ეპიფანე ბერი, ეპიფანე კონსტანტინოპოლელი (ბერძ. ᾿Επιφάνιος ὁ Μοναχός) — VIII საუკუნის II ნახევრისა და IX საუკუნის I ნახევრის ბიზანტიელი სასულიერო პირი, მწერალი. მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლში კალისტრატთა მონასტერში.

ცნობილია მისი თხზულებანი: „ღვთისმშობელ მარიამის ცხოვრება“ და „ანდრიას ცხოვრება“. მეორე თხზულება თითქმის სრულადაა მოღწეული. მასში საკმაოდ დაწვრილებით არის აღწერილი ანდრია მოციქულის მისიონერული მოღვაწეობა, სხვადასხვა ხალხებსა და ქვეყნებში მის მიერ ქრისტიანობის ქადაგება. ეპიფანეს თქმით, ის არ დაკმაყოფილდა მხოლოდ წერილობითი წყაროების (კლემენტი რომაელი, ევაგრე სიცილიელი, ეპიფანე კვიპრელი) გამოყენებით და თავად მოიარა ზოგიერთი ის ის ადგილი, სადაც ანდრია მოღვაწეობდა.

იმ ქვეყნებს და ქალაქებს შორის, რომლებიც ანდრია მოციქულმა დამოძღვრა, ეპიფანეს დასახელებული ჰყავს ქართველი ტომებიც, ქართველი ტომებიც, ხოლო მისი მისიონერული მოღვაწეობის ასპარეზად მითითებულია ქართული ქალაქები, სიმაგრეები, ქართველთა მეზობელი ტომები და ქვეყნები (იბერია, ლაზიკა, ტრაპეზუნტი, ფაზისი, აბაზგია, ალანია, ჯიქეთი და სხვ.), რომელთა დასახელება ყოველთვის არ არის ზუსტი, ამიტომ ეს ცნობები კრიტიკულად უნდა იქნეს გამოყენებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, ნაკვ. 1, თბ., 1941. — გვ. 57-59.
  • ლომოური ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
  • Krumbacher K., Geschichte der byzantinischen Literatur, Münch, 1897.