოზრდილი ფრაგმენტები. ეკლესია ძლიერ იყო დაზიანებული.
1969 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია (არქიტ. ოთარ თორთლაძე). ჩამოქცეული გუმბათი და დასავლეთი მკლავი აღდგენილია. ეკლესიას გარს ევლებოდა რიყის ქვით ნაგები გალავანი (დიდი ნაწილი აღდგენილია). ეკლესიასა და ეზოში გამოვლენილია განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ორმოსამარხები და ქვისსამარხები, რომლებშიც აღმოჩენილია ბრინჯაოს საყურე, თეთრკეციანი და მოჩალისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები.
ერელაანთ საყდარს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- გვერდწითელი რ., ჯორბენაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 42-43.
- გვერდწითელი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 181.
- XVI სამეცნიერო სესია, მიძღვნილი 1966 წლის საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი. მოკლე ანგარიშები, თბ., 1967.
- Чубинашвили Г. Н., Крестово-купольная церковь Эрелаант-Сакдари близ Ахмета, მის წგ.: Вопросы истории искусства, т.1, Тб., 1970.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6923
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-08-11.