ენკენია, ენკენობა — ტაძრის კურთხევის ანუ სატფურების ქრისტიანული დღესასწაული („სატფური წმიდათა ეკლესიათაჲ რომელსა ჰრქჳან ენკენიაჲ“ — იოანე-ზოსიმეს კალენდარი). უკავშირდება რომის იმპერატორის კონსტანტინე I-ის მიერ იერუსალიმში გოლგოთაზე აგებული (თუ განახლებული) აღდგომის (ქრისტეს საფლავის) ტაძრის კურთხევას 335 წლის 13 სექტემბერს.

ტაძრის კურთხევა ანუ სატფურება დაემთხვა ტვირის I საეკლესიო კრებასა და იმპერატორ კონსტანტინეს გამეფების 30-ე წლისთავს. ეს მოვლენა საფუძვლად დაედო ენკენიას, რომელიც იმ დროსვე ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული გახდა და, გადმოცემით, 8 დღე გრძელდებოდა. მრავალი ქვეყნიდან უამრავი მლოცველი მიემართებოდა იერუსალიმისკენ. ღვთისმსახურება ამ დღეებში ისე სრულდებოდა, როგორც აღდგომას და ნათლისღებას. საქართველოში ენკენია პატარა და ნაკლებმნიშვნელოვანი დღესასწაულის (დღეობის) სახით შემორჩა ხევსურეთში, კერძოდ, არხოტში, ხოლო მის წარსულ მნიშვნელობაზე სექტემბრის ქართული ხალხური სახელწოდება — ენკენისთვეც მეტყველებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კიკნაძე ზ., შობიდან შობამდე, თბ., 1997.
  • კლარჯული მრავალთავი, თ. მგალობლიშვილის გამოც., თბ., 1991.
  • ოსიაური ა., ქართული ხალხური დღეობების კალენდარი. ხევსურეთი (არხოტის თემი), თბ., 1988.
  • ღამბაშიძე ნ., ენკენიის ხევსურული დღესასწაული, «კლიო» (საისტორიო ალმანახი), თბ., 2000.