ეპიფანე კვანტალიანი

ეპიფანე ალექსის ძე კვანტალიანი (დ. 1889, სოფ. კულაში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, — გ. 5 ოქტომბერი, 1937, თბილისი) — ქართველი ბოლშევიკი, საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოხელე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა გლეხის ოჯახში. იყო მუშა. 1906 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული (ბოლშევიკური) პარტიის წევრი. 1911-1917 წლებში რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გასახლებული კავკასიიდან. 1917 წლიდან რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა ტომსკსა და ბაქოში. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, 1918 წელს იყო კავკასიის წითელი არმიის შეიარაღების კომისარი, სამხრეთის ფრონტის მე-8 არმიის საარტილერიო მომარაგების კომისარი. 1919-1920 წლებში იატაკქვეშა პარტიულ სამუშაოებზე იყო ბაქოში. 1921 წელს იყო აზერბაიჯანის სსრ სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე, 1922 წელს — შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მთავარი სამმართველოს უფროსი და, შეთავსებით, აზერბაიჯანის სსრ იუსტიციის სახალხო კომისრის მოადგილე. 1922 წლის აპრილში დაინიშნა საქართველოს სსრ სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილედ, იმავე წლის ნოემბერში — საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის თავმჯდომარედ და ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ. 1926 წლის სექტემბერიდან იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარე და, იმავდროულად (1924 წლის აგვისტოდან), ამიერკავკასიაში გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკურო სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილე. კვანტალიანი იყო საქართველოში ანტისაბჭოთა ოპოზიციის დევნის, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის და პოლიტიკური რეპრესიების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

1926 წლის დეკემბერში უშიშროების ორგანოებში დაკავებულ თანამდებობებზე ლავრენტი ბერიამ ჩაანაცვლა, კვანტალიანი კი დაინიშნა ამიერკავკასიის სფსრ ფოსტისა და ტელეგრაფის ხელმძღვანელად (1926-1931). 1933 წლის ოქტომბრიდან იყო ამიერკავკასიის მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისარი, 1934 წლის დეკემბრიდან — ამიერკავკასიის ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარი, 1935 წლის აგვისტოდან — ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის მოადგილე. მასობრივი რეპრესიების დროს, 1937 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს და დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1956 წელს. დაჯილდოებული იყო აზერბაიჯანის სსრ წითელი დროშის (1920), საქართველოს სსრ წითელი დროშის (1923), წითელი დროშის (1924) და ამიერკავკასიის სფსრ შრომის წითელი დროშის (1932) ორდენებით, საპატიო ნიშნებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Щит и меч Советского Союза. Краткие биографии руководителей органов государственной безопасности СССР и союзных республик (декабрь 19822 - дкабрь 1991 гг.) / Тумшис М. - 2016. - ISBN 978-5-91244-161-5.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • კვანტალიანი ეპიფანე ალექსის ძე. სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო. - 2013.