ენდოპლაზმური ბადე
ენდოპლაზმური ბადე — ნებისმიერი ეუკარიოტული უჯრედის შემადგენელი ორგანოიდი. მისი დანახვა მხოლოდ ელექტრული მიკროსკოპითაა შესაძლებელი. იგი ერთმანეთთან დაკავშირებული მემბრანით შემოსაზღვრული მილაკებისა და ღრუების სისტემაა.
არჩევენ ენდოპლაზმური ბადის ორ სახეს: გლუვსა და მარცვლოვანს. მარცვლოვანი ენდოპლაზმური ბადის მემბრანებზე რიბოსომები არიან განლაგებულნი, რაც მათ ხორკლიან შეხედულებას აძლევს. მარცვლოვანი ენდოპლაზმური ბადის ძირითადი ფუნქციაა ცილების სინთეზი. გლუვი ენდოპლაზმური ბადის ზედაპირი გლუვია და იგი მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ცხიმების წარმოქმნაში.
გლუვი ენდოპლაზმური ბადის მემბრანებში ჩაშენებული ფერმენტები ასინთეზებენ სხვადასხვა ფოსფოლიპიდს, ცხიმოვან მჟავებს, სტეროიდებს, მონაწილეობენ ნახშირწყლების გარდაქმნაში.
ღვიძლის გლუვი ენდოპლაზმური ბადე შეიცავს დეტოკსიკაციურ ფერმენტებს, რომლებიც აუვნებლებენ როგორც უჯრედში ქიმიური გარდაქმნის დროს წარმოქმნილ ტოქსიკურ ნივთიერებებს, ასევე მედიკამენტებსა და სხვადასხვა ეგზოტოქსინებს.
ენდოპლაზმური ბადის ფერმენტები ტოქსიკურ ნივთიერებებს ჰიდროფილურ ფერმენტებად გარდაქმნიან. ისინი წყალში აბსოლუტურად ხსნადი ხდებიან და თირკმელებით ავდილად გამოიდევნებიან.
გლუვი ენდოპლაზმური ბადე გადამწყვეთ როლს თამაშობს კალციუმის უჯრედშიდა ნორმალური კონცენტრაციის შენარჩუნებაში. ეს მეტად მნიშვნელოვანია უჯრედის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, რადგან კალციუმი გავლენას ახდენს ფერმენტების აქტივობაზე, კუნთის შეკუმშვაზე, ანტიგენების მოქმედებაზე და სხვა პროცესებზე. გლუვი ენდოპლაზმური ბადე კალციუმის ძირითადი ძირითადი საცავია. "ზედმეტი" კალციუმი გლუვ ენდოპლაზმურ ბადეში იხსნება, დეპონირდება. კალციუმი ამ დეპოდან მუდმივად ციტ დიფუზიით ციტოზოლში გადადის. მისი უკან გადატვირთვა კონცენტრაციული გრადიენტის საწინააღმდეგო მიმართულებით ჩაშენებული Ca++-ატფ-აზით ხდება. ეს ფერმენტი გლუვი ენდოპლაზმური ბადის მთელი მემბრანული ცილების 90%-ს შეადგენს.
ხორკლიანი ენდოპლაზმური ბადე რიბოსომებითაა დაფარული, თუმცა, ისინი ძლიერ, სტაბილურ კავშირს არ წარმოქმნიან. რიბოსომა ბადეს მხოლოდ მაშინ უერთდება, როდესაც ის სეკრეციისთვის ან სხვადასხვა ორგანოიდების მემბრანებში ჩასანერგად განკუთვნილი ცილის სინთეზს აწარმოებს. ასე რომ, ხორკლიანი ენდოპლაზმური ბადის ძირითადი ფუნქცია ცილის სინთეზია.